მართვის არსი და აუცილებლობა
ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე, ბ.მღებრიშვილი, ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008
მართვა ადამიანის საქმიანობის სახეა, რომელიც გამოიხატება სხვა ადამიანების მუშაობის კოორდინაციაში დასახული მიზნის მისაღწევად. კონკრეტულად მართვის არსი ვლინდება ჰორიზონტალურად დანაწილებული შრომის კოორდინაციაში შრომის ვერტიკალური დანაწილების მეშვეობით. ორგანიზაციებში დასაქმებული მუშაკების საქმიანობის კოორდინაციის აუცილებლობა შრომის ვერტიკალური დანაწილების გზით წარმოადგენს იმ საფუძველს, რომელზეც აღმოცენდა და განვითარდა მენეჯმენტი.
პატარა ორგანიზაციებში ადამიანთა ის ჯგუფი, რომელიც მართვის პროცესს ახორციელებს, მკაფიოდ არ არის ერთმანეთისაგან გამოყოფილი. მაგალითად, პატარა
მაღაზიაში, რომელიც ორი ადამიანის კუთვნილებაა, მმართველობითი ფუნქციები პარტნიორებს შორის განაწილებულია მათი მუშაობის გრაფიკის შესაბამისად. ამასთან პარტნიორები ასრულებენ არამმართვლობით ფუნქციებსაც, როცა ემსახურებიან კლიენტებს. ისინი ერთმანეთს არ თვლიან უფროსებად და არიან თანასწორუფლებიანი. თუმცა მმართველობითი ფუნქციები არ არის გამოყოფილი მკაფიოდ, მენეჯმენტის მთავარი დანიშნულება _ კოორდინაციის განხორციელებაა.
დიდ და რთულ ორგანიზაციებშიც მენეჯერები ხშირად ასრულებენ სამუშაოს, რომელიც არ არის დაკავშირებული მართვასთან. მაგალითად, ხელმძღვანელი მუშაკები ხშირად თვითონ რეკავენ ტელეფონით, კონტაქტს ამყარებენ კლიენტებთან და სხვ. თითქმის ყველა ორგანიზაციაში, პატარა ორგანიზაციების გამოკლებით, მართვა მოითხოვს იმდენად დიდ დროს და ენერგიას, რომ შეუძლებელია მისი სასხვათაშორისოდ განხორციელება. ორგანიზაციის ზრდასთან ერთად ძნელდება იმის გარკვევა, თუ ვისგან უნდა მიიღონ მუშაკებმა მითითება სამუშაოს შესრულების თაობაზე. ასე, რომ, ობიექტური აუცილებლობაა მმართველობითი (სამმართველო) და არამმართველობითი (არასამმართველო) სამუშაოს ერთმანეთისაგან გამიჯვნა, ე.ი. ობიექტურად აუცილებელია ორგანიზაციებში მენეჯერთა დანიშვნა და მათი უფლება- მოვალეობების განსაზღვრა.
მმართველობითი და არამმართველობითი შრომა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. მმართველობითი შრომა შედგება მოკლევადიანი, მრავალფეროვანი და ფრაგმენტული ხასიათის სამუშაოებისაგან, მაშინ როცა არამმართველობითი შრომით დაკავებული ადამიანები ხანგრძლივი დროის მანძილზე ასრულებენ ერთი და იმავე სამუშაო ოპერაციებს. მმართველობით შრომას სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციებში აქვს უფრო ბევრი საერთო ნიშანი, ვიდრე განსხვავებული. მმართველობითი შრომა გონივრული, შემოქმედებითი ხასიათის შრომაა, რომელ ორგანიზაციაშიც არ უნდა სრულდებოდეს იგი, მაშინ როდესაც არამმართვლობითი შრომა ძირითადად ფიზიკური შრომის კატეგორიას განეკუთვნება.