ლობიანის გამოცხობა გადავწყვიტე. რა დიდი გადაწყვეტა ამას უნდოდა?! აიღე ცომი, ჩადე ლობიო, შეუნთე ცეცხლი – მარტივი კი ჩანს. ცომი თონეში იყიდება, ლობიოს მოხარშვაც დიდი არაფერი – ქვაბი, წყალი, ლობიო, რამდენიმე საათი. სანელებლები სახლში მეგულებოდა, დროც გამოვნახე და შევუდექი. არც ისე მარტივი ყოფილა ბატონო! აქეთ ლობიო ვეღარ მოიხარშა, არადა ცომი გადმოდის, იქეთ ბავშვს მოშივდა, მიმსვლელი, მომსვლელი, ახლა პამპერსის გამოცვლის დრო, მერე ათასი სატელეფონო ზარი, მოკითხვა, მიკითხვა და ბოლობოლო კიდეც გამოცხვნენ პატარა უსახური ლობიანგები. ერთმანეთის მიყოლებით გაწვნენ მაგიდაზე ბებოსეული მეთოდით გაშლილ საფენზე.
წვანან და გიყურებენ პირდაპირ სულში. გახსენებენ ყველა დარღვეულ წესს – მოშუშულ ხახვს, ნიორს, მიტყეპილ გვერდს, გადაგლეჯილ ნაკეცს – არაკლასიკურს, არაესტეტიურს. მოკლედ, ჩემდაუნებურად რეაბილიტირებულ აღმაშენებელზე ამალაპარაკეს, თბილისობის აღსანიშნავად გამოსულ თბილისელთა კრიტიკულ შეჯგუფებებსა და სხვა მთავრობას გატირებულ გამოხედვაზე. თუმცა, ეს გამოხედვაც არ მინახავს პირადად. უფრო სოციალური ქსელისთვის ნაკლებად სოციალური თვალის მოკვრის შედეგად შევამჩნიე. თურმე, რეაბილიტირებულ „ჩუქურთმა ქალს“ უფრო სწორი ცხვირი და დახვეწილი ღაწვები გამოსვლია, კედელზე კი ზოლი დაუკლიათ ღია ნაცრისფერი, აივნის ნაწიბურებიც არ ყოფილა საკმარისად გამოკვეთილი და სულ დაკარგულა „ძველი პლეხანოვის იერსახე“.
არადა რამდენი საცობი გადაგვატანინეს ამ აღდგენითი სამუშაოების გამო?!
სწორედ ერთ-ერთ საცობში გავიცანი ემზარი. არც ისეთი შ-ემზარ-ავი აღმოჩნდა როგორც თავიდან ღრიალებდა: „ნუ ჩამომიღებ კარებს ქალბატონო, ღმერთის გაკეთებულია მაგიც შენი არ იყოს! გადავალ და გაგიჩერებ ბიძია, თუ დამაჯარიმეს სადღა გადავიდე მერე?!“
ეს ემზარი ორი თვის ჩამოსული ყოფილა სოხუმიდან. შვილები, შვილიშვილები დღესაც იქ ცხოვრობენ თურმე. ველოსიპედი კი გაუგზავნია ბავშვისთვის, მაგრამ ალეწილ ასფალტზე ვერ დადის კარგად და სახლის დერეფანში თუ გამოვა ხოლმე ცოტა ხნით, მერე ისევ ფუთავს და კარადაში ინახავს, თუ სახლს გაუტეხავენ იქნებ ვერ იპოვონ. თბილისის ქუჩები წიგნებიდან ახსოვს, ზოგიც მამისგან გადმოცემით. არადა ბევრი შეცვლილა მას შემდეგ. ხშირად ეკითხებიან მგზავრები გმირთა მოედანს თუ გაივლის. ამას კი გაუვლია გმირთა მოედნები, დაჭრილიც ბევრი უნახავს, დაღუპულიც, მარტო მოედნები კი არა გამზირებიც ყოფილა დაფარული, მაგრამ იმათ აბა ვინ რა მოედანს გაუხსნიდა. ზოგი ვერც დაუმარხავთ ნორმალურად. სისულელის გამო აყრილა ხალხი ვისაც მოუსწრია, სხვები კი გარუსებულან. ეს რუსეთი არჩენთ და იმიტომ! შემოდის და გადის პროდუქტი, წამლები, საზღვარზე გადადიან. ერთი ისაა გვარი თუ არ შეიცვალე, ახალი პასპორტი თუ არ აიღე არ გაგახარებენ. ადრე თუ გარეთ იყო კაფეები ახლა სახლშიც შიშით შლიან სუფრას, სხვაზე მეტი თუ დადე „არასპრავედლივია“ რა. ხოდა წამოვიდა, რჩენა უნდა ოჯახს. გეოლოგია, მაგრამ „მარშუტკაზე ზის“ – იცის, არ არის ეს სწორი ქართული, თუმცა ახლაღა იხსენებს, სულ რუსულზე იყო გადასული. აი მამამისს სცოდნია ნამდვილი ქართული. გურამიშვილი ყვარებია „ვაი რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო..“ მოკლედ, სულ შეცვლილა ცხოვრება. დავიწყებია ხალხს „გამარჯობა“, ასე კი არ უღიმის ყველა, არადა უნდება ხოლმე ლაპარაკი ზოგჯერ, ქართულის „გაპრაქტიკება“. აჰ, გააჩერებს ბატონო გაჩერებაზე, გააჩერებს, ყველას თავისი გაჭირვება აქვს.
მეტჯერ არც მიმგზავრია ბატონ ემზართან ერთად. ალბათ, გამისწორებდა ბატონი რომ „ვაკადრე“. ბაბუა ვარ მეო, შვილიშვილები შორს რომ მყავს სხვისი დაძახებული ბაბუაც მიხარიაო.
ხოდა რას მოვაყოლე ეს ნაცნობობის ისტორია – მოეწონა ამ ბატონ ბაბუა ემზარს განახლებული აღმაშენებელი. ცოტათი სოხუმს მაგონებსო, ძველ, კარგ დროსო, ხალხიანი და პეწიანიაო. ალბათ, ჩემი ლობიანიც მოეწონებოდა რომ ენახა, ლობიანში ხომ მთავარი გარეგნობა არ გახლავთ, გემოს კი ვერ დაუწუნებს კაცი.
პრინციპში, გარეგნობა საერთოდაც არ უნდა იყოს მთავარი. გარეგნობის გამო არ უნდა გძულდეს კაცი, არც ქალი. ან რატომ უნდა გძულდეს ვინმე? რამე? რატომ უნდა ატარებდე სიძულვილში ორ კინკილა დღეს? რატომ უნდა კლავდე ადამიანს ცემით განსხვავებული მოსაზრებისთვის? ორიენტაციისთვის? პოლიტიკური, რელიგიური, ნებისმიერი სხვა ჯგუფის კუთვნილებისთვის? ისედაც ხომ მოკვდება, ისიც მოკვდება, შენც, მთავრობაც,
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ყველა კვდება.
ზოგი ზედმეტად ადრე, ზოგიც გვიან.
ლობიანით ან მის გარეშე.
თუმცა, ალბათ ისევ ლობიანით უკეთესია, ნაჭამი და კმაყოფილი.
მოკლედ, გემრიელები გამოვიდნენ ჩემი უსახური ლობიანგები.