ადმინისტრაციული (კლასიკური) სკოლა მართვაში
ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე, ბ.მღებრიშვილი, ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008
მეცნიერული მართვის სკოლის მიმდევრებისაგან განსხვავებით მენეჯმენტში 1920 წლიდან წარმოიშვა კიდევ ერთი ახალი მიმართულება, რომელმაც შეიმუშავა ორგანიზაციის მართვის კონცეფცია. კონცეფცია ითვალისწინებდა ბიუროკრატიული მართვის პრინციპებს. აღნიშნული კონცეფციის ავტორი ევროპელი მეცნიერი მაქს ვებერი იყო. მისი კვლევის მიმართულებას წარმოადგენდა ორგანიზაციის, როგორც ერთი მთლიანის სისტემური გამოკვლევა. მ. ვებერის თეორიის თანახმად ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის მიღწევა შესაძლებელი იყო მხოლოდ მართვის რაციონალიზაციის გზით. მან განსაზღვრა მართვის ორგანიზაციული ფორმა
– ბიუროკრატია, ჩამოაყალიბა ბიუროკრატიის ძირითადი ელემენტები: შრომის ზუსტად განსაზღვრული დანაწილება მუშაკთა უფლებამოსილებების და პასუხისმგებლობის დონის შესაბამისად; ფორმალური უფლებამოსილების თანახმად თანამდებობების განსაზღვრა იერარქიულ სტრუქტურაში; მუშაკთა შერჩევისას მათი კვალიფიკაციის გათვალისწინება; ყველა გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული განკარგულების წერილობით გაფორმების აუცილებლობა.
მ. ვებერის მოსაზრებას ამაგრებდა ის გარემოებაც, რომ მენეჯერები არ არიან მესაკუთრეები, ამიტომ მათი საქმიანობა უნდა განხორციელდეს მკაცრად დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად.
თანამედროვე ორგანიზაციებში ტერმინი «ბიუროკრატია» უარყოფით ასოციაციას იწვევს მუშაკებში. მუშაკთა წარმოდგენაში ეს სიტყვა საკანცელარიო ქაოსთან ასოცირდება, გულისხმობს ქაოსს და რიგში დგომას მთელი საათების განმავლობაში საჭირო დოკუმენტის მისაღებად. არადა სწორედ ბიუროკრატიის კონცეფცია დაეხმარა საწყის ეტაზე ორგანიზაციებს საქმიანობის მაღალეფექტიანად განხორციელებაში.
კლასიკური სკოლის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული პრინციპების ჩამოყალიბება. სკოლის ფუძემდებლები განიხილავდნენ რა ორგანიზაციას როგორც ერთიან მთლიანს, თვლიდნენ რომ ადმინისტრაციული პრინციპების მიხედვით უნდა აგებულიყო სტრუქტურა, რაც დაეხმარებოდა მენეჯმენტის ფუნქციების: დაგეგმვის, ორგანიზაციის, კოორდინაციის და კონტროლის ფუქციების შესრულებას.
განსაკუთრებული წვლილი ადმინისტრაციული პრინციპების შემუშავებაში შეიტანა ანრი ფაიოლიმ, მერი პარკერ ფოლეტმა და ჩასტერ ბერნარდმა. ანრი ფაიოლი პროფესიით სამთო ინჟინერი იყო, რომელმაც დამოუკიდებლად განვლო რთული გზა
ნავთობმომპოვებელი საწარმოს ხელმძღვანელის თანამდებობამდე. მან სიცოცხლის ბოლო წლებში მენეჯმენტის შესახებ საკუთარი შეხედულებების განზოგადების საფუძველზე ჩამოაყალიბა ადმინისტრირების კონცეფცია. თავის შრომაში «ზოგადი და მრეწველობის მართვა» ჩამოაყალიბა მენეჯმენტის 14 ფუძემდებლური პრინციპი. ზოგიერთმა მათგანმა დღემდე შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა მართვის პროცესის წარმართვაში. კერძოდ, ერთმმართველობა. ეს გულისხმობს, რომ ყოველმა მუშაკმა დავალებები უნდა მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ხელმძღვანელისაგან. 2. შრომის დანაწილება. სამმართველო და ტექნიკური შრომის სპეციალიზაცია საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნეს მაღალი შედეგები. 3. სამუშაო გეგმების და მიმართულებების ერთიანობა. საქმიანობის შესრულების პროცესში მსგავსი, ერთი სახის სამუშაოები უნდა გაერთიანდეს და დაექვემდებაროს ერთ ხელმძღვანელს.
მართვის ჯაჭვი უნდა იყოს ცვალებადი და მოქნილი. სახელისუფლებო უფლებამოსილება უნდა დანაწილდეს უმაღლესი დონიდან ძირეული დონისაკენ და უნდა მოიცვას ყველა მუშაკი. ა. ფაიოლი მტკიცედ იცავდა მოსაზრებას, რომ მართვის ეს პრინციპები შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო ნებისმიერ ორგანიზაციაში მიუხედავად მისი ორგანიზაციული სტრუქტურისა.
კლასიკური სკოლის ერთ-ერთი წარმომადგენელი მერი პარკერ ფოლეტი კოლეჯში ფილოსოფიას სწავლობდა, მაგრამ მისი ინტერესების სფეროს მრავალი მიმართულება წარმოადგენდა, მეცნიერების სხვადასხვა სფეროები სოციალური ფსიქოლოგიისა და მენეჯმენტის ჩათვლით. მისი კვლევის საგანს წარმოადგენდა ორგანიზაციის რეალური მიზნის განსაზღვრა და მისი გავლენა ორგანიზაციის მართვის პროცესსა და შედეგიანობაზე. მისი შრომები დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხელმძღვანელობას შორის, მაგრამ სამწუხაროდ, მას არ იღებდენენ როგორც აკადემიურ კვლევას და მეცნიერებად არ თვლიდნენ.
ორგანიზაციისა და მენეჯერების ურთიერთობის კვლევის და ანალიზის საფუძველზე მ. ფოლეტი პასუხს ეძებდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ეთიკა, ხელისუფლება, ლიდერობა. მისმა კვლევებმა მენეჯმენტის ტეორიაში დასაბამი მისცა ახალ ეტაპს. მისი დაწყებული საქმე გააგრძელა ჩ. ბერნარდმა და სხვა მიმდევრებმა.
ჩ. ბერნარდი იკვლევდა მართვის პროცესს, რის საფუძველზე შეიმუშავა არაფორმალური ორგანიზციის კონცეფცია. ამ კონცეფციის თანახმად არაფორმალური ორგანიზაციები იქმნება ნებისმიერი ორგანიზაციის შიგნით. სწორედ არაფორმალური ურთიერთობები არის მძლავრი ფაქტორი, რომელიც მენეჯერებმა უნდა გამოიყენონ მიზნის მისაღწევად.
მაშასადამე, ადმინისტრაციული ანუ კლასიკური სკოლა მოიცავდა 1920-1950 წლებს. ამ სკოლის დამსახურებაა მართვის პრინციპების ჩამოყალიბება. თუმცა მათ თეორიასაც გააჩნდა უარყოფითი მხარე. ადმინისტრაციული სკოლის ნაკლი იყო ის, რომ მისი წამომადგენლებიც ყურადღებას ამახვილებდნენ მხოლოდ ორგანიზაციულ მოწყობაზე, ხოლო უგულებელყოფდნენ ადამიანს ფაქტორს მართვაში. მიუხედვად ამისა მისი წარმომადგენლების დამსახურებაა, რომ ისინი მართვის პროცესს განიხილავდნენ როგორც ერთიან მთლიან პროცესს, რომელიც შედგება ურთიერთდაკავშირებული მოქმედებებისაგნ, ფუნქციებისგან. მათი კვლევების საფუძველზე მენეჯმენტის თეორიაში გაჩნდა ახალი ცნებები, რომელიც მალე ფუნდამენტური გახდა, და რომელმაც ხელი შეუწყოს ორგანიზაციათა საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას, გააუმჯობესა ურთიერთობები მენეჯერებსა და მუშაკებს შორის.