გარე გარემო ბიზნესში. პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების ფაქტორები

გარე  გარემო  ბიზნესში.  პირდაპირი  და  არაპირდაპირი  ზემოქმედების ფაქტორები

ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე,    ბ.მღებრიშვილი,    ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის  საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008

გარეშე გარემოში მოქმედი ფაქტორებიდან ორგანიზაციის საქმიანობაზე პირდაპირ ზემოქმედებენ მიმწოდებლები, კანონები და სახელმწიფო ორგანოები, მომხმარებლები, კონკურენტები.

მიმწოდებლები ითვლებიან ორგანიზაციის  საქმიანობაზე  მოქმედ  ერთ-ერთ  ძირითად ფაქტორად.  მათგან  იღებს  ორგანიზაცია  მატერიალურ,  შრომით  და ფინანსურ რესურსებს. ამ მიმართულებით ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე უშაუალოდ დამოკიდებულია ორგანიზაციის მუშაობის შედეგები. მატერიალურ რესურსებს მიეკუთვნება მასალები, მოწყობილობა, ენერგია. ზოგიერთ ორგანიზაციაში საჭიროა მასალების განუწყვეტელი მიწოდება, რაც მოითხოვს მიმწოდებლებთან მჭიდრო კავშირურთიერთობას. მიწოდებაში წყვეტილობამ, ან მატერიალური რესურსების სათანადო რაოდენობით მიუწოდებლობამ შეიძლება

 

დიდი სიძნელეები შეუქმნას ორგანიზაციას. მაგალითად, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება მანქანათსაშენებელი დარგის ნებისმიერი ორგანიზაცია,  თუ  მას  დროულად არ  მიეწოდა  თუნდაც  ერთი  დეტალი.  ნებისმიერ  ორგანიზაციას  ესაჭიროება ფინანსური რესურსების მიმწოდებელი ბანკები,  აქციონერები,  კერძო  პირები.  რაც უფრო კარგად მუშაობს ორგანიზაცია, მით მეტი შესაძლებლობები აქვს ფინანსური რესურსების მიღებისათვის. ორგანიზაციის ეფექტიანად მუშაობისათვის აუცილებელია მისი უზრუნველყოფა სათანადო კვალიფიკაციის კადრებით. თანამედროვე ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში ძირითადი საზრუნავია ტალანტის მქონე მენეჯერების მიღება სამსახურში.

მენეჯერები ვალდებულნი არიან მუდმივად აკვირდებოდნენ მიმწოდებლების საქმიანობას, ერკვეოდნენ მათ ძლიერ და სუსტ მხარეებში, ფინანსურ მდგომარეობაში. მიმწოდებლების შერჩევა მენეჯერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. მიმწოდებლების შერჩევის პროცესში მან ყურადღება უნდა გაამახვილოს შემდეგ მაჩვენებლებზე:  ხელშეკრულებით  გათვალისწინებული  ვადების  დაცვა, ოპერატიულობა საქონლის მიწოდებაში, მიწოდებული  საქონლის  ხარისხის  შესაბამისობა ხელშეკრულების პირობებთან,  შეთანხმებული  ფასების  დაცვა.  ცხადია, თუ ორგანიზაციაში  მენეჯმენტი  სათანადო  დონეზეა,  სწორედ  შეირჩევა  მიმწოდებლები. ამის  შესაბამისად  შეიქმნება  რიტმულად  მუშაობის  და მომხმარებლების მოთხოვნილებების წყვეტილობების გარეშე დაკმაყოფილების შესაძ- ლებლობები. ეფექტიანი მენეჯმენტის  პირობებში  მომხმარებლების  და  საერთოდ მთელი საზოგადოების თვალში ორგანიზაციის იმიჯი მაღლდება,  რაც  აჩქარებს საქონლის და მომსახურების გაყიდვის და მოგების მიღების პროცესს.

მომხმარებლები ორგანიზაციაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორია. ნებისმიერი პროფილის (როგორც კომერციულმა,  ისე  არაკომერციულმა)  ორგანიზაციებმა,  თავიანთი საქმიანობა მომხმარებელთა პოზიციიდან უნდა შეაფასონ, მათი  თვალით  უნდა დაინახონ. ამით ეფექტიანად მუშაობის ალბათობა მკვეთრად იზრდება.  ფაქტიურად მომხმარებლები წყვეტენ, თუ რომელი პროდუქტები აწარმოონ ორგანიზაციებმა და როგორი იქნება მათი ფასი.

ორგანიზაციათა საქმიანობის რეგულირებისათვის სხვადასხვა ქვეყანაში შემუშავებულია განსაზღვრული კანონები და შექმნილია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები. მენეჯერები აუცილებლად უნდა ერკვეოდნენ ბიზნესის მარეგულირებელ კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების სტრუქტურასა და ფუნქციებში.

ძირითადი კანონები, რომლებიც დღეისათვის საქართველოში  არეგულირებენ  ბიზნესს და რომლებშიც აუცილებლად უნდა ერკვეოდნენ მენეჯერები, შემდეგია:

1) საქართველოს კანონი «მეწარმეთა შესახებ»;

2) საქართველოს კანონი მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ;

3) საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ;

4) საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ;

5) საქართველოს საგადასახადო კოდექსი.

მენეჯერებმა ორგანიზაციათა საქმიანობა ქვეყნის საშინაო ბაზარზე ამ კანონების მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა წარმართონ. ამის გარეშე მათ პრობლემები შეექმნებათ ბიზნესის  მაკონტროლებელ  და  მარეგულირებელ  სახელმწიფო ორგანოებთან. მენეჯერებმა მართვის პროცესში აუცილებლად უნდა დაიცვან ორგანიზციათა ფუნქციონირების წესები, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს კანონით «მეწარმეთა შესახებ». მათ უნდა უზრუნველყონ კონკურენციული ბრძოლის

 

წარმართვა შესაბამისად კანონის მოთხოვნებში და არ უნდა გამოიყენონ ბოროტად თავიანთი მონოპოლიური მდგომარეობა. სარეკლამო საქმიანობა აუცილებლად უნდა განხორციელდეს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით.  მენეჯერების ვალია დაიცვან მომხმარებლების უფლებები მომხმარებელთა უფლებების  დაცვის  შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. მენეჯერები კარგად უნდა ერკვეოდნენ საგასასახადო კოდექსის მოთხოვნებში და საგადასახადო ორგანიზაციებთან თავიანთი საქმიანობა უნდა წრამართონ საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესითა და პირობების გათვალისწინებით.

კონკურენტებიც დიდ გავლენას ახდენენ ორგანიზაციის საქმიანობაზე. ხშირად კონკურენტები განსაზღვრავენ თუ რომელი საქონელი  უნდა  აწარმოოს  ორგანიზაციამ  და  რა  ფასებში  გაყიდოს.  ყოველი  ორგანიზაცია  პირველ  რიგში,  მისი ხელმძღვანელობა მზად უნდა იყოს კონკურენციული ბრძოლისათვის.  წარმატება ბაზარზე  მნიშვნელოვან  წილად  სწორედ  კონკურენტებთან  დაპირისპირების   უნარსა და კონკურენციულ  ბრძოლაში  უპირატესობის  მოპოვებით  განისაზღვრება.  მენეჯერებმა საბაზრო სტრატეგია უნდა განსაზღვრონ კონკურენტული გარემოს მიხედვით. მხოლოდ კონკურენტულ გარემოში კარგად გარკვეულ  მენეჯერებს  შეუძლიათ  კონკურენტული  ბრძოლის  ქმედითი  მეთოდებისა  და   ხერხების   შერჩევა და პრაქტიკაში გატარება.

ორგანიზაციაზე არაპირდაპირი ზემოქმედების ფაქტორების გათვალისწინება მენეჯერებისათვის უფრო რთულია პირდაპირი ზემოქმედების ფაქტორებთან  შედარებით,  თუმცა  მათი  გავლენა  არ  არის  ისე  შესამჩნევი.  მიუხედავად  აღნიშნულისა მენეჯერებმა აუცილებლად უნდა  გაითვალისწინონ  თავიანთ  საქმიანობაში არაპირდაპირი ზემოქმედების ფაქტორები.

არაპირდაპირი ზემოქმედების ფაქტორებს მიეკუთვნება ტექნოლოგია, ეკონომიკის განვითარების მდგომარეობა, სოციალურ-კულტურული და პოლიტიკური ფაქტორები, ადგილობრივი საზოგადოება.

ტექნოლოგია წარმოადგენს დიდი მნიშვნელობის მქონე როგორც გარე, ისე შიგა ფაქტორს. ორგანიზაციის გარე გარემოში მომხდარი ტექნოლოგიური  სიახლეები გავლენას ახდენენ  მისი  მუშაობის  ეფექტიანობაზე,  ინფორმაციის  შეგროვების, შენახვისა და დამუშავების პროცესზე, საქონლის მოძველების სიჩქარეზე და სხვა. ორგანიზაციები იძულებულნი არიან ფეხდაფეხ მიჰყვნენ სიახლეებს მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში, უპირველეს ყოვლისა კი იმ  სიახლეებს,  რომლებზეც დამოკიდებულია მათი საქმიანობის ეფექტიანობა.  ცხადია  ის  ორგანიზაციები,  რომელთა მენეჯერებიც მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევებს დროულად ნერგავენ პრაქტიკაში, გამარჯვებულები გამოდიან კონკურენციულ ბრძოლაში. სიახლეებთან დაპირისპირება ორგანიზაციებს  კონკურენციულ  ბრძოლაში  გამარჯვების  შანს  უკარგავს. ხშირად ასეთი ორგანიზაციები საერთოდ ქრებიან არენიდან.

ქვეყანაში შექმნილი საერთო ეკონომიკური მდგომარეობა, გავლენას ახდენს რესურსების ღირებულებაზე, აგრეთვე, მომხმარებელთა  მიერ  საქონლის  შეძენის უნარზე, გამომდინარე აღნიშნულიდან მთელ  ორგანიზაციაზე.  ყველა  ორგანიზაცია უნდა ეცადოს წარმართოს თავისი საქმიანობა ეკონომიკაში  მოსალოდნელი  ცვლილებების გათვალისწინებით. თუ მოსალოდნელია ეკონომიკური დაცემა, ორგანიზაციამ შეიძლება აირჩიოს მზა ნაწარმის  მარაგის  შემცირების  გზა  მისი  გასაღების მოსალოდნელი გაძნელების გამო,  შეაჩეროს  წარმოების  გაფართოების პროცესი და სხვა.

 

საერთო ეკონომიკური ფაქტორებიდან მენეჯერის ყურადღების ცენტრში პირველ რიგში, უნდა მოექცეს შემოსავლების  სიდიდე,  ფასები,  დანაზოგები,  კრედიტის  მიღების შესაძლებლობა და მისი დაფარვის პირობები. მეტად მნიშვნელოვანია ეკონომიკური კრიზისისა და უმუშევრობის მაჩვენებლების გაანალიზება და გათვალისწინება ორგანიზაციათა საქმიანობის წარმართვის პროცესში.

სოციალურ-კულტურული ფაქტორებიდან ორგანიზაციათა საქმიანობაზე დიდ გავლენას ახდენს ცხოვრებისეული ფასეულობები და ტრადიციები. განასხვავებენ პირველად და მეორად აუცილებელ ფასულობებს.  პირველადი  ფასეულობები გაცილებით უფრო მყარია, ვიდრე მეორადი. მაგრამ ცვლილებებს ისინიც განიცდიან. მენეჯერების ვალია სოციალურ-კულტურულ ფასეულობებში მომხდარი ცვლილებები გაითვალისწინონ მართვის პროცესში, რომ არ შეფეხდეს მათი საქონლისა და მომსახურების გაყიდვა ბაზარზე. დღეისათვის საქართველოში მცხოვრები ადამიანების ტრადიციებმა გარკვეული ცვლილებები განიცადა. გაიზარდა პირველ რიგში ახალგაზრდებში, იმ ადამიანთა რაოდენობა რომლებიც ეწევიან სიგარეტს, სადილობენ რესტორნებში, უპირატესობას ანიჭებენ მოგზაურობას. ამან ბიზნესის  შესაბამისი  სახეების გაფართოების შესაძლებლობები შექმნა ქვეყანაში. ცხადია, რომელი ორგანიზაციის  ხელმძღვანელობა  დროულად  აღიქვამს  ბაზარზე   მომხდარ ცვლილებებს, ის ორგანიზაცია გაძლიერდება და გაბატონდება ბაზარზე.

ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობაზე გავლენას ახდენს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება. არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა უარყოფითად მოქმედებს ორგანიზაციათა საქმიანობაზე და ართულებს  მათი  მართვის  პროცესს.  თუმცა პრაქტიკაში არის  შემთხვევები,  როცა  არასტაბილურ  ვითარებაში  ორგანიზაციები უფრო მეტ მოგებას იღებენ. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მენეჯერების დამსახურებაა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც არაპირდაპირ ზემოქმედებს ორგანიზაციის საქმიანობაზე, არის ადგილობრივ საზოგადოებასთან ურთიერთობა. ყოველი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა უნდა  ესწრაფვოდეს  ნორმალურ ურთიერთობას ადგილობრივ საზოგადოებასთან და მისი  მოთხოვნების  გათვალისწინებას თავის საქმიანობაში,  თუ  სურს  ადგილობრივ  გარემოში ორგანიზაციის ფუნქიონირება იყოს ეფეფქტიანი.