გადაწყვეტილების მიღების მეთოდები
ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე, ბ.მღებრიშვილი, ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008
მართვის პროცესში გამოყენებული გადაწყვეტილებათა მიღების ნებისმიერი მეთოდი შეიძლება განხილულ იქნეს როგორც მოდელირების სახესხვაობა. მათ მიეკუთვნება საგადასახადო მატრიცა და «გადაწყვეტილებათა ხე».
საგადასახადო მატრიცა სტატისტიკის ერთ-ერთი მეთოდია, რომლის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალტერნატიული ვარიანტებიდან ოპტიმალური ვარიანტის არჩევის პროცესში. მთლიანობაში საგადასახო მატრიცა უფრო სასარგებლოა მაშინ, როცა ალტერნატივების რიცხვი შეზღუდულია გონივრულად და ის, რაც შეიძლება მოხდეს არ არის გარკვევით ცნობილი.
საგადასახადო მატრიცის მოსალოდნელი მნიშვნელობის განსაზღვრაზე უშუალო გავლენას ახდენს მენეჯერის მიერ მოვლენათა განვითარების მოსალოდნელი ალბათობის გათვალისწინება. ალბათობის გაუთვალისწინებლად გადაწყვეტილება ყოველთვის გადაიხრება უფრო ოპტიმალური შედეგების მიმართულებით. მაგალითად, თუ ინვესტორებს შეუძლიათ გამარჯვებულ კინოსურათზე მიიღონ დაბანდებული კაპიტალის 50%, ხოლო კაპიტალის სავაჭრო ქსელში ჩადებით ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 20%, ბუნებრივია, ისინი კაპიტალს დააბანდებენ კინოწარმოებაში. მაგრამ, თუ მხედველობაში მიიღებენ, რომ დიდი არ არის კინოფილმის წარმატების ალბათობა, მიმზიდველადაც კი მოეჩვენებათ 20% შემოსავალი სავაჭრო ქსელიდან.
ალტერნატივის მოსალოდნელი მნიშვნელობა წარმოადგენს შესაბამის ალბათობაზე გამრავლებულ შესაძლო მნიშვნელობას. მაგალითად, თუ მენეჯერი ჩათვლის, რომ სახსრების დაბანდება (როგორც მოქმედების სტრატეგია) ტკბილეულით მოვაჭრე მაღაზიაში 0,5 ალბათობით უზრუნველყოფს 6 000 დოლარ წლიურ მოგებას, 0,3
ალბათობით _ 4 000 დოლარს, ხოლო 0,2 ალბათობით _ 3000 დოლარს. მოსალოდნელი მნიშვნელობა შეადგენს 4 800 დოლარს. (6000X0,5+- 4000X0,3+3000X0,2).
ყოველი ალტერნატივის მოსალოდენლი მნიშვნელობის განსაზღვრით და შედეგების მატრიცის სახით განლაგებით მენეჯერი დაადგენს მოცემული კრიტერიუმების პირობებში უკეთეს არჩევანს. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ალბათობის ზუსტად განსაზღვრის პირობებში «გადაწყვეტილებათა ხე» და
საგადასახადო მატრიცა ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით უფრო ხარისხიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას იძლევა.
«გადაწყვეტილებათა ხე» გადაწყვეტილებათა მიღების პრობლემების სქემატური წარმოდგენაა. მისი მეშვეობით საგადასახადო მატრიცის მსგავსად შესაძლებელი ხდება მოქმედების უკეთესი მიმართულების შერჩევა არსებული ვარიანტებიდან.
«გადაწყვეტილებათა ხე» შესაძლებლობას აძლევს მენეჯერს შეუდაროს ერთმანეთს სხვადასხვა მოქმედების შედეგი მოსალოდნელი ალბათობის გათვალისწინებით. მოსალოდნელი მნიშვნელობის კონცეფცია განუყოფელი ნაწილია «გადაწყვეტილებათა ხის» მეთოდის.
«გადაწყვეტილებათა ხის» მეთოდი შეიძლება გამოიყენონ სიტუაციებში, რომლებშიც სარგებლობენ საგადასახადო მატრიცით. ამასთან ის შეიძლება აიგოს უფრო რთულ სიტუაციებში, როცა ერთი გადაწყვეტილების შედეგები მოქმედებს შემდგომ გადაწყვეტილებებზე. ამრიგად, «გადაწყვეტილებათა ხე» სასარგებლო ინსტრუმენტია თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მისაღებად.