გადაწყვეტილების შემუშავებისა და მიღების პროცესზე მოქმედი ფაქტორები
ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე, ბ.მღებრიშვილი, ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008
მმართველობითი (სამმართველო) გადაწყეტილების მიღების პროცესზე მოქმედი
მრავალრიცხოვანი ფაქტორებიდან ძირითადია: მენეჯერის პიროვნული თვისებები, რისკის დონე, გადაწყვეტილების მიღების დრო და გარემო, ინფორმაცია, ქცევითი შეზღუდვები, გადაწყვეტილებათა ნეგატიური შედეგები და ურთიერთდამოკიდებულება.
ყველა სამმართველო გადაწყვეტილება პირველ რიგში ემყარება მენეჯერის პიროვნულ თვისებებს. საერთოდ, ყოველი ადამიანი ინდივიდუალურად აფასებს მოვლენებს, რაც განსაზღვრავს მის მოქმედებას და მიღებული გადაწყვეტილებების შინაარს. პიროვნული ღირსებები გადაწყვეტილების მიღებისას ხშირად გამოდის კომპრომისის როლში, რომელიც ადამიანს ეხმარება სასურველი ალტერნატივის შერჩევაში.
მხოლოდ პიროვნული თვისებები თუ აიძულებს ადამიანს მიაწოდოს კოლეგას საქმის სათანადოდ განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია, თუნდაც ის მომავალში მისი მთავარი კონკურენტი გახდეს. მენეჯერი როგორი ლოიალურიც არ უნდა იყოს, ის აუცილებლად გაათავისუფლებს სამსახურიდან ზარმაც თანამშრომელს, თუ აღიარებს მუშაკთა თანასწორუფლებიანობას.
სამმართველო გადაწყვეტილების მიღების პროცესისაგან დამოკიდებულებით ცნება
«რისკი» ნიშნავს არა საშიშროებას, არამედ ალტერნატივების მოსალოდნელი შედეგების განხორციელების დონეს. იმ შემთხვევაში, როცა მენეჯერმა ზუსტად იცის ალტერნატიული ვარიანტების მოსალოდნელი შედეგები, გადაწყვეტილება მიიღება განსაზღვრულობის პირობებში და ის ერთია მხოლოდ. მაგრამ ზოგჯერ არ ხერხდება ალტერნატივების მოსალოდნელი შედეგების დადგენა. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება გაურკვევლობის, განუსაზღვრელობის, ანუ რისკის პირობებში. გადაწყვეტილებათა შედეგების ალბათობა დგინდება, როგორც მოცემული მოვლენის განხორციელების ხარისხი და იცვლება 0-დან 1-მდე. ყველა ალტერნატივის ალბათობათა ჯამი ტოლი უნდა იყოს 1-ის. ალბათობის განსაზღვრის უფრო
სასურველი ხერხია ობიექტურობა. ალბათობა ითვლება ობიექტურად თუ ის განისაზღვრება მათემატიკური მეთოდებით ან დაგროვებული გამოცდილების სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე. ობიექტურია ალბათობა იმისა, რომ მონეტის ორი მხარის პირობებში დაეცემა მისი რომელიმე მაჩვენებელი ყველა შემთხვევაში 50%-ია. ობიექტურია აგრეთვე სიცოცხლის დაზღვევით დაკავშირებული კომპანიის მიერ მოსახლეობის სიკვდილიანობის დონის პროგნოზირება. არსებული მონაცემების სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე სადაზღვევო კომპანიას შეუძლია მაქსიმალური სიზუსტით დაადგინოს განსაზღვრული ასაკის ადამიანთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი და მასზე დაყრდნობით სადაზღვევო შენატანების ოდენობა. ალბათობის ობიექტურობაზე დიდ გავლენას ახდენს ინფორმაციის მოცულობა. რამდენიმე ათეული ოჯახის მონაცემებზე დაყრდნობით გაანგარიშებული პროგნოზი ბუნებრივია, არ იქნება საიმედო.
გადაწყვეტილების მიღების რისკის დონე მაღალია ცვალებად გარემოში, ვინაიდან გართულებულია ფაქტორების აღრიცხვა, რის გამოც შეუძლებელი ხდება მათ შესახებ რელევანტური ინფორმაციის მოპოვება.
ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ოპერატიულად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში დროზე ადრე. გადაწყვეტილების მიღება არც უნდა დაგვიანდეს, თორემ შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია და ის გახდეს ნაკლებად მნიშვნელოვანი. დროის ფაქტორის გავლენა ზოგიერთ სიტუაციაში იმდენად ძლიერია, რომ მენეჯერი იძულებული ხდება მიიღოს ინტუიციური გადაწყვეტილება მაშინ, როცა უკეთესია შექმნილი ვითარების ანალიზი და განსჯაზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილების მიღებაზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორია ინფორმაცია. მხოლოდ რელევანტური და ზუსტი ინფორმაციაა ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღების გარანტია. ინფორმაცია ხშირად მიუწვდომელია და თანაც ძალიან ძვირია მისი მოპოვება. ასეთ შემთხვევაში ხელმძღვანელობა ჯერ განსაზღვრავს მოსალოდნელ მოგებას საძიებელი ინფორმაციიდან და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს
გადაწყვეტილებას მის შეგროვებაზე.
ორგანიზაციისათვის ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას ახდენს ქცევითი ხასიათის ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ნეგატიური დამოკიდებულება რაიმესადმი ან ვინმესადმი, პიროვნული მიკერძოება, ინფორმაციის აღქმა. ასეთი ფაქტორები ხშირად იწვევენ შეუთანხმებლობასა და კონფლიქტებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. განსხვავებული დამოკიდებულება ხელქვეითებისადმი და პიროვნული მიკერძოებულობა ხშირად ხდება არასწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, მენეჯერმა შეიძლება მხარი დაუჭიროს ან არ დაუჭიროს კოლეგის პროექტს წმინდა პიროვნული თვალსაზრისით _ მას მოსწონს ან არ მოსწონს იგი. ასეთი მენეჯერი საშიშია ორგანიზაციისათვის. არასწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ზოგჯერ ინფორმაციის არასწორი აღქმაა.
სამმართველო გადაწყვეტილების მიღებას და რეალიზაციას ზოგჯერ თან ახლავს ნეგატიური შედეგები. მაგალითად, მაღალი ხარისხის პროდუქციის გამოშვების შესახებ გადაწყვეტილებას მოყვება ხოლმე ხარჯების ზრდა. ავტომატური საწარმოო ხაზების გამოყენებამ საერთო ხარჯების შემცირების პირობებში შეიძლება გამოიწვიოს ლოიალურად განწყობილი მუშაკების გათავისუფლება და სხვა. გადაწყვეტილებათა რეალიზაციისას სავარაუდო ნეგატიური შედეგები აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მენეჯერებმა და წავიდნენ კომპრომისზე, თუ ეს მომგებიანი იქნება ორგანიზაციისათვის. ამასთან ზოგიერთი ნეგატიური შედეგი არავითარ შემთხვევაში
არ უნდა იქნეს დაშვებული ხელმძღვანელობის მიერ. ასეთ ნეგატიურ შედეგებს მიეკუთვნება კანონებისა და ეთიკური ნორმების დარღვევა.
ორგანიზაციებში მიღებული ყველა გადაწყვეტილება დაკავშირებულია ერთმანეთთან. თითქმის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მოითხოვს ასობით ნაკლებად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას. მაგალითად, თუ ორგანიზაცია გადაწყვეტს შტაბ-ბინის სხვა ქალაქში გადატანას, იმავდროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები მუშაკებისათვის გადაადგილებით მიღებული დანაკარგების ანაზღაურებაზე, ახალი თანამშრომლების დაქირავებაზე და სხვა. საერთოდ, ორგანი- ზაციებში ხელმძღვანელობის უმაღლეს საფეხურს აღწევენ ისინი, რომელთაც აქვთ გადაწყვეტილებათა ურთიერთკავშირის დანახვის უნარი.