არაფორმალური ორგანიზაციების მართვა

არაფორმალური  ორგანიზაციების მართვა

ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე,    ბ.მღებრიშვილი,    ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის  საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია
სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.
გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008

არაფორმალური და ფორმალური ორგანიზაციების ურთიერთობას, აგრეთვე, არაფორმალური ორგანიზაციების მართვას პირველად ჯორჯ ხომანსმა მიაქცია ყურადრება. ხომანსის მოდელში ერთმანეთს უკავშირდება საქმიანობის სახეები, ურთიერთდამოკიდებულება და ემოციები. (იხ. ნახ. 15.1.)

urTierTdamokidebuleba
emociebi
saqmianobis saxeebi

 

ნახ. 15.1. ჯ. ხომანსის მოდელი

 

საქმიანობის სახეებში იგულისხმება შესასრულებელი ამოცანები. ამოცანათა განხორციელების პროცესში ადამიანები ამყარებენ კონტაქტს ერთმანეთთან, გავლენას ახდენენ ერთიმეორეზე, რის შედეგადაც წარმოიშვება ემოციები ერთმანეთის და უფროსების მიმართ. სწორედ ემოციების ხასიათი განსაზღვრავს მომავალში

 

ადამიანთა საქმიანობის საბოლოო შედეგებს. ემოციებისაგან დამოკიდებულებით შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს გაცდენების რაოდენობა, კადრების დენადობა და სხვა. მაშასადამე, არაფორმალური ორგანიზაციების მართვა აუცილებელია მაშინაც კი, როცა  არაფორმალური  ორგანიზაცია  არ  არის  შექმნილი  ხელმძღვანელობის  სურვილით და არ იმყოფება მისი სრული კონტროლის ქვეშ.

არაფორმალური ორგანიზაციების მართვის ხელშემშლელი მიზეზებიდან ყველაზე უფრო გავრცელებულია არასწორი შეხედულება არაფორმალურ ორგანიზაციებზე. ზოგიერთი მენეჯერი  ჯიუტად  თვლის,  რომ  არაფორმალური  ორგანიზაციის  წარმოშობა შედეგია არაეფექტიანი მართვისა და შეიძლება მათი თავიდან აცილება მართვის ხარისხის ამაღლებით. არაფორმალური ორგანიზაციისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ხელს უშლის ხელმძღვანელობას, დაინახოს ის პოტენციური სარგებელი, რომელიც შეიძლება მან მოუტანოს ფორმალურ ორგანიზაციას. სწორი მართვის პირობებში არაფორმალური ორგანიზაციისადმი ერთგულება შეიძლება გადაიზარდოს ფორმალური ორგანიზაციისადმი ერთგულებაში.

არაეფექტიანი  მართვის  პირობებში  არაფორმალურმა  ორგანიზაციამ  შეიძლება  ხელი შეუშალოს ფორმალურ ორგანიზაციას მუშაობაში და საერთოდ დასახული  მიზნების მიღწევაში. არაფორმალური არხებით გავრცელებულმა ხმებმა (ჭორებმა) შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი დამოკიდებულება ხელმძღვანელობისადმი,  რაც  თავის მხრივ, გამოიწვევს მათი შრომის მწარმოებლურობის შემცირებას.

ვერ გამოძებნიან რა არაფორმალურ ორგანიზაციებთან ეფექტიანი ურთიერთდამოკიდებულების მეთოდებს, ხელმძღვანელები ხშირად ხელიდან უშვებენ მათი ფუნქციონირების პოტენციურ დადებით შედეგებს. ფორმალურმა ორგანიზაციამ ნებისმიერ სემთხვევაში უნდა გაუწიოს  ანგარიში  არაფორმალურ  ჯგუფებს,  სასარგებლოა თუ  საზიანო  ის  მისთვის.  იმ  შემთხვევაში,  თუ  ხელმძღვანელობა დაშლის არაფორმალურ ჯგუფს, შეიძლება წარმოიქმნას ახალი ჯგუფი, რომელიც შესაძლებელია თავიდანვე  უარყოფითად  იყოს  განწყობილი  ხელმძღვანელობისადმი. [27, გვ.446.].

მაშასადამე, საჭიროა არა არაფორმალური ორგანიზაციის დაშლა, არამედ მისი გამოყენება ფორმალური ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად. ამისათვის, სპეციალისტების აზრით, საჭიროა გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

1) არაფორმალური  ორგანიზაციის  არსებობის  აღიარება  და  იმის  გაცნობიერება,  რომ მისმა განადგურებამ შეიძლება გამოიწვიოს ფორმალური ორგანიზაციის განადგურებაც;

2) არაფორმალური ორგანიზაციის წევრებისა და  ლიდერების  მოსაზრებებში  გარკვევა;

3) გადაწყვეტილების მიღებამდე მისი არაფორმალურ ორგანიზაციაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის განსაზღვრა;

4) არაფორმალური ორგანიზაციის ცვლილებებისადმი დაპირისპირების შესასუსტებლად მისთვის გადაწყვეტილებების მიღების უფლების მიცემა;

5) ჭორების თავიდან  აცილების  მიზნით  ზუსტი  ინფორმაციის  სწრაფად  გავრცელება.