გადაწყვეტილების ცნება

გადაწყვეტილების ცნება

ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე,    ბ.მღებრიშვილი,    ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის  საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008

გადაწყვეტილება  მმართველობითი  (სამმართველო)  პროცესის  შემადგენელი ნაწილია. გადაწყვეტილების მიღების გარეშე  არც  ერთი  საქმიანობა  არ  განხორციელდება.

გადაწყვეტილების მიღება გულისხმობს ალტერნატივის არჩევას.

ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, ან ნაკლებად მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების თანამგზავრის არჩევა, ნაკლებად მნიშვნელოვანი _ სამუშაო ტანსაცმლის შერჩევა. ყოველდღიურად ადამიანი იღებს ძალიან ბევრ უმნიშვნელო გადაწყვეტილებებს, სერიოზული მოფიქრების გარეშე, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები კი მიიღება მხოლოდ ჯეროვანი გააზრების საფუძველზე. უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებას დღეები, თვეები და ზოგჯერ წლებიც კი სჭირდება. თუმცა ისეც ხდება, რომ ადამიანი ნაკლებად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას  იღებს  ძნელად,  უმნიშვნელოვანესს კი _ ყოველგვარი მოფიქრების გარეშე, იმპულსურად.

გადაწყვეტილების მიღებისათვის განხორციელებული ქმედებები დაიყვანება მოქმედების მიმართულების შერჩევაზე. საერთოდ ძნელია კარგი გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანის ქცევა არ არის ყოველთვის ლოგიკური. ზოგჯერ ადამიანზე დიდ გავლენას ახდენს რიგი ფსიქოლოგიური ფაქტორები, კერძოდ, სოციალური წეს-ჩვეულებები, დაგროვილი გამოცდილება, პიროვნული ფასეულობები.

კონკრეტული ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოქმედებს პირველ რიგში მის  პირად  ცხოვრებაზე  და  ნაკლებად  უკავშირდება  სხვა  ადამიანებს;  მენეჯერის  მიერ  მიღებულ  გადაწყვეტილებებზე  კი   დამოკიდებულია   სხვა ადამიანების ბედი. მენეჯერი ირჩევს მოქმედების მიმართულებას არა მხოლოდ თავისთვის, არამედ მთელი ორგანიზაციისთვისაც. ამიტომ ის  დიდი  სიფრთხილით უნდა მოეკიდოს გადაწყვეტილების მიღების საკითხს;  მისი  არჩევანი  ხომ  დიდ  გავლენას ახდენს ორგანიზაციაში  მომუშავე  ადამიანების  ცხოვრებაზე.  მძიმე  მორალური  ტვირთია  მენეჯერისათვის  უმნიშვნელოვანესი  გადაწყვეტილების  მიღებაზე პასუხისმგებლობა, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს მართვის უმაღლეს დონეზე. მაგალითად, თუ მენეჯერი შეცდა და სამსახურიდან გაათავისუფლა კარგი მუშაკი, დაზარალდება ორგანიზაციაც და თვითონ მუშაკიც, მაგრამ, თუ ცუდი მუშაკისაგან არ განთავისუფლდა ორგანიზაცია, ის შეიძლება ძალიან დაზარალდეს.  ცუდი მუშაკი, გარდა იმისა, რომ  ვერ  მუშაობს  სათანადო  დონეზე,  უარყოფით  გავლენას ახდენს  დანარჩენ  მუშაკებზეც.  გამომდინარე  აღნიშნულიდან  მენეჯერმა  უნდა მიიღოს მხოლოდ სათანადოდ მოფიქრებული და დასაბუთებული გადაწყვეტილებები.