ადამიანურ ურთიერთობათა სკოლა. ქცევითი მეცნიერებები

ადამიანურ ურთიერთობათა სკოლა. ქცევითი მეცნიერებები

ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე,    ბ.მღებრიშვილი,    ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის  საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008

ადმინისტრაციული (კლასიკური) სკოლის წარმომადგენლები მართვის პროცესში ადამიანის ფაქტორს აღიარებდნენ, მაგრამ მათი სტიმულირების მთავარ ფორმად ანაზღაურების ზრდას და ეკონომიკურ დაინტერესებას მიიჩნევდნენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის გარემოება, რომ ფსიქოლოგიური მეცნიერება ჯერ მხოლოდ ჩანასახის მდგომარეობაში იმყოფებოდა. მართალია კლასიკური სკოლის  წარმომადგენლებმა შექმნეს საფუძველი მართვის ფსიქოლოგიური  ასპექტების,  ადამიანური ურთიერთობების  საკითხების  შესასწავლად,  მაგრამ  ეს  საკითხები   მაინც   არ მიიჩნეოდა ხელმძღვანელებისგან მთავარ პრობლემად.

მართვის პროვესში ადამიანურ ურთიერთობათა ცვლილებების მნიშვნელობისა და როლის მკვლევარების და  მათი  მომხრეების  აზრით  ჭეშმარიტ  და  ეფექტიან  კონტროლს მართვის პროცესზე ახორციელებენ თვითონ მუშაკები და არა მკაცრი ავტორიტარული მართვის სისტემა. მაგრამ მართვის ფსიქოლოგიის საკითხებზე ჩატარებული მეცნიერული კვლევევბი ვერ იწვევდა მენეჯერთა დაინტერესებას, მანამ, ვიდრე 1924 წელს ქ.ხოტორნის ქარხანაში არ ჩატარდა ექსპერიმეტი.

ექსპერიმენტში მონაწილეობდა ოთხი  საექსპერიმენტო  და  სამი  საკონტროლო ჯგუფი. ექსპერიმენტის მიზანი იყო შრომის პირობების გაუმჯობესება. სამუშაო ადგილების სათანადოდ განათებამ ვერ უზრუნველყო  შრომის  მწარმოებლურობის  ზრდა, რამაც ექსპერიმენტის ჩამტარებლები დაარწმუნა, რომ ორგანიზაციის  საქმიანობაზე მოქმედებდა სხვა მნიშვნელოვანი ძალა. მათ დაიწყეს სხვა ფაქტორების ძიება და მართვის პროცესზე მათი გავლენის  შესწავლა.  შეამცირეს  სამუშაო  დღე,  შემდეგ სამუშაო კვირა, შემოიღეს შესვენებები. ექსპერიმენტის პროცესში შეიცვალა მართვის სტილი და ადამიანური ურთიერთობები.  განსაკუთრებით  კარგი  შედეგები  იქნა მიღებული მენეჯერების მხრიდან  მუშებისადმი  დამოკიდებულების  შეცვლით. მათი დამოკიდებულებების გაუმჯობესებამ გააუმჯობესა ასევე სამუშაოს შედეგები. ექსპერიმეტის მასალების  შესწავლამ  ასევე  აჩვენა,  რომ  ფულადი  წახალისება  გარკვეულ როლს ასრულებს მართვის ეფექტიანობაში, მაგრამ არ არის ერთადერთი ფაქტორი. მართვის პროცესის შედეგიანობას მნიშვნელოვანწილად ურთიერთობები განსაზღვრავენ. ამრიგად, ექსპერიმენტების შედეგებმა მისცა სტიმული ადამიანური ურთიერთობების კვლევას და განვითარებას.

შემდგომ პერიოდში მენეჯმენტის მეცნიერების  განვითარების  კვალდაკვალ  გაიზარდა ინტერესი მართვის პროცესში მუშაკთა მონაწილეობისა და ლიდერობის საკითხების შესწვლისადმი. ასე შეიქმნა მენეჯმენტის  თეორიაში  ადამიანური რესურსების კონცეფცია. კონცეფციის არსი მდგომარეობდა მოტივაციის თეორიის შესაბამისად მუშაკებისათვის დავალებების მიცემაში.  მართვას  აუმჯობესებს დავალებათა განაწილება მოტივაციის თეორიის მიხედვით,  რითაც  მუშაკს შესაძლებლობა ეძლევა სრულად გამოავლინოს თავისი პოტენციალი. აღნიშნული კონცეფციის ავტორები იყვნენ  აბრაამ  მასლოუ  და  დუგლას  მაკგრეგორი.  ფიზიოლოგი ა. მასლოუ  პაციენტებზე  დაკვირვებით  მივიდა  იმ  დასკვნამდე,  რომ  მართვის პროცესში ბევრ პრობლემას ქმნის მუშაკთა მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა. მუშაკთა ქცევებზე დაკვირვების შედეგად მან ააგო  მოთხოვნილებათა  იერარქიული  სქემა, რომლის საფუძველსაც ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები წარმოადგენდა.

დ. მაკგრეგორმა მენეჯერთა პრაქტიკული საქმიანობის ანალიზის თანახმად განსაზღვრა მართვის პროცესის ეფექტიანობის ძირითადი წინაპირობები და

 

ჩამოაყალიბა  თეორია  X  და  თეორია  Y.  მისი  შეხედულებით  კლასიკური  სკოლის  მიერ შემუშავებული კონცეფციები ემყარება თეორია X-ის წინაპირობებს, ხოლო ადამიანთა ურთიერთობების ცვლილების კონცეფცია  მისი  მოდიფიცირებული ვარიანტია.

მენეჯმენტისადმი უფრო რეალისტური  მიდგომა  ასახა  მან  თეორიაში  Y.  ამ თეორიის არსი მდგომარეობს ადამიანთა შესაძლებლობების გამოყენებაში. ორგანიზაციები, რომლებიც იყენებენ საკუთარი მუშაკების ცოდნას და ინტელექტს, აღწევენ უფრო მაღალ შედეგებს, ვიდრე  სხვა  ორგანიზაციები,  როგორი  სტრუქტურაც  არ უნდა გააჩნდეთ მათ.

მართვის პროცესისადმი კიდევ ერთი მიდგომა ბიჰევიორისტული მიდგომაა. იგი გულისხმობს  მეცნიერების  მეთოდების  და  კვლევების   გამოყენებას   ადამიანთა ქცევების შესწავლის მიზნით. ამ მიმართულების მთავარი მიზანია მუშაკთა ქცევების მამოძრავებელი მოტივების და მათი სხვა ადამიანებთან დამოკიდებულების გამსაზღვრელი ფაქტორების ანალიზი და შესწავლა.

მართვის პროცესისადმი ასეთი მიდგომა ძალიან აქტუალური გახდა XX საუკუნის 50-იან წლებში და  მან  მთლიანად  მოიცვა  მართვის  სფერო.  ამ  მიმართულებას  დასაბამი მიეცა მეოცე საუკუნის 50-იან წლებში და გრძელდება დღემდე. მართვის პროცესისადმი ბიჰევიორისტულმა მიდგომამ არა მარტო დადებითი როლი შეასრულა მენეჯმენტის  თეორიის  ევოლუციაში,  არამედ  დაეხმარა  ორგანიზაციებს  (ფირმებს)  შიგა ურთიერთობების რეგულირებაში და შიგა ცვალების მართვაში.

ადამიანურ ურთიერთობათა სკოლის დადებითი მხარეა: 1. პიროვნებათაშორისი ურთიერთობების გამოყენება ადამიანთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დონისა  და შრომის მწარმოებლურობის ასამაღლებლად. 2. მართვის პროცესში  მუშაკთა  დასაქმება მათი პოტენციალისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

მენეჯმენტის მეცნიერების განვითარება დღემდე მრავალი მიმართულებით ხორციელდება. ნაწილობრივ ბიჰევიორიზმის პრინციპებზე აიგო ორგანიზაციული განვითარების კონცეფცია, რომელიც 1970-იან წლებში ჩამოყალიბდა. ორგანიზაციული განვითარების კონცეფცია გულისხმობს ბიჰევიორისტული მეცნიერების გამოყენებას ორგანიზაციის შიგა კლიმატის გაუმჯობესებაში და მის შიგნით ადამიანურ ურთიერთობათა სრულყოფაში.