მწვანე ლობიო ლიმონით

მწვანე ლობიოს დიდი მოყვარული არასდროს ვყოფილვარ. ჩემთვის მწვანე ლობიო იმ საჭმელების სიაში შედიოდა რომელიც ვერაფრით შევიყვარე (ეს სია სულ 3 საჭმლისგან შედგება, აჯაფსანდალი, ბორში და მწვანე ლობიო🙂 თუმცა მინდა გითხრათ ეს ბოლო პერიოდი არც თუ ისე მწყრალად ვარ განწყობილი ამ ძალიან სასარგებლო მწვანე ბოსტნეულის მიმართ.

მწვანე ლობიო სავსეა რკინით და ანტიოქსიდანტებით. ასევე A, B და E ვიტამინებით და შეიცავენ დიდი რაოდენობით უჯრედისს. ამ ყველაფერთან ერთად კი ძალიან დაბალკალორიული ბოსტნეულია და მათ ვისაც წონის კონტროლი გვიწევს, კიდევ უფრო მეტად უნდა შევიყვაროთ ეს ბოსტნეული (აქ ჩემს თავზე მაქვს აქცენტი) 🙂

ეს რეცეპტიც საკუთარი გემოვნებიდან გამომდინარე ისე ავაწყე რომ წამჟავო გემო ჰქონოდა. თუმცა ვინც ნაკლებად პრეტენზიული ხართ მწვანე ლობიოს მიმართ შეგიძლიათ გემო კიდევ უფრო გაამრავალფეროვნოთ.

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი მწვანე ლობიო
  • 1 კბილი ნიორი
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 ცალი ლიმონის ცედრა (გახეხილი ლიმონის კანი)
  • 1 ცალი ლიმონის წვენი
  • პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. მოაცალეთ მწვანე ლობიოს ღეროები და მოხარშეთ მარილიან წყალში. გადაწურეთ, გადაავლეთ ცივი წყალი და დატოვეთ საწურში რომ ცოტა შეშრეს.
  2. პატარა ზომის თასში მოათავსეთ ზეითუნის ზეთი, დაჭყლეტილი ნიორი, ლიმონის ცედრა და ლიმონის წვენი.
  3. მოატავსეთ მოხარშული ლობიო სასურველი ფორმის ჭურჭელში და მოახით ლიმონის და ზეითუნის ზეთის დრესინგი.