არ ვიცი, რამდენად შეიძლება, ერთი დღის თავგადასავალი რამდენიმე კვირისას უტოლდებოდეს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ იმ ერთს დღეს ძილის ქვეყანაში ატარებ, უბრალოდ იმიტომ კი არა რომ ზარმაცი ხარ, არამედ ისე, ჩვეულებრივად, დასავენებლად, ძალების აღსადგენად. თან როცა შაბათია და არსად მიგეჩქარება, შეგიძლია თამამად ჩამოაფარო შენი ოთახის ფანაჯრას ჟალუზები, ტელეფონიც გამორთო და სიზმარეთში გადაეშვა ..
პირველ სექტემბერს, სკოლაში რომ მივიდოდით, ყველას ერთი საფიქრალი გვიჩნდებოდა, თემა რომელიც მასწავლებლის მითითებით უნდა დაგვეწერა დაახლოებით ასეთი სათაურით “ზაფხულის ერთი დღე “, ახლა, რომ ის დრო იყოს რომელს დავწერდი? გამიჭირდებოდა ამორჩევა. ისე რამდენიმე დღეა კიდე ერთ სათაურზე ვფიქრობ, აკვიატებულივით რაჭული ლობიანი, დამიან რაისი და მწვადი რომელიც ვერ მივირთვით”. ბევრია? მგონი ძალიან. რამდენიმე სასკოლო ჩანახატს ეყოფა, არა და როგორც წესი, ასეთ დავალებებში ხშირად სიტყვების რაოდენობით ვართ შეზღუდული.
შორიდან დავიწყე, არა და დაგროვილი ემოციების გადმოცემა მინდა, სურათებივით დამიგროვდა თავში, იმ სურათებივით, რომლებიც ვერ გადავიღე, იმიტომ რომ ფოტო აპარატი არ მაქვს და იმდენად მინდა, რომ მქონდეს, ამისთვის არაფერს ვაკეთებ. ალბათ, ქვეცნობიერად მეშინია, რომ თუ ვერ “ვიმეგობრებთ” მე და ის იმედი გამიცრუვდება. ისე სიტყვები, არასოდეს მღალატობენ, ყოველთვის გამორბიან ჩემი მიმართულებით, როცა ვეძებ. ჰო და ასე აღვწერ ფოტოებს.
პირველი სურათი დილაა და ჩემი არეული აბაზანა, აქაიქ მიყრილი ძველი ონკანის ნარჩენები, ფუცა, წებო ცემენტი და კიდევ უამრავი ხარახურა, რომელიც მალევე “ჩავუძახე” ნაგავში, რადგან ხელოსნის მიერ წარმატებით განხორციელებული აბაზანის გადარჩენის ოპერაციის შემდეგ, აბსოლუტურად უსარგებლო გახდა.. (წასაშლელი ფოტოა უდავოდ, არაფრის მთქმელი, თუმცა ჩემთვის სიხარულის მომტანი, რადგან როგორც იქნა საშველი დამადგა და დაზიანებული მილი შეკეთდა).
რაჭული ლობიანი გაგრძელებაა.. ოღონდ უცნაური, გინახავთ, მანქანის თარიში დაუდევრად შეჩურთული ორი ლობიანი, თან მოკბეჩილი, ჯერ კიდევ ცხელი ? ჩვენ ვნახეთ იმ დღეს. ოღონდ ამაზე ცოტა მოგვიანებით.. მანამდე ნიკორწმინდაში ვიყავით. ალბათ ყველამ იცით ის ლექსი, აი ის:მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა. ჩემთვის დიდებულის ხივი გამობრწყინდა. ” მე სულ ნაწილი განმახსენდა ” ფრთები, ფრთები გინდა, კიდევ ფრთები გვინდა,გინდა დაეუფლო
სივრცეს ნიკორწმინდა!” დიდხანს ვუყურე რაღცნაირად თითქმის ჩამოფხეკილ ფრესკებს, ალბათ მტერმა დაუპირა განადგურება, მაგრამ ვერ შეძლო–თქო ვიფიქრე. მერე გარეთ გამოვედი და ჩუქურთმებს გადავუსვი ხელი, ათასი წელი გადმოვიდა ჩემს თითებზე, გენეტიკური კოდივით გამიჯდა კანში და შემაჟრჟოდა. სხვანაირი ჰაერია რაჭაში.
შემდეგი სურათი .. ხვანჭკარის ძეგლს ჩავუქროლეთ მანქანით და მოგვშივდა. გემრიელ სუნს არ მოუღწევია ჩვენამდე. მაგრამ მომხიბვლელმა და მაცდურმა წარწერამ ჩაგვიკრა თვალი “რაჭული ლობიანი”. ყოველგვარი კომენტარის გარეშე გავაჩერეთ მანქანა და უსიტყვოდ ჩავდექით უზარმაზარ რიგში, თან ჩვენი ფანტაზია ისე გამალებით ამუშავდა, რომ თაკარა მზემ რომელიც ყველაფერს დაუნდობლად ეფინებოდა, კიდე უფრო დაგვაჭირა თავზე .. აქ უკვე საინტერესო აღარ არის. ბუნებრივია, თითქმის ყველა ქართველს რიგის თანმიმდევრობის დაცვა წარმოუდგენელ ანომალიურ მოვლენად მიაჩნია და როცა ხმა ამოვიღე, ცოტა მაღალი აღმოჩნდა, პრეტენზიული და კატეგორიული, შედეგად კი რამდენიმე წუთში ჩემი ლობიანი უკანა სავარძელზე აღმოჩნა, გაგრილების მოლოდინში. .