მთიულური ხინკლის მომზადება ქალაქში
მარსაგა პაპა ამბობდა : ნამდვილი მთიულური ხინკალი მთიულეთის ჰაერზე უნდა მოიხარშოსო. გინდ ხინკალი ქალაქ მოგიხარშია და გინდ ბალღი მანქანის უკანა სავარძელზე გაგიკეთებიაო.
მთიულური ხინკლის ინგრედიენტები ფარშისთვის:
- წყალი – გასათხელებლად, სასურველია მთიულეთიდან
- ძირა – მთიულური გემოვნებით
- წითელი წიწაკა, დაფქული
- მარილი
- ხახვი – 3 თავი. ხახვი ქართული ჯობია, წითელი
- შერეული ფარში – 1 კგ
მთიულური ხინკლის ინგრედიენტები ცომისათვის :
- მარილი
- წყალი – 500 მლ
- ფქვილი – 1 კგ , გირჩევთ ტრადიციული ცეხვილი ფქვილით მოშინჯოთ
მთიულური ხინკლის მომზადების წესები
სახინკლე ფქვილს დავამატოთ მარილი, დავასხათ წყალი და მოვზილოთ . ცომი რომ შეიკვრება, გადმოვიტანოთ მაგიდაზე და ხელის გულებით დიდხანს ვზილოთ სანამ კარგი მკვრივი, ელასტიური მასა არ გახდება. ცომი დავასვენოთ ნახევარი საათი და ამასობაში მოვამზადოთ ფარში.
ხინკლის ფარშს დავამატოთ მარილი, წიწაკა, გატარებული ხახვი, ცოტა ძირა და გავათხელოთ წყლით, მაგრამ ძალიან წყალწყალასაც ნუ გავაკეთებთ.
ხინკლის ცომი გავაბრტყელოთ ნახევარ სანტიმეტრზე, ამოვჭრათ რგოლები, რომელსაც კიდევ გავაბრტყელებთ თხლად. ან შეგვიძლია პირდაპირ ძალიან თხლად გავაბრტყელოთ ცომი და უფრო დიდი რგოლები ამოვჭრათ.
ხინკლის ცომის შუაში დავდოთ თითო კოვზი ფარში, ცომს მოვუკრათ თავი, ისე რომ თანაბარი ნაოჭები გამოგვივიდეს. გადავიტანოთ მზა ხინკლები ფქვილიან დაფაზე. ეს პროცესი სწრაფად უნდა გავაკეთოთ, რათა ფარშის წვენმა ცომი ძალიან არ დაასველოს და ხინკალი არ გაიხსნას.
კეთებისას, ხინკლის ფარშს პერიოდულად ვურიოთ, რომ ხორცი და წვენი თანაბრად განაწილდეს. პარალელურად , ცეცხლზე წყალი უნდა დუღდეს.
ჩავამატოთ წყალს მარილი, ჩავყაროთ ხინკლები, ხის კოვზით ფრთხილად მოვურიოთ რომ არ მიეკრას და დაველოდოთ წამოდუღებას. მოხარშული ხინკალი წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება და გაიბურთება.
ხინკალი ამოვიღოთ ქაფქირით, მოვაფრქვიოთ პილპილი და ისე მივირთვათ წვენი არ დაგვეღვაროს.