არაფორმალური ორგანიზაციები და მათი დახასიათება

არაფორმალური ორგანიზაციები და მათი დახასიათება
ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე,    ბ.მღებრიშვილი,    ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის  საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია
სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.
გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008

არფორმალური ორგანიზაციები სოციალური  ურთიერთობების  ბაზაზე  სპონტანურად ჩამოყალიბებული ადამიანთა ჯგუფებია, რომლებიც ერთმანეთს განსაზღვრული მიზნის მისაღწევად უკავშირდებიან.

არაფორმალური ორგანიზაციების წარმოშობისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია შრომითი კოლექტივი.  ორგანიზაციის  ფორმალური  სტრუქტურისა  და  მისი  ამოცანების წყალობით ერთი და  იგივე  ადამიანები  ერთად  იკრიბებიან  ყოველდღე  და ეს გრძელდება ზოგჯერ მრავალი წლის  მანძილზე.  მაშასადამე,  ადამიანები იძულებულნი  არიან  დროის  უმეტესი  ნაწილი  გაატარონ  კოლეგებთან  და  არა  საკუთარ ოჯახებში.  ამ  ინტენსიური  სოციალური  ურთიერთდამოკიდებულების შედეგია არაფორმალური ორგანიზაციების შექმნა.

არაფორმალურ ორგანიზაციებს ბევრი საერთო აქვს ფორმალურ ორგანიზაციებთან. მათ აქვთ არფორმალური ორგანიზაციების ანალოგიური იერარქია, ამოცანები, ჰყავთ ლიდერები. არაფორმალური ორგანიზაციები მოქმედებენ დაუწერელი წესებით, რომლებიც იწოდებიან ნორმებად და  წარმოადგენს  ორგანიზაციის  წევრებისათვის  ქცევის ეტალონებს. ეს ნორმები  გაუმაგრებელია  წახალისებისა  და  სანქციების  სისტემით. იმავდროულად არაფორმალური ორგანიზაცია სპონტანური რეაქციაა ფორმალური ორგანიზაციის მიერ დაუკმაყოფილებელ ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე მაშინ, როცა ფორმალური ორგანიზაცია იქმნება წინასწარ მოფიქრებული გეგმით. ფორმალური ორგანიზაციის სტრუქტურა და ტიპი  განისაზღვრება  ხელმძღვანელობის  მიერ  შეგნებულად,  არაფორმალურისა  კი ყალიბდება სოციალური ურთიერთოების საფუძველზე.

არაფორმალურ ორგანიზაციებში ადამიანები შეიძლება სხვადასხვა მიზნით გაერთიანდნენ. ხოტორნის ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ არაფორმალურ ჯგუფებში გაერთიანებით შეიძლება ადამიანმა მიიღოს  ფსიქოლოგიური  სარგებელი,  რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ხელფასზე. არაფორმალურ ორგანიზაციებში ადამიანთა გაერთიანების ძირითადი მიზეზებია: წევრობის შეგრძნება, ურთიერთდახმარება, ურთიერთდაცვა, მჭიდრო კონტაქტები, დაინტერესება არაფორმალური ინფორმაციით.

ადამიანების არაფორმალურ ჯგუფებში გაერთიანების ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი ემოციური მოთხოვნილება წევრობის გრძნობაა. ამა თუ იმ ჯგუფისადმი  წევრობას უკავშირდება სოციალური კონტაქტები, რომელთა გარეშე არ შეუძლიათ არსებობა ადამიანებს.

არაფორმალურ ორგანიზაციებში ადამიანები ერთიანდებიან დახმარების მიღების მიზნითაც. საერთოდ, ნებისმიერი სახის ორგანიზაციაში ხელქვეითებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მიმართონ დახმარებისათვის თავიანთ უშუალო მენეჯერებს, მაგრამ ზოგჯერ ეს არ ხდება ასე. უფრო ხშირად მუშაკი ამჯობინებს კოლეგას მიმართოს დახმარებისათვის. კოლეგისაგან მიღებული დახმარება სასარგებლოა დახმარების აღმომჩენი პირისთვისაც და იმ მუშაკისთვისაც, ვისაც დაეხმარნენ. ამ შემთხვევაში

 

დახმარების აღმომჩენი მუშაკი უფრო პრესტიჟული ხდება კოლექტივში, დახმარების მიმღებს კი უადვილდება სამუშაოს შესრულება.

დაცვის მოთხოვნილება იყო ერთი პირველი მიზეზთაგანი, რომელმაც უძველეს დროში ადამიანს უბიძგა პირველყოფილ თემებში გაერთიანებისაკენ. დაცვის მოთხოვნილებამ განაპირობა პირველი პროფკავშირული ორგანიზაციების წარმოშობაც. დაცვის მოთხოვნილება აიძულებს ადამიანებს  გაერთიანდნენ  არაფორმალურ ჯგუფებშიც. ამ შემთხვევაში ისინი ერთმანეთს იცავენ სხვადასხვა არახელსაყრელი წესებისაგან, მძიმე სამუშაო პირობებისაგან და სხვა.

მუშაკთა არაფორმალურ ორგანიზაციებში გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია ინფორმაციის არაფორმალური წყაროებისადმი ხელმისაწვდომობა. საქმე  ის არის, რომ ბევრ ფორმალურ ორგანიზაციაში  ხელმძღვანელობა  მალავს ხელქვეითებისაგან განსაზღვრულ ინფორმაციას,  მუშაკებს  კი  სურთ  იცოდნენ ყოველივე, რაც მათ ირგვლივ  ხდება,  უპირველეს  ყოვლისა,  სამუშაოსთან დაკავშირებით.

ადამიანი  ხშირად  არაფორმალურ  ორგანიზაციაში  ერთიანდება  მხოლოდ  იმის  გამო, რომ დაინტერესებულია ურთიერთობის დამყარებით მასთან, ვინც მისი აზრით, კომპეტენტურია, სარგებლობს კოლექტივში პატივისცემით, შეუძლია დახმარების აღმოჩენა, დაცვა.

არაფორმალური ორგანიზაციები ხასიათდება გარკვეული ნიშან-თვისებებით, რომლებითაც ისინი  ემსაგვსებიან  ფორმალურ  ორგანიზაციებს  ან  განსხვავდებან  მათგან.

არაფორმალური ორგანიზაციების დამახასიათებელი ძირითადი ნიშნებია:

1) ორგანიზაციის წევრების სოციალური კონტროლი;

2) ცვლილებებისადმი დაპირისპირება;

3) არაფორმალური ლიდერების არსებობა.

არაფორმალური ორგანიზაცია თავისი წევრების სოციალურ  კონტროლს  ახორციელებს  მისაღები  და  მიუღებელი  ქცევის  ეტალონების  დადგენითა  და  შემდგომი განმტკიცებით. პიროვნება რომ მიიღონ არაფორმალურ ორგანიზაციაში და შემდგომშიც შეინარჩუნოს მან იქ თავისი ადგილი, იგი უნდა დაემორჩილოს ქცევის დაწესებულ ნორმებს.  მათი  დარღვევისათვის  არაფორმალურმა  ორგანიზაციამ  შეიძლება მიიღოს საკმაოდ მკაცრი სანქციები და წევრობიდანაც კი გარიცხოს წესების დამრღვვეი პირი.

არაფორმალური ორგანიზაციის  მიერ  განხორციელებულმა  სოციალურმა  კონტროლმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ფორმალური ორგანიზაციის მიზნების მიღწევაზე, აგრეთვე, მენეჯერის შეხედულებებსა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხზე.

საერთოდ არაფორმალურ ორგანიზაციებში შეიმჩნევა ცვლილებებისადმი დაპირისპირების ტენდენცია ფორმალური ორგანიზაციების მსგავსად. ეს ნაწილობრივ აიხსნება შეცვლილ პირობებში არაფორმალური ორგანიზაციის გაუქმების შიშით. რეორგანიზაციას, ახალი ტექნოლოგიის დანერგვას, წარმოების გაფართოებას, ახალი თანამშრომლის  სამსახურში  მიღებასა  და  სხვა  ცვლილებებს  შეიძლება  შედეგად მოჰყვეს არაფორმალური ორგანიზაციის დაშლა, ან სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და კონტაქტების შესაძლებლობების შემცირება. შეიძლება ცვლილებებისადმი დაპირისპირება არაფორმალურ ორგანიზაციებში წარმოიშვას ყოველთვის, როცა მისი წევრები ცვლილებებში დაინახავენ მათი ორგანიზაციის არსებობის საშიშროებას, თუმცა ეს შეიძლება არც იყოს ასე. მენეჯერს შეუძლია

 

მდგომარეობის         განმუხტვა         გადაწყვეტილებების         მიღებაში                                     ხელქვეითების მონაწილეობით.

არაფორმალურ ორგნიზაციებს ფორმალური ორგანიზაციების მსგავსად ჰყავთ ლიდერები. არ არსებობს არავითარი არსებითი განსხვავება ფორმალური და არაფორმალური ორგანიზაციების მიერ გამოყენებულ ზემოქმედების ფორმებს შორის. განსხვავება ისაა, რომ ფორმალური ორგანიზაციის ლიდერს მხარს უჭერენ ოფიციალურად დელეგირებული უფლებამოსილების გამო, არაფორმალური ორგანიზაციის ლიდერის დასაყრდენს კი წარმოადგენს ხალხის აღიარება, მასთან კონტაქტი. ამასთან არაფორმალური ორგანიზაციის ლიდერის გავლენის  სფერო  შეიძლება გამოვიდეს ფორმალური ორგანიზაციის ადმინისტრაციული ჩარჩოებიდან მაშინ, როცა ფორმალური ორგანიზაციის ლიდერი ყოველთვის მოქმედებს მისთვის გამოყოფილ სივრცეში. არაფორმალური ლიდერი იმავდროულად ფორმალური მმართველობითი პერსონალის ერთ-ერთი წევრია, რომელსაც ძალიან ხშირად დაკავებული აქვს შედარებით დაბალი საფეხური ორგანიზაციულ იერარქიაში.

არაფორმალური ორგანიზაციის ლიდერად გახდომა დაკავშირებულია შემდეგ ფაქტორებთან: ასაკი,  თანამდებობა,  პროფესიული  კომპეტენტურობა,  სამუშაო ადგილის მდებარეობა, სამუშაო ზონაში გადაადგილების თავისუფლება და გულშემატკივრობის  უნარი.  უფრო  ზუსტად  ფაქტორები   განისაზღვრება არაფორმალურ ორგანიზაციაში მიღებული ნორმებით. მაგალითად,  ზოგმა  ორგანიზაციამ შეიძლება დიდი ასაკი ჩათვალოს დადებით ნიშნად,  ზოგმა  კი  _  პირიქით.

არაფორმალურ ლიდერს აკისრია ორი უმთავრესი ფუნქცია: დაეხმაროს ჯგუფს მიზნების მიღწევაში; მხარი  დაუჭიროს  მას  და  განამტკიცოს  მისი  არსებობა.  ზოგჯერ  ამ ფუნქციებს ასრულებენ სხვადასხვა ადამიანები. ასეთ შემთხვევაში არაფორმალურ ორგანიზაციას ჰყავს ორი ლიდერი: ერთი დასახული მიზნის მისაღწევად, მეორე სოციალური ურთიერთობების მოსაწესრიგებლად.