ფიჭვი
ფიჭვი ივითარებს მძლავრ ფესვთა სისტემას. იგი გვალვაგამძლე და სინათლის მოყვარული მცენარეა, დაჩრდილვას ვერ იტანს. ტყეებს (ფიჭვნარებს) ქმნის, როგორც მდიდარ, ისე მწირ და ქვიან ნიადაგზე, კირქვებსა და ტორფიან ჭაობებზე, ცოცხლობს 300-350 წელს. გვარი აერთიანებს 100-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში გავრცელებულია 4 სახეობა: კავკასიური ფიჭვი ანუ სოსნოვსკის ფიჭვი (Pinus sosnowskyi), ბიჭვინთის ფიჭვი, ელდარის ფიჭვი (Pinus eldarica), კოხის ფიჭვი (Pinus Kochiana). ყველა სახეობა ორწიწვიანია.
ფიჭვის წიწვები შეიცავს ეთეროვან ზეთებს, C-ვიტამინს, განსაკუთრებით ზამთარში, არის მასში კაროტინი და ფიტონციდები.
ფიჭვის პრეპარატებს ფართოდ იყენებენ მედიცინაში. ფიჭვის წიწვებს ხმარობენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას, იყენებენ ვიტამინურ ნედლეულად, ინფექციური დაავადებების და ჭრილობების მკურნალობისათვის, წიწვების ექსტრაქტს უნიშნავენ გამამაგრებელ აბაზანებში. ფიჭვის ეთერზეთი გამოიყენება რევმატული ტკივილებისას შესაზელად და სასუნთქი გზების დაზიანების დროს ჩასასუნთქად, სკიპიდარს იყენებენ რევმატიზმების დროს და აგრეთვე ანტიპარაზიტულ საშუალებად.