„მაკდონალდსმა“ აფხაზეთი ცნო

„მაკდონალდსმა“ აფხაზეთი ცნო – ქვეყნების ჩამონათვალში აქვს. წესით, ამას დიდი საპროტესტო აქციები უნდა მოჰყოლოდა თბილისურ „მაკდონალდსებთან“. აქციები თუ არა, კარების აჭედვები თუ არა, საზოგადოების რაღაც ნაწილს მაინც უნდა გამოეცხადებინა, რომ პროტესტის ნიშნად აღარ შევა და აღარ გაამდიდრებს „მაკდონალდს“… მაგრამ ეს ხომ ის ქვეყანაა, საიდანაც სოჭის ოლიმპიადაზე უკანმოუხედავად გარბიან?

მოკლედ, ჩვენ უარს არ ვამბობთ ვჭამოთ „მაკდონალდსი“, სამაგიეროდ, აი, გამოხტა ვიღაც უცხოელი და მოგვახალა, – ხინკალს აღარ შევჭამო! დიახ, ქართულმა „ფორბსმა“ უცხოელი ჟურალისტის – უილიამ დანბარის სტატია გამოაქვეყნა სათაურით: „რატომ აღარ შევჭამ ხინკალს აღარასოდეს?- ქართული კერძების სავალალო მდგომარეობა“.

ვიდრე საფუძვლიან პასუხს გავცემ ამ ბატონ თუ ვაჟბატონ ჟურნალისტს, მინდა, ერთი რამ ვუთხრა, –  ხინკალს ნაოჭები ნამდვილად არ გაუსწორდება, თუ იგი არ მიირთმევს.

ვინაა ეს უილიამ დანბარი? ამ სტატიიდანვე ეტყობა, რომ მას, ნიჭის თვალსაზრისით, არაფერი აკავშირებს გენიალურ შოტლანდიელ პოეტ უილიამ დანბართან (1460-1520 წწ.). დიახ, მას უყვარს თავისი სტატიების ასე დაწყება: „ვშიშობ, ცუდი ამბავი მაქვს. არ ინერვიულოთ, ტრაგიკული არაფერია, თუმცა იმედი, შეიძლება, გაგიცრუვდეთ“. მინდა, სწორედ ამ სიტყვებით მივმართო მას და ვუთხრა, რომ მეც ცუდი ამბავი მაქვს მისთვის, მეც ვურჩევ, არ ინერვიულოს, ტრაგიკული არაფერია ამაში, მაგრამ იმედი შეიძლება გაუცრუვდეს, – თქვენ წერა არ იცით. სამწუხაროდ… თქვენ, რა თქმა უნდა, არ დამეთანხმებით, შეიცხადებთ კიდეც –  შეიცხადებთ, აბა, რა იქნება? აგერ ქართული „ფორბსი“ ბეჭდავს თქვენს ნაწერებს, როგორც გავარკვიე, „ტაბულაც“ გბეჭდავთ „სულელი უცხოელის“ ფსევდონიმით, მანამდე რუსულ ტელაერხსაც წარმოადგენდით(!) საქართველოში, მაგრამ წერა მაინც არ იცით და მხოლოდ ის ფაქტი, რომ საქართველოში ასე წარმატებით იბეჭდებით, არაფერს ნიშნავს – აქ ათას სისულელეს ბეჭდავენ. დიახ, აქ, ქართულ „ფორბსში“ და ქართულ ჟურნალ-გაზეთებში თუ დაბეჭდავენ თქვენს პასკვილებს, თორემ თქვენც კარგად იცით, რომ წამყვანი დასავლური გაზეთები ამ თქვენს ბოღმით სავსე ნაკვესებზე ადგილს არ მოაცდენენ.

თქვენ არც წერა გეხერხებათ და არც იმას ცდილობთ, რომ თქვენი მოსაზრებები რამით დაასაბუთოთ. თქვენ, უბრალოდ, ცამოწმენდილზე აბრახუნებთ – რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ და ამ ყველაფერს თქვენს ზედაპირულ ანალიზში ხვევთ, თქვენი წარმოდგენები არაფრით განსხვავდება ამ ქვეყანაში 2 დღით ჩამოსული ტურისტის სტერეოტიპული წარმოდგენებისგან.

ხინკალზე სულ ტყუილად ხართ გაბრაზებული. ხინკალი ვერ გიშველიდათ და ვერც ახლა გიშველით, ყოველდღე რომც ჭამოთ. იცით, რატომ? არ ვიცი, თქვენს ყურამდე მოაღწია თუ არა ამ ამბავმა, მაგრამ ჩვენ, სტუმართმოყვარე ქართველებს, ლამაზი მთებისა და კარგი საჭმელების გარდა, ლიტერატურაც გვაქვს, ასე, მინიმუმ, 16-საუკუნოვანი. კი ვიცი, თქვენ ფრიად ნერვებს გიშლით, როდესაც ჩვენ საუკუნეებზე ვაპელირებთ, მაგრამ რას ვიზამთ – გვყავდა და დღესაც გვყავს მწერლები, არცთუ ურიგო, ჰოდა სწორედ ერთმა ასეთმა არცთუ ურიგო მწერალმა, გურამ დოჩანაშვილმა, აღმოაჩინა კანონი – დეტალურად აღწერა, როგორ გშია, როგორ მიდიხარ სახინკლეში, როგორ მიირთმევ ხინკალს, როგორ ძღები და უკვე დამძიმებული, მოფომფლოვებული, მთვლემარე როგორ იგრძნობ „რომ ისევ ის ბითური ხარ, რაც მანამდე, ხინკლის ჭამამდე იყავი“.

ასეა, ხინკალი სასწაულმოქმედი არაა, რაც არ უნდა 19-ნაოჭიანი იყოს და თუ რამეს ელოდით ხინკლის ხშირი ჭამისგან, ტყუილად ელოდით და ახლაც ტყუილად აყრით ბოღმას პილპილად. ნუ დაემსგავსებით საჭურის აღა-მაჰმად ხანს, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ თბილისური აბანოები უშველიდა და რომ ვერ უშველა, მისდგა და მიწასთან გაასწორა ისინი…

ტენდენციურობაში რომ არ დამდოთ ბრალი, სტრიქონ-სტრიქონ გაგცემთ პასუხს.

ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ერთხელ მაინც ყოფილა საქართველოში, იცის, რომ აქ კარგი საჭმელია, ხალხი სტუმართმოყვარეა, მთები _ ლამაზი და საჭმელიც _ გემრიელი. ეს აქსიომად ჩამოყალიბდა. ჰოდა, ქართველებიც ზედმეტად დარწმუნებულნი არიან ამაში და ქვეყანაც სავსეა ქართული რესტორნებით, რომლებიც, თავის მხრივ, ქართველი ხალხით არის სავსე“, – წერთ თქვენ. უფრო სწორად, თან ჭრით, თან კერავთ. თავადვე ამბობთ, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა, იცის, რომ აქ კარგი საჭმელიაო და იქვე საწინააღმდეგოს ამბობთ, – ქართველებიც ზედმეტად დარწმუნებულნი არიანო. თუკი ყველამ, ვინც ერთხელ ყოფილა, ეს იცის – ესე იგი, ეს ასეა, ქართველებს კარგი საჭმელი გვაქვს და ზედმეტი დარწმუნება რაღა შუაშია? რა გაღიზიანებთ, ქვეყანა ქართული რესტორნებით რომაა სავსე? თუ ეს რესტორნები ქართველებით რომაა სავსე? თუ იმას უსვამთ ხაზს, რომ ამ ქართულ რესტორნებში მარტო ქართველები დადიან? არა, თქვენ უგულობას სხვა მიზეზი ჰქონია, მერე რა, რომ აბდაუბდა?

ჩემს უგულობას მიზეზი აქვს: მე ვარ ადამიანი, რომელსაც წლების განმავლობაში ძალიან ბევრჯერ გაუცრუვდა იმედი და ვსვამ კითხვას, – იქნებ, ეს ყველაფერი ტყუილია? იქნებ, ქართული საჭმელი სინამდვილეში ძალიან მოსაბეზრებელია და ჩვენ, უბრალოდ, ისე გავისიგრძეგანეთ ქართული საჭმლის განსაკუთრებულობის იდეა, რომ მართლაც ვიწამეთ მისი?

ვარიანტი რამდენიმეა, ან თქვენ, უბრალოდ, არ მოგწონთ ქართული სამზარეულო და მართლაც გაუგებარია, რას იტანჯავთ თავს, რატომ ჭამთ ან ხაჭაპურს, ან ხინკალს, შედით სხვა რესტორნებში და მიირთვით რაც გნებავთ; ან სხვა ვარიანტია – რესტორნებმა გაგიცრუეს იმედი. არასწორად შერჩეულმა რესტორნებმა. დიახ, ბატონო დანბარ, თავს ნამდვილად ვერ დავდებ ყველა ქართული რესტორნის კეთილსინდისიერებაზე, ხარისხზე, მომსახურების დონეზე, მაგრამ ამ ლანძღვას არ სჯობდა, გაგერკვიათ და მიგეგნოთ წესიერი რესტორნისთვის, სადაც იმედებს არ გაგიცრუებენ? ასე ბრმად თუ შეაბოტე, ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება აღმოჩნდე უვარგის რესტორანში და, უბრალოდ, იმედები კი არ გაიცრუო, კუჭიც გაიხეთქო.

და საერთოდ, რამდენად საფუძვლიანად გეჩვენებათ, ქართული სამზარეულოს ავკარგი რესტორნების მიხედვით განსაჯოთ? დავიჯერო, ამ სტუმართმოყვარე ქვეყანაში შინ არავინ არ დაგპატიჟათ? თუ „ფორბსის“ და თქვენი ინტერესი ქართულ რესტორნებზე დარტყმა იყო Wendy’s – ის სასარგებლოდ? აკი ამბობთ კიდეც, მობეზრდება ხალხს ქართული სამზარეულო და Wendy’s-ში გადავლენო? კიდევ ერთი კითხვა მაქვს, – ლოგიკაზეც ისევე გაბრაზებული ხართ, როგორც ხინკალზე? რომ არ მოსწონებოდა, ვინმე გაისიგრძეგანებდა ქართული საჭმლის განსაკუთრებულობის იდეას? კი გამუნათებთ, მოსაზრებებს არ ასაბუთებთ-მეთქი, მაგრამ ისეთ დასაბუთებას, როგორც თქვენ ასაბუთებთ, ვინძლო, სჯობდა, საერთოდ არ დაგესაბუთებინათ. თქვენი მტკიცებით, ქართველები ზედმეტად გავუნებივრებივართ კომპლიმენტებით სამზარეულოს მიმართ. მთელი საიდუმლო კი ის ყოფილა, რომ: „200 წლის განმავლობაში ქართული სამზარეულო რუსულ სამზარეულოს უწევდა მეტოქეობას და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რუსული სამზარეულოს ამბავი. საბჭოთა კავშირის დროს გამხმარი ხაჭაპურიც კი მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა ხორციანი ჟელეს კატასტროფასთან შედარებით, სახელად ხალადეცი“. და ის ფაქტი, რომ ქართველები ეროვნული სალათების მომზადებისას მაიონეზს არ იყენებდნენ, ალბათ, საბჭოთა ჩაგვრისგან სულის მოთქმას ჰგავდა“.

გისვამთ კითხვას, – რა შუაშია ან 200 წელი, ან რუსული სამზარეულო, როდესაც დღეს ადამიანი ჩამოდის საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და იხიბლება ქართული სამზარეულოთი? ვეჭვობ, თქვენი ცოდნა ისეთივე ზედაპირულია რუსული სამზარეულოს შესახებ, როგორც ქართულის შესახებ, მეტიც, ვგონებ, არც ფრანგულ სამზარეულოს იცნობთ საერთოდ, თორემ მაიონეზს საბჭოეთის სიმბოლოდ არ გამოიყვანდით.

თქვენ წერთ: უცხოელი სტუმრები საქართველოში მოსკოვის გავლით ჩამოდიან, ვიტამინ C-ზე დახარბებულები და ღორის ქონითა და არყით დაბეჩავებულები. მათ, ვინც გაყინულ ჩრდილოეთში, კვირების განმავლობაში, უშედეგოდ ეძებდა არამჟავე კიტრს, ქართული სამზარეულო ნამდვილ აღთქმულ მიწად ეჩვენებოდათ და, შესაბამისად, გულწრფელად ეუბნებოდნენ თავიანთ მასპინძლებს: თქვენი საჭმელი ძალიან გემრიელია, გაცილებით უკეთესი, ვიდრე რუსეთშიმაგრამ გქონდეს უკეთესი საკვებივიდრე რუსულია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი უმაგრესია, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ იგი რუსულ საჭმელზე უკეთესია“.

მართლა ვერ გავიგე, უბრალოდ, გრამატიკაზეც ნაწყენი ხართ, თუ, უბრალოდ, დროები გერევათ? ჯერ აწმყოში საუბრობთ, მოსკოვის გავლით ჩამოდიანო და მერე წარსულში გადადიხართ, ეჩვენებოდათ, ეუბნებოდნენო. ასე რომ, ვერ გავიგე, რას ამბობთ, დღეს ჩამოდიან უცხოელები მოსკოვის გავლით? თქვენ რუსულ ტელეარხს წარმოადგენდით და მოსკოვის გავლით მოხვდით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა უცხოელი მოსკოვის გავლით ჩამოდის აქ, ბატონო დანბარ. თუ წარსულზე საუბრობთ და აგერ 20 წელიწადზე მეტია, პირდაპირ ჩამოდიან უცხოეთიდან, არ აქვთ ეგ გზა გამოვლილი, რატომ მოსწონდათ ქართული სამზარეულო და რატომ თქვენამდე არ დაიმსხვრა მითი ქართულ სამზარეულოზე? თუ ეს თქვენ გხვდათ წილად – ამცნოთ კაცობრიობას სიმართლე ქართულ სამზარეულოზე? მძიმე ხომ არაა მონომახის ქუდი?

მეტწილად, ქართული კერძები მარტივია (ამას ვამბობ მე, ადამიანი ინგლისიდან, აგრეთვე მარტივი სამზარეულოს“ ქვეყნიდან) და მოდი, თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, არჩევანი წარმოუდგენლად შეზღუდულია. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე ხაჭაპურის წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ, მე არ მინდა მისი ყოველდღიურად ჭამა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ამ გაღმერთებული ყველის ღვეზლის შემთხვევაში, ერთადერთი ამაღელვებელი სიახლე შეიძლება იყოს ის, რომ ყველს მის ზედაპირსაც დაურთავენ, ან (ჩშშშშ!..) შიგთავსს კარტოფილს დაამატებენ. ამ დროს, ცხადია, რამე სხვას გაუსინჯო გემო. ხინკალიცომში გახვეული ხორცი – განა რამე ისეთია, რაზეც ინგლისში ვინმეს მოვუყვები?

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს კარგი კერძები არ გააჩნია. მიყვარს საცივი, ნაკლებად ცხიმიანი აჯაფსანდალი და ცხარე ხარჩო. ჩიხირთმა მშვენიერი წვნიანია და კარგი გულიანი ჩანახიც საუცხოოა ზამთრის ღამეს. აი, ვწერ და ჩემი მუცელიც ხმებს გამოსცემს. თუმცა ფაქტია, რომ იმ ადგილების ჩამოსათვლელად, სადაც ამ კერძებს გემრიელად მიირთმევ, ერთი ხელის თითებიც საკმარისია. და ჩვენც წყალწყალა ლობიოსა და მლაშე ტყემლის ოკეანეში ვიძირებით“, –  თქვენ, უბრალოდ, თავხედი ხართ, სერ. არ იცნობთ არათუ ქართულ სამზარეულოს, საერთოდ საკითხს; რამდენჯერმე ხართ ნასადილევი (არ მინდა გითხრათ, გამძღარი) ქართულ რესტორანში და ეს საკმარისად მიგაჩნიათ იმისთვის, რომ დასკვნები გამოიტანოთ და შეურაცხყოფა მიაყენოთ ეროვნულ სამზარეულოს! როგორც გატყობთ, სულ რამდენიმე კერძი გაქვთ მირთმეული და იმის მიხედვით ციცერონობთ, ურთულეს სამზარეულოს – მარტივად ნათლავთ და ისიც არ იცით, რომ ეგ ქართული სამზარეულო ნაკრებია სხვადასხვა სამზარეულოსი, რომ საქართველოს ყველა კუთხეს თავისი სამზარეულო აქვს – ხშირ შემთხვევაში, რადიკალურად განსხვავებული. რა ვქნა, დავდგე ახლა და ყველა კერძი ჩამოგითვალოთ? თუ დავდგე და აგიხსნათ, რომ ისპანახი, რომელსაც ევროპა მე-15 საუკუნიდან იცნობს, საქართველოში მე-12 საუკუნიდან მიირთმევენ და მისგან მრავალნაირი კერძი მზადდება? ინდოეთიდან წამოსულმა ბადრიჯანმა, თქვენთან, ევროპაში რომ მე-16 საუკუნეში ძლივს მოაღწია, ჩვენ უკვე მე-12 საუკუნიდან მივირთმევდით? (რა ამის პასუხია და ნიგვზიანი ბადრიჯანი მაინც არავინ გაჭამათ? და მარტივად მოსამზადებლად გეჩვენებათ?:))…) თუ დავდგე და ის გიმტკიცოთ, რომ არსად იმდენ და იმდენნაირ მწვანილს არ მოიხმარენ, როგორც ქართულ სამზარეულოში, როგორც ცოცხლად, ისე კერძებში _ ნედლად და სუნელების სახით?  გადაშალეთ და წაიკითხეთ რუსუდან გორგილაძის შესანიშნავი წიგნი „კერძთაყვანისმემა“ და, იქნებ, მერე მაინც აღმოაჩინოთ, რომ თქვენ მიერ გალანძღული ხინკალი, რომელზეც, თურმე, ვერავის მოუყვებით ინგლისში, მთელ მსოფლიოშია მოდებული – ხინკალს ენათესავება შუააზიური მანტი. მანტს ნათესაობა მთელ მსოფლიოში ჰყავს – ტაჯიკური და ავღანური ხუსანი და მანდუ, თურქული თათარ-ბერეკი, სლავური ვარენიკები, ციმბირული პელმენი, ჩინური ვოტონი და ბაოზი, გუიტიე, იაპონური იაკიმანუ, მონღოლური ბუუზი, ებრაული კრეპჩალი, მანტს ნათესავები ევროპაშიც ჰყავს – იტალიელი რავიოლი, ტორტელინი და გერმანელი მაულთაშე. მანტის ნათესავია – განთქმული ქართული ხინკალი – მრავალნაირი ვარიაციით.

საქართველოში რომ გაზრდილიყავით, ვიფიქრებდი, რომ მძიმე ბავშვობა გქონდათ და ძალით გაჭმევდნენ ხაჭაპურს, ხინკალს, მაგრამ საქართველოში არ გაზრდილხართ, და ძალიან საინტერესოა, აქ ჩამოსული ასეთი ვის ხელში აღმოჩნდით – პირში ძალით რომ გტენიდნენ ხაჭაპურს, თან სულ ერთსა და იმავეს? ხეირიანი ქართული რესტორნების მისამართები თუ არ იცით, ის მაინც არ იცით, რომ ეროვნული სამზარეულო ეროვნული იდენტობის გამოხატვისა და შენახვა-გადაცემის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა და ასე ხელაღებით მასზე საუბარი და ლანძღვა ამ ერის ლანძღვაა?

„მე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე საკმარისი ხინკალი უკვე მივირთვი და, აგრეთვე, ბოსტნეულით სხვა უამრავ რამესაც მოამზადებ, გარდა ფხლისა. აი, ღვინოზე კი გადაკრული სიტყვა არ დამცდება…“ – თუ თქვენ ობიექტური ხართ, ამ ქვეყანაში თუ წყალწყალა ლობიოა და მლაშე ტყემალი, დავიჯერო, ერთხელ მაინც არ დაგალევინეს წყალწყალა ღვინო?

თუ ასე გძულდათ ეს ხინკალი, ან აქამდე რას ჭამდით და ან ახლა რა ტვინი შეჭამეთ, – არ შევჭამო? აკრიტიკეთ, ბატონო, ქართული რესტორნები, მომსახურებაც, ხარისხიც, მაგრამ ამ რესტორნებიდან გამომდინარე რატომ მსჯელობთ საერთოდ ეროვნულ სამზარეულოზე? კიდევ ერთხელ გეკითხებით, შინ არავინ გიმასპინძლათ? თუმცა ისეთი უმადური და ღრძო ენის პატრონი ჩანხართ, არც გამიკვირდება შინ რომ არავის შეეშვით.

დაბოლოს, მაინტერესებს, რა ამოძრავებს ქართულ „ფორბსს“, რა არის მისი ამოცანა, – ქართული სამზარეულოს დისკრედიტაცია? იმედს ვიტოვებ, რომ ამ უნიჭო პასკვილს ასეთი შორს მიმავალი მიზნები არ აქვს და არც ქართული „ფორბსის“ ლიცენზიის არაქართველი მფლობელის გენერალურ ინტერესებში შედის.

წყარო: https://rezoshatakishvili.wordpress.com/2014/01/28/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%91%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9a/