იმერული ლობიო,იგივე მიწალობიო,იგივე ჭიპშავა.

.ი. ლობიო,რომელზეც დღეს უნდა მოგითხროთ,არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი პარკოსანი,ოსპზე მეტადაც კი მიყვარს.პარკოსნების სასარგებლო თვისებებზე მე არ დავიწყებ ლაპარაკს,ისედაც იცის უმეტესობამ.ამ ლობიოსთან მაკავშირებს ბავშვობის მოგონებები.ცხონებული ბებიაჩემი ისეთ გემრიელს ამზადებდა,რომ როგორც ჩვენში – ვანში იტყვიან – შემწვარ გოჭსაც დაგატოვებინებდა. 🙂 ცხონებული ,,ებრაელების ლობიოს” ეძახდა.რომ ვკითხე ასე რატომ ქვიათქო,სულ ამას ჭამენო,მიპასუხა. 🙂
ჩემს მოზარდობაში,ჩემს ოჯახში ძალიან იშვიათად ამზადებდა დედა ამ ლობიოს.ისედაც დიდი მოყვარულები არ ვიყავით ზოგადად ლობიოსი და მით უმეტეს,ამ იშვიათ ჯიშს ვინღა დაგიდევდათ,მივიწყებას მიეცა. 🙂
და მრავალი წლის მერე,უცხო მიწაზე გადასახლებულმა,უბნის ერთ პატარა ბოსტნეულის და ხილის მაღაზიაში აღმოვაჩინე პარკოსნების თაროზე ლამაზად,მორიდებულად ჩამოდებული და სიხარულით გამიბრწყინდა თვალები.მაშინვე ვიგრძენი თუ როგორ ამევსო ნერწყვით პირი,იმიტომ,რომ ბებიაჩემის მომზადებული მიწალობიოს გემო გამახსენდა.არც დავფიქრებულვარ,არც ფასი მიკითხავს(ეს ნაკლი მაქვს საერთოდ,ფასს ან საერთოდ არ ვკითხულობ რამეს ყიდვის დროს,ან როცა უკვე შეფუთულს მაწვდიან მერე ვეკითხები თუ რამდენი უწევს. :3 ), დავავლე ხელი და ვიყიდე.იმ დღესვე მოვამზადე ჩვეულებრივად,იმერულად,კვაწარახით(დედაჩემმა ჩამომიტანა და ვიზოგებ).მას შემდეგ ხშირი მუშტარი ვარ ამ ლობიოსი და ვამზადებ ხან როგორ ხან როგორ.
ამ ორი დღის წინაც გადავწყვიტე მომზადება და დამაინტერესა,თუ რა რეცეპტები მოიპოვებოდა ინტერნეტში ქართულ ენაზე.ხოდა,ჩემდა გასაოცრად ინტერნეტ სივრცეში ხსენებაც კი არ არის მიწალობიოსი,არათუ მრავალფეროვანი რეცეპტებისა.სწორედ ამან შთამაგონა ჩემს ბლოგზე განმეთავსებინა ჩემი რეცეპტებიდან ერთ-ერთი – სასარგებლო,ვიტამინებით,მცენარეული პროტეინით,მინერალებით სასვსე რეცეპტი.აქვე აღვნიშნავ,რომ ამ რეცეპტით თავისუფლად შეგიძლიათ კვებოთ ბავშვი იმ პერიოდიდან,როგორც კი პედიატრი მას დამატებით კვებაში ლობიოს,ოსპს,მუხუდოს,ბარდას დაუმატებს.რასაკვირველია ბავშვისთვის ნაკლები მარილით და აუცილებლად ერთ ნახარშ გადაღვრილი(რათა პატარა გაზებმა არ შეაწუხოს).
მაშ,ასე.ავიღოთ ნახევარი კგ,მიწალობიო.გავრეცხოთ 3-4 ჯერ,გამდინარე წყალში.მოვათავსოთ სქელძირიან ქვაბში და 3-4 თითის დადებაზე დავფაროთ წყლით.როდესაც ადუღდება,ვაცადოთ დუღილი კარგა ხანს.შევამოწმოთ ლობიოს მარცვალი,თუ კი სულ ოდნავ შერბილდა(მოხარშული არ უნდა იყოს)გადავუღვაროთ ნახარში წყალი(როგორც ზემოთ აღვნიშნე,რათა გაზებმა არ შეგვაწუხოს.ეს განსაკუთრებით მათ ეხებათ ვისაც ნაღვლის ბუშტი აწუხებს/არ აქვს,ან საერთოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აწუხებს).დავასხათ ახალი წყალი და დავდგათ ცეცხლზე.ერთი პატარა თავი ხახვი გავფრცქვნათ,გავრეცხოთ,გავჭრათ ოთხად და ჩავაგდოთ ქვაბში ლობიოსთან ერთად,ასევე დავამატოთ გარეცხილი 2-3 დაფნის ფოთოლი და ნახევარი ჩაის კოვზი ხმელი ქონდარი. 4-5 ნაჭერი დაფნის ფოთოლის ოდენა ტყლაპი ჩავყაროთ ალაგ-ალაგ ლობიოში (ან 1-2 ჩ.კ. კვაწარახი, ძმარიც შეიძლება). როდესაც უკვე ხელში ისრისება ლობიო,დავამატოთ 2 საშუალო ზომის გათლილი სტაფილო,2 ჭიპ ამოჭრილი მოზრდილი პამიდორი და ვხარშოთ სანამ ბოსტნეული მთლიანად მზად არ იქნება,ანუ სტაფილო რბილი.როდესაც უკვე მოხარშულია სტაფილო და პამიდორი,ჩავუწიოთ მინიმუმამდე ცეცხლს და ცალკე თეფშზე ამოვიღოთ ის პატარა,ოთხად გაჭრილი ხახვი,სტაფილოები და პამიდვრები.,დაველოდოთ გაგრილებას,რათა პამიდორს კანი გავაცალოთ.უკვე კანგაცლილი პამიდორი ჩავჭრათ ბლენდერის ჭურჭელში,დავაჭრათ მოხარშული სტაფილოც,ჩავაყაროთ ხახვის მეოთხედები,დავაყაროთ ნახევარი ჩ.ჭ.ნიგოზი და ერთად დავაბლენდეროთ.
ერთი საშუალო ზომის ხახვი და ერთი საშუალო ზომის კბილი ნიორი დავჭრათ წვრილად და 3-4 .კ. ზეითუნის ზეთიან ტაფაზე მოვშუშოთ,სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.როდესაც უკვე მოიშუშება ხახვი/ნიორი,ბლენდერის ჭურჭრლიდან გადმოვიღოთ ბოსტნეული და ნიგოზი,უკვე დაბლენდერებული და დაბალ ცეცხზლე ავურიოთ ხახვსა და ნიორს.წამოვადუღოთ და ჩავუშვათ მიწალობიოიან ქვაბში.კარგად ავურიოთ.კერძს კონსისტენცია უნდა ჰქონდეს საშუალო,არც თხელი და არც სქელი.როდესაც კიდევ ერთხელ წამოდუღდება ქვაბში არსებული კერძი,გამოვრთოთ ცეცხლი,შევაზავოთ მარილით და დავამატოთ წვრილად დაჭრილი 1 კონა ოხრახუში.
სუფრაზე მიტანისას,თეფშზე მოთავსებულ კერძს,მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით. 🙂