მამაპაპურო ხინკალო – შოთა ნიშნიანიძე 

მამაპაპურო ხინკალო – შოთა ნიშნიანიძე 

– მამაპაპურო ხინკალო,

ხინკალო, შე მადლიანო,

ბებერი საჭურისივით

რამ დაგამჭლევა, ტიალო?!

ქალაქს ვერ გნახა ქართველმა,

ვეღარც არაგვზე გიხილა –

მთვარისებრ აფუებული

და ლურჯაისებრ ხვიხვინა.

შენ წინაპარმა მოგნათლა,

რკინის თითებით მოგხვეტა

და ჩაგაწურა სიფიცხე

ჯაჭვისპერანგა მოყმეთა.

იქით თერგს ჩამოვივლიდი,

აქეთ არაგვის ხეობას,

ხინკალს და შაირს შავხვრეპდი,

როგორც წინაპრის მხნეობას,

– ტიროდე, მირანგულაო,

ხინკალიც წახდა, ლექსიცა,

შენ ნუ წახდები, ძმობილო,

ლეკვო ალგეთელ ლეკვისა.

აღარც ხინკალი ჭიხვინებს,

არც ხინკალივით შაირი,

მთაო, ერთხელაც აკურთხე

კაი ყმა ვაჟასნაირი.

კიდევაც მნახავთ არაგვზე

და თერგსაც ყინჩად ჩავივლი,

ერთმანეთს შესჭიხვინებდეს

ლუდი, ხინკალი, შაირი.