ხინკლის ჭამაც ხელოვნებაა, მომზადებაზე არაფერს ვამბობთ

ხინკალი – ესაა ხორბლის ფქვილით გაკეთებულ თხელ ცომში გახვეული ხორცის და გემოვნებით შერეული ინგრედიენტების მოხარშვის პროდუქტი. მე ვერ წარმომიდგენია ადამიანი საქართველოში, ვისაც ხინკალი არ ექნება ნაჭამი. ასე რომ ბევრ ბლა-ბლა-ბლას არ დავიწყებ, პირდაპირ გაგაცნობთ ჩემი დაკვირვების შედეგებს. ჭამა ყველას უყვარს, მით უმეტეს თუ საჭმელი მხიარული და გემრიელია. სწორედ ასეთია ხინკალი. თუკი მეგობრების წრეში აპირებთ ხინკლის მირთმევას, მიაქციეთ ყურადღება მათ სახეებს. მაშ ასე.

სტადია 1 – მშივრები. ხშირად გამოყენებადი ფრაზები: აუფ, აუფ, იცი რა ხინკალია აქა? ყველაზე კარგია.. არა, რა გვერდით, ამათი ჯობია. შესაძლოა იყოს მცირედ კრიტიკული ფრაზებიც: ხომ არ გააფუჭეს? გვიან მოაქვთ? მაგრამ საერთო ჯამში ყველა კმაყოფილია და ელოდება საკვებს.
სტადია 2 – იგვიანებს. ისე როგორ მოხდება, რომ არ დაიგვინაოს ხინკლის მოტანამ, ჰო? ჰოდა აი აქ იწყება მთავარი. 5 წუთის წინ რომ ამბობდა ყველაზე კარგი ხინკალიაო, იმას ნელა-ნელა ეპარება ეჭვი: ბიჯო და, არ მოქონდათ ხოლმე ასე გვიან. რა დაემართათ ნეტა? იქვე ჩნდება პროვოკატორიც: ესაა შენი კარგი სახინკლე? ხომ გითხარით გვერდით შევიდეთ თქო? (გეგონება გვერდით არ დაიგვიანებს). უკმაყოფილების გამოხატვის მერე სავარაუდოდ რომელიმე შემოაგდებთ თემას: გუშინ გაცნობილი გოგო ან ძმაკაცის მანქანის ამბები, რომელიც მანამდე გაგრძელდება, სანამ უკმაყოფილების ახალი ტალღა არ დაიწყება ან ხინკალს არ მოიტანენ. მთელი მეორე სტადიის მანძილზე არ წყდება იმ ლუდის სმა, რომელიც ხინკალზე ადრე მოაქვთ და რომელიც სავარაუდოდ შეუკვეთეთ.
სტადია 3 – მოიტანეს. მიაქციეთ ყურადღება ხინკლის მჭამელთა სახეებს. როგორი სიმშვიდე, ნეტარება და სათნოებაა მათ თვალ-ღაწვზე. ნირვანის მიღწევამდე სულ 1 ნაბიჯია. აუცილებლად გადაუხდიან მადლობას მიმტანს, რომელსაც პირდებოდნენ, რომ უნდა ვეჩხუბოთ სადაა აქამდეო და საქმიანად შეუდგებიან პილპილის მოყრას და იმის დაცინვას, ვინც პილპილმოყრილს არ ჭამს.
სტადია 4 – ჭამა. სიჩუმე. მხოლოდ ნეტარების ბგერები ისმის პირველი 3 ხინკლის შეჭმის დროს. სახინკლეს მეპატრონის საყურადღებოდ: თუ ნეტარების ხმები 1 ხინკლის მერე აღარ ისმის, სასწრაფოდ მიაქციეთ ყურადღება ხინკლის ხარისხს და მეხინკლის პატიოსნებას. მე-3-ე ხინკლის მერე კი იწყება აზრების გაცვლა. საჭირო ფრაზები: აუფ, აქაც გაუფუჭებიათ. არა რა, ხინკალზე მაგარი არაფერია. ერთი ეგ სალფეტკი მომაწოდე. რა არის, რამდენი პილპილი დაგიყრია?! გვერდით უკეთესია თქო, ხომ გითხარით.
ქვესტადია 4.1. – ჭამის მეთოდები. ესაა მთავარი, რის გამოც პოსტის წერა დავიწყე. მაშ ასე, განვიხილოთ ხინკლის ჭამის მეთოდები.

გაუგებარია, რატომ ჭამს ადამიანი ხინკალს მთლიანად. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა ძალიან სწრაფად შეიჭამოს მაქსიმალური რაოდენობის ხინკალი. თუმცა ამის უარყოფილით მხარე ისაა, რომ ვერც გემოს იგებ და მეცელსაც იტკენ ადრე თუ გვიან. ჭამის ხერხი გამოიხატება იმაში, რომ ხინკალს კუჭში ხელი მოკიდო, მთლიანად შეიტენო პირში, კბილებით მოაწყვიტო კუჭი (ან არც მოაწყვიტოს), ხოლო პირში დარჩენილი მასა გადაყლაპო. ამ მეთოდს აქვს ალტერნატივა: პირში დარჩენილი მასა დაღეჭო და ისე გადაყლაპო. მეთოდი “მთლიანი” ვერ გახორციელდება დიდი ხინლის შემთხვევაში. თუ რა თქმა უნდა, თქვენ უფრო დიდი პირი არა გაქვთ.

ყველაზე გავრცელებული მეთოდი. ამ დროს არა მარტო ხინკლის გემოს იგებ, არამედ მის ყველა დანარჩენ თვისებას: ტემპერატურას, სირბილეს, გლუვობას და რა ვიცი კიდე რა.. გამოიყენება ყოველდღიური ან ხანგრძლივი ხინკლიჭამის დროს. ხერხი მგდომარეობს იმაში, რომ ორივე ხელით დაიჭირო ხინკალი, პირისკენ მოქცეული ადგილი მოაკბიჩო, დაღეჭო, გადაყლაპო. შემდეგ მცირედი ამოტრილებით ხინკლის წვენი შესრუპო და გააგრძელო ორივე ხელით დაჭერილი ხინკლის ცენტრის გარშემო ტრიალით შეჭმა. საკმაოდ მოთხვრადი მეთოდია, საჭიროებს ბევრ ხელსახოცს.

წინა ორი მეთოდის კომბინაციაა ფაქტიურად და ჩემი საყვარელი ხერხია. საშუალებას იძლევა სწრაფად შეიჭამოს ხინკალი და ამავე დროს გემოს გარდა გაიგო მისი ზოგიერთი თვისება. მეთოდი მდგომარეობს შემდეგში:  ცერა, საჩვენებელი და თუ საჭირო გახდა, შუა თითითაც ვკიდებთ ხინკალს კუჭში და ვატრიელებთ ისე, რომ კუჭი ქვემოთ აღმოჩნდეს. შესაბამისად, ხინკლის მთავარი ნაწილი ზემოთ ექცევა. ახლა პირისაკენ მიმართულ ნაწილის ცომს პატარა მონაკბეჩით ვხსნით, ვწრუპავთ ხინკლის წვენს, შემდეგ ასეთი პატარა მონაკბეჩებით მთლიანად ვათავისუფლებთ ხინკალში არსებულ ხორცს, რომელიც შეიძლება ან ცალკე ერთ ლუკმად შეიჭამოს, ან კუჭის მიდამოებში დარჩენილ ცომთან ერთად ჩაიკბიჩოს ერთ ან რამდენიმე ლუკმად.

სტადია 5 – მაძღრები. აი ამ სტადიის დროს მოდის ყველაზე ფილოსოფიური აზრები და იხსნება ლაპარაკის ჩაკრები. ხალხი კმაყოფილი  სახით გადაეყრდნობა სკამის ზურგს და ამბობს: იფ, იფ, იფ.. ასევე გამოყენებადი ფრაზებია: რაც კაია, კაიაა.. ძლივს თვალებიდან არ გამოვიხედეე? ხინკალი ყველაფერს ჯობია.. აუ, რამდენი ვჭამე.. სად არის კაცო დასატოვი ხინკალი?.
სტადია 6 – წასვლა. ხინკალი საკმაოდ მსუყე საკვებია, ამიტომ მისი დიდი რაოდენობით მიღების მერე ჩნდება სიმძიმის გრძნობა და ძილის სურვილი. ამის წამალია სუფთა ჰაერზე წინა სტადიის გაგრძელება. გამოყენებადი ფრაზებია: ახლა რაღა ვქნათ? ვაჰ, როგორ მეძინება.. ვყოფილიყავით ცოტაც..

წყარო: http://djguro.blogspot.com/2010/11/blog-post_28.html