ბიზნესის როლი საზოგადოებაში

ბიზნესის როლი საზოგადოებაში

ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე,    ბ.მღებრიშვილი,    ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის  საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008

როგორც ცნობილია, ორგანიზაციაზე პირდაპირ და არაპირდაპირ მოქმედებენ მრავალრიცხოვანი ფაქტორები. თანამედროვე ორგანიზაციებზე გავლენას ახდენს საზოგადოებაც, რომელშიც ისინი ფუნქციონირებენ. XX  საუკუნის  დასაწყისში ზოგიერთი ამერიკელი ბიზნესმენი  დარწმუნებული  იყო  იმაში,  რომ  ფირმებს  თავიანთი რესურსები უნდა გამოეყენებინათ საზოგადოებისათვის სასარგებლოდ. მაგალითად, ენდრიუ კარნეგიმ (ფოლადის ბიზნესი) 350 მლნ დოლარი დააბანდა სოციალურ პროგრამებში და ააშენა 2000-ზე მეტი საჯარო ბიბლიოთეკა. . კარნეგის ნაშრომში «აყვავების  სახარება»  (1900  წ.)  განხილულ  იქნა  ქველმოქმედების  დოქტრინა, რომლის თანახმად  რენტაბელურმა  (მომგებიანმა)  ორგანიზაციებმა თავიანთი სახსრების (თანხების) ნაწილი უნდა  შეწირონ  საზოგადოების  საკეთილდღეოდ. ბიზნესის სოციალური როლის კონცეფცია იწყებს თანდათანობით შეცვლას, რაც განპირობებული იყო ბიზნესმენებსა და მთავრობას შორის თანამშრომლობის განვითარებით მეორე მსოფლიო ომისა და შემდგომ «ცივი ომის» პერიოდში. ამ პერიოდში შეიქმნა ეკონომიკური განვითარების კომიტეტი, რომელშიც შევიდნენ აშშ საქმიანი სამყაროს ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები. მართალია კომიტეტის მიზანი იყო მთავრობის კონსულტირება ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებზე, მაგრამ  კომიტეტის  მნიშვნელობა  აღმოჩნდა  უფრო  არსებითი,  ვინაიდან  ამ გზით ფართოვდებოდა საქმიანი სამყაროს მონაწილეთა როლი სოციალური და სახელმწიფოებრივი პოლიტიკის პრობლემების  გადაწყვეტაში.  გასული  საუკუნის  50- იან       წწ.       გამოჩნდა       პირველი      ფუძემდებლური       ნაშრომი                                                                                                                                         სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებზე. ხ.რ. ბოუენის წიგნში «ბიზნესმენის სოციალური პასუხისმგებლობა» განხილულია სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფციის გავრცელება ბიზნესზე, ხოლო უფრო ფართო სოციალური მიზნების გაცნობიერებამ საქმიანი გადაწყვეტილებათა მიღებისას საზოგადიებას  შეიძლება  მოუტანოს  სოციალური და ეკონომიკური სარგებლობა. [27, გვ. 146.].

საზოგადოებაში ბიზნესის როლის  შესახებ  გაიმართა  ინტენსიური  მსჯელობა გასული საუკუნის 60-70-იანი წლებში. 60-იან წლებში ბიზნესის სამყაროს მიმართ საზოგადოებრივ შეხედულებებში ჭარბობს ოპოზიციური დამოკიდებულება. საზოგადოების სხვადასხვა სფეროში  გაჩნდა  აქტიური  ინტერესი  ისეთი საკითხებისადმი, როგორიცაა მოქალაქის უფლებები, ქალთა თანასწორობა ბიზნესში, გარემოს გაჭუჭყიანება მრეწველობის ნარჩენებით, აგრეთვე კონსიუმერიზმი _ მომხმა- რებელთა  მოძრაობა  (იგულისხმება  მომხმარებელთა   საზოგადოებების   შექმნა თავიანთი უფლებების დასაცავად საქონლის ფალსიფიკაციისა და მომხმარებელთა სხვადასხვა სახის მოტყუების თავიდან აცილების მიზნით). 70-80-იან წლებში უპირატესობა მიენიჭა საკითხთა ისეთ წრეს, როგორიცაა განიარაღება, ატომური ენერგეტიკა (მაგალითად, ჩერნობილის ტრაგედია), ფლორისა და ფაუნის დაცვა,

«მესამე სამყაროს» ქვეყნების მცხოვრებთა გადარჩენა და სხვ.

თავისი ხასიათით ურთიერთსაწანააღმდეგო დასკვნები სოციალური პასუხისმგებლობის        კონცეფციის        თაობაზე                 გამოწვეულია დისკუსიით ორგანიზაციების მიზნების შესახებ. ერთ-ერთი შეხედულების მიხედვით ორგანიზაცია განიხილება როგორც ეკონომიკური მთლიანობა, რომელიც ვალდებულია ზრუნავდეს

 

მხოლოდ თავისი რესურსების გამოყენების ეფექტიანობაზე. ამრიგად, ორგანიზაცია ასრულებს პროდუქციისა და მომსახურების წარმოების ეკონომიკურ ფუნქციას, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებისათვის საბაზრო ეკონომიკის  პირობებში. ამასთან ერთად ხდება  მოქალაქეთა  უზრუნველყოფა  სამუშაოთი,  ხოლო  ბიზნესმენებისა _ მაქსიმალური მოგებითა და სათანადო გასამრჯელოთი. ამ შეხედულების თანახმად ბიზნესის ჭეშმარიტი როლია მისი რესურსების გამოყენება მოგების მისაღებად ღია კონკურენციულ ბრძოლაში პატიოსანი ბიზნესის «თამაშის წესების» სრული დაცვით. მეორე შეხედულების თანახმად ორგანიზაცია უფრო მეტია, ვიდრე  ეკონომიკური  მთლიანობა.  კერძოდ,  თანამედროვე   ორგანიზაცია გარემომცველი სამყაროს რთული ნაწილია, რომელიც მოიცავს მრავალ შემადგენელს, რომლებზეც დამოკიდებულია ორგანიზაციის თვით არსებობაც. ასეთ შემადგენელს, რომელსაც ზოგჯერ შუამავლებს უწოდებენ (ორგანიზაციასა და მთლიანად  საზოგადოებას  შორის),  განეკუთვნებიან:  ადგილობრივი   საზოგადოება, მომხმარებლები, მიმწოდებლები, ინფორმაციის საშუალებები, საზოგადოებრივი ზეგავლენის ჯგუფები, კავშირები ან გაერთიანებები, აგრეთვე მუშაკები და აქციათა მფლობელები.  მრავალფენიანმა  საზოგადოებრივმა  გარემომ  შეიძლება   ძლიერი გავლენა იქონიოს ორგანიზაციის მიზნების მიღწევაზე; ამიტომ ორგანიზაციამ უნდა გააწონასწოროს წმინდა ეკონომიკური  მიზნები  გარემოს  ამ  შემადგენელ  ეკონომიკურ  და სოციალურ ინტერესებთან. ამ თვალსაზრისით ორგანიზაცია პასუხს აგებს საზოგადოების წინაშე, რომელშიც იგი ფუნქციონირებს. ორგანიზაციებმა ამიტომ თავიანთი რესურსებისა და  ძალისხმევის  ნაწილი  უნდა  მიმართონ  სოციალური არხებით საზოგადოების კეთილდღეობისა და სრულყოფისათვის, პასუხისმგებლობით იმოქმედონ ისეთ მრავალფეროვან სფეროებში, როგორიცაა საცხოვრებელი  გარემოს დაცვა, ჯანმრთელობის დაცვა და  უსაფრთხოება,  სამოქალაქო  უფლებები, მომხმარებლის ინტერესების დაცვა და ა.შ.

ბიზნესის როლთან მიმართებაში უნდა გაკეთდეს განსხვავება იურიდიულ (სამართლებრივ) და სოციალურ პასუხისმგებლობას შორის. იურიდიულ პასუხისმგებლობაში გაიგება სახელმწიფოებრივი რეგულირების  კონკრეტული კანონებისა და ნორმების დაცვა, სახელდობრ რა შეუძლია და რა არ უნდა გააკეთოს ორგანიზაციამ (ფირმამ). თითოეულ საკითხზე არსებობს ასობით კანონები და ნორმატივები, მაგალითად, რამდენი ტექნიკური ნივთიერებები შეიძლება იყოს სამრეწველო  ჩასადინარში;  როგორ  გამოირიცხოს  დისკრიმინაცია   სამუშაოზე მიღებისას (დაქირავებისას); როგორია პროდუქციის უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები; როგორი ტიპის საქონელი შეიძლება გაიყიდოს სხვა ქვეყნებში. ორგანიზაცია, რომელიც იცავს აღნიშნულ კანონებსა და ნორმატივებს, იურიდიული პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს, მაგრამ  იგი  არ  შეიძლება  ჩაითვალოს  სოციალურად პასუხისმგებელ ორგანიზაციად. სოციალური პასუხისმგებლობა იურიდიული პასუხისმგებლობისაგან განსხვავებით გულისხმობს ორგანიზაციის მხრიდან სოციალურ პრობლემებზე ნებაყოფლობითი გამოხმაურების (რეაგირების) განსაზღვრულ დონეს.