ოცდაათი წლისწინანდელ თბილისში მრავლად იყო სახინკლეები (ხინკალი – უგემრიელესი ქართული კერძი, პატარა ცომის ტომარა, რომლის გულსართი ღორისა და საქონლის ხორცის ნარევისგან შედგება), სადაც უსკამებო, მრგვალი ფორმის მაგიდებთან მართლაც საოცნებო ხინკალს უფროსი თაობა ლუდს და არაყს, შედარებით უმცროსი კი, ლიმონათს აყოლებდა.
ხინკალი დღესაც რჩება კაფე-რესტორნების მენიუს ძირითად აკორდად, თუმცა ვიტრინებდაორთქლილი სახინკლეების თბილისური ტრადიცია მოიშალა. წარმოშობით ფშავურ ხინკალს, რომელსაც რამდენიმე საუკუნის წინ დაკეპილი ცხვრის ხორცით ამზადებდნენ, ახლა ე.წ. ქალაქური წესით დამზადებული ხინკალი ჩაენაცვლა (ხორცს აღარ კეპავენ, მას უბრალოდ ატარებენ და მწვანილს უმეტებენ) და თუ თბილისის სტუმარი ბრძანდებით, საქართველო ისე არ დატოვოთ, ეს კერძი დაუგემოვნებელი რომ დაგრჩეთ. მით უფრო, თუ საქართველოს მთიან რეგიონებში გიწევთ მოგზაურობა, აუცილებლად დაუკვეთეთ ხინკალი, ცხლად მიირთვით ბლომად წიწაკამოყრილი და ტონუსისათვის ცოტაოდენი ალკოჰოლიც დააყოლეთ. ხინკლის კალორიულობა მცირე დოზით მიღებულ სასმელს ანეიტრალებს და მთელი დღის სამყოფი ენერგიით გავსებთ. თუ საქართველოს ულამაზეს მხარეში – ხევსურეთში მოხვდებით, იქ ყველის ხინკალს – ღირღუჭელას გაგასინჯებენ. მისი საგემოვნო თვისებები არაფრით ჩამორჩება ხორციანს.
მიუხედავად საქართველოს ევროპულ ფასეულებებზე და ხშირად იქაურ მენიუზე ორიენტირისა, ხინკლის კულტს დაჩრდილვა არ ემუქრება – ის მეგობრობასთან და ერთობასთან ასოცირდება, მისი მომზადება და კოლექტიური მირთმევა კი პოზიტიურ განწყობასთანაა პარალელში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: თუ ხინკალს პირველად მიირთმევთ, ეცადეთ ეს დანა-ჩანგლის გარეშე მოახერხოთ. ამ შემთხვევაში ის ხელს შეგიშლით. ხინკლის ჭამა ხელითაა უპრიანი, რადგან ხორციანი შიგთავსის გარდა, მასში არომატული წვენია, რომელიც თეფშზე კი არა, თქვენს კუჭში უნდა ჩაიღვაროს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიხვდებით, რომ საქმე კულინარიით განცდილ ჭეშმარიტ სიამოვნებასთან გაქვთ.