გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის მოდელირება

გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის მოდელირება

ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე,    ბ.მღებრიშვილი,    ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის  საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008

მოდელების გამოყენება მართვის მეცნიერების ერთ-ერთი თავისებურებაა. მოდელირების კონცეფციის არსებობა განპირობებულია მართვის პრობლემების სირთულითა და რეალურ ცხოვრებაში ექსპერიმენტის ჩატარების სიძნელეებით. მოდელის მეშვეობით შესაძლებელი ხდება რეალურად არსებული ცხოვრებისეული სიტუაციის  გამარტივება,  რაც  უზრდის  მენეჯერს  შესაძლებლობას  გაერკვეს  მის   წინაშე მდგომი პრობლემის არსში და გადაწყვიტოს ის.

მოდელირება დღეისათვის ერთადერთი სისტემატიზებული ხერხია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მომავლის ვარიანტების დანახვა და ალტერნატიული გადაწყვეტილებების პოტენციური შედეგების განსაზღვრა.

არსებობს მოდელირების სამი საბაზო ტიპი: ფიზიკური, ანალოგიური და მათემატიკური.

ფიზიკურ მოდელად ითვლება ის, რაც გამოიკვეთება ობიექტის ან სისტემის გადიდებული, ან შემცირებული აღწერის მეშვეობით. ფიზიკურ მოდელს უწოდებენ პორტრეტულ მოდელსაც. მას მიეკუთვნება, მაგალითად, ქარხნის ნახაზი (სქემა). ფიზიკური მოდელი აიოლებს აღქმის პროცესს და ეხმარება მენეჯერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ქარხნის ნახაზი საშუალებას იძლევა დადგინდეს მოწყობილობათა განთავსების შესაძლებლობები. ახალი მანქანების მოდელები მათი წარმადობის დადგენის შესაძლებლობას იძლევა. შენობების მოდელების შექმნა საშუალებას აძლევს სათანადო სამსახურებს განსაზღვრონ მისი აშენების მიზანშეწონილება ამა თუ იმ ადგილზე, ესთეტიკური თუ სხვა მოსაზრებით.

ანალოგიური მოდელი არის საკვლევი ობიექტის ანალოგი, რომელიც მოქმედებს როგორც რეალური  ობიექტი,  მაგრამ  არ  გამოიყურება  ასეთად.  წარმოების  მოცულობისა და  ხარჯების  თანაფარდობის  ამსახველი  გრაფიკი  ანალოგიური მოდელია, რომელიც აჩვენებს წარმოების დონის გავლენას ხარჯებზე. ანალოგიურ მოდელს მიეკუთვნება, აგრეთვე, ორგანიზაციის სტრუქტურული სქემა.  იგი  წარმოადგენს ორგანიზაციის ქვედანაყოფებს შორის არსებული რთული კავშირების გამოვლენის უფრო მარტივ და ეფექტიან ხერხს, ვიდრე ვთქვათ მუშაკთა ურთიერთკავშირის სახეების ჩამოთვალი

მათემატიკური მოდელი გულისხმობს ობიექტის ან მოვლენის ნიშან-თვისების  აღწერას სიმბოლოების დახმარებით, ამიტომ უწოდებენ მას სიმბოლურ მოდელსაც. მათემატიკური მოდელების გამოყენებით შესაძლებელია განსაკუთრებით რთული მოვლენების არსში გარკვევა. საგულისხმოა, რომ ყველაზე ხშირად ორგანიზაციული გადაწყვეტილებების მიღებისას გამოიყენება მათემატიკური მოდელები.

მოდელირების პროცესი შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:

–  ამოცანის დასმა;

–  მოდელის აგება;

– მოდელის შემოწმება საიმედოობაზე;

– მოდელის გამოყენება (იხ. ნახ. 9.1.).

ამოცანის  დასმა  ძალიან  მნიშვნელოვანი  ეტაპია  მოდელირების   პროცესში, შეიძლება  ითქვას  უფრო  მნიშვნელოვანი,  ვიდრე  მისი  გადაწყვეტა.  საქმე  ის  არის,  რომ მხოლოდ პრობლემის ზუსტად განსაზღვრის პირობებშია შესაძლებელი მისი ოპტიმალური გადაწყვეტის გზების გამოძებნა.

 

ამოცანის სწორად განსაზღვრის  შემდეგ  უნდა  დადგინდეს  მოდელირების  ძირითადი მიზეზები, მისთვის  საჭირო  ინფორმაცია  და  ინფორმაცია,  რომელიც მიიღება მოდელის გამოყენებით. თუ  მოდელის  აგების  პოტენციური  ხარჯები  აღემატება მისი მეშვეობით მისაღებ შედეგებს, ის ვერავითარ წვლილს ვერ შეიტანს ორგანიზაციის წინსვლაში დასახული მიზნისაკენ და საჭიროა მასზე უარის თქმა.

ამის შემდეგ ხორციელდება მოდელის შემოწმება საიმედოობაზე. შემოწმების ერთ- ერთი ასპექტი გულისხმობს მოდელის რეალურ სამყაროსთან შესაბამისობის ხარისხის დადგენას. უნდა გაირკვეს, არის თუ არა ჩართული მოდელში რეალური სიტუაციის  ყველა არსებითი ხასიათის პრობლემა. ეს ბუნებრივია, არ არის მარტივი საქმე, განსაკუთრებით  კი  მაშინ,  როცა  გადასაწყვეტია  რთული  ამოცანა.  მართვის მოდელების შემოწმებამ უჩვენა, რომ ისინი არ არიან სრულყოფილნი, რადგან  არ მოიცავენ ყველა რელევანტურ ცვლადს (ფაქტორს). ცხადია, რაც უკეთესად ასახავს მოდელი რეალურ მდგომარეობას, მით მაღალია მისი,  როგორც  მენეჯერის ხელშემწყობის, პოტენციალი კარგი გადაწყვეტილების მიღების საქმეში. მოდელის შემოწმების მეორე ასპექტი გულისხმობს იმის გარკვევას, თუ მისი საშუალებით მიღებული ინფორმაცია როგორ დაეხმარება მენეჯერს პრობლემის გადაწყვეტაში.

 

amocanis dasma
modelis Semowmeba saimedoobaze
modelis danergva
modelis ageba

 

nax.  9.1.  modelirebis  procesis etapebi

 

მოდელირების პროცესის ბოლო ეტაპია მოდელის დანერგვა. მართვის მეცნიერების მოდელების გამოყენების მხრივ დღეს არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა. ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიც აშშ-ია, მართვის მეცნიერების მოდელები კორპორაციათა დონეზე სრულად ან თითქმის სრულად გამოიყენება მხოლოდ 60 პროცენტის ფარგლებში. ამის  ძირითადი  მიზეზი,  ალბათ  ისაა, რომ  მენეჯერებს ეშინიათ მოდელების გამოყენების ან არ იციან მათი გამოყენების მნიშვნელობა. მოდელების გამოყენებას ხელს უშლის, აგრეთვე ცვლილებებისადმი, სიახლეებისადმი ადამიანთა წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება.

მოდელი, პრაქტიკაში  წარმატებითაც  რომ  გამოიყენონ,  საჭიროა  მისი  პერიოდულად განახლება, ორგანიზაციის გარემომცველ სამყაროში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად.