მართვის დონეები
ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე, ბ.მღებრიშვილი, ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008
მმართველობითი (სამმართველო) შრომა ორგანიზაციაში იმდენად დიდი მოცულობისაა, რომ საჭირო ხდება მისი დანაწილება როგორც ჰორიზონტალურად, ასევე ვერტიკალურად.
სამმართველო შრომის ჰორიზონტალური დანაწილება ხორციელდება კონკრეტული მენეჯერების (ხელმძღვანელების) დანიშვნით ცალკეული ქვედანაყოფების სათავეში. სამმართველო შრომის ჰორიზონტალურად დანაწილებას და მის კოორდინაციას ახორციელებენ სხვა ხელმძღვანელები, რომლებიც თავის მხრივ ექვემდებარებიან სხვა ხელმძღვანელს. მაშასადამე, ხელმძღვანელთა ნაწილს უწევს სხვა ხელმძღვანელების მუშაობის კოორდინაცია. ასე გრძელდება მანამ, ვიდრე არ მიდის მართვის პროცესი იმ ხელმძღვანელამდე, რომელიც ახორციელებს ფიზიკურად მომუშავე ადამიანების საქმიანობის კოორდინაციას. სამმართველო შრომის ასეთი ვერტიკალური გაშლით ყალიბდება მართვის დონეები.
სხვადასხვა ორგანიზაციაში განსხვავებულია მართვის დონეთა რაოდენობაა. ერთ- ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს მართვის დონეთა რაოდენობას, არის ორგანიზაციის სიდიდე და სამუშაოთა ხასიათი. რაც დიდია ორგანიზაცია, მით უფრო მეტია მართვის დონეთა რაოდენობა. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, ბევრ ორგანიზაციაში მართვის დონეთა რაოდენობა ზოგჯერ გაცილებით ნაკლებია პატარა ორგანიზაციასთან შედარებით. მაგალითად, ერთ-ერთ უდიდეს ორგანიზაციას _ რომის კათოლიკურ ეკლესიას, რომელიც მილიონობით წევრს ითვლის, აქვს მართვის მხოლოდ ოთხი დონე პაპსა და მღვდელს შორის.
მართვის დონეთა რაოდენობის მიუხედავად, მენეჯერები (ხელმძღვანელები) ტრადიციულად იყოფიან სამ კატეგორიად: ძირეული (პირველი), საშუალო (შუალედური) და უმაღლესი დონის ხელმძღვანელებად (იხ. ნახ. 2.1.).
instituciuri
done |
umaRlesi rgolis marTva |
mmarTvelobiTi
(sammarTvelo done) |
saSualo rgolis marTva |
teqnikuri done |
Zireuli rgolis marTva |
ნახ. 2.1. მართვის დონეების წარმოდგენის ორი ხერხი (პირამიდა უჩვენებს, რომ მართვის ყოველ მომდევნო დონეზე ნაკლები ადამიანებია, ვიდრე წინა დონეზე).
მართვის ძირეული რგოლის (დონის) ხელმძღვანელები უშუალო კავშირში არიან არამმართველობითი შრომით დაკავებულ მუშაკებთან. მათი ძირითადი მოვალეობაა, თვალყური ადევნონ საწარმოო დავალებების შესრულებას. ისინი ხშირად პასუხს აგებენ გამოყოფილი რესურსების გამოყენებაზე. საერთოდ ხელმძღვანელთა უმრავლესობას მართვის ძირეული დონის ხელმძღვანელები შეადგენენ. ხელმძღვანელთა უმეტესობა სწორედ მართვის ძირეული დონიდან იწყებს თავის კარიერას. მართვის ძირეული დონის ხელმძღვანელთა სამუშაო დაძაბული და მრავალფეროვანია. ამ დონის ხელმძღვანელები თავიანთი სამუშაო დროის უდიდეს ნაწილს ხელქვეითებთან და ზემდგომი დონის ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში ატარებენ. ამასთან ისინი ძირითადად ურთიერთკავშირში არიან თავიანთ ხელქვეითებთან და ნაკლებად _ სხვა დონის ხელმძღვანელებთან. მართვის ძირეული დონის ხელმძღვანელებია: ოსტატი, საამქროს უფროსი, მაღაზიის სექციის გამგე და სხვა.
მართვის საშუალო (შუალედური) დონის ხელმძღვანელთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია ძირეული დონის ხელმძღვანელთა რაოდენობაზე. ისინი ბუფერის როლს ასრულებენ მართვის უმაღლესი და ძირეული დონის ხელმძღავნელებს შორის. უმაღლესი დონის ხელმძღვანელები ძირითადად მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც მართვის საშუალო დონის ხელმძღვანელების მეშვეობით დაიყვანება ძირეული დონის ხელმძღვანელებამდე. მართვის საშუალო დონის ხელმძღვანელები თავიანთ სამუშაო დროის დიდ ნაწილს უმაღლესი და ძირეული დონის ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში ატარებენ. მართვის საშუალო დონის ხელმძღვანელებია: გასაღების სამსახურის მენეჯერი, განყოფილების გამგე, ფილიალის დირექტორი და სხვა. ორგანიზაციათა უმეტესობაში მართვის უმაღლესი დონის ხელმძღვანელთა რაოდენობა მცირეა და ხშირად რამდენიმე კაცსაც კი შეიძლება ითვლიდეს. მართვის ამ დონის ხელმძღვანელები პასუხს აგებენ მთელი ორგანიზაციის საქმიანობაზე. მათზე ბევრადაა დამოკიდებული ორგანიზაციის იმიჯი.
გამოკვლევებით დადგენილია, რომ უმაღლესი დონის ხელმძღვანელთა მდგომარეობა ძალიან რთულია მათი სამუშაოს დიდი მოცულობისა და დაძაბული ხასიათის გამო. ადამიანი ამ თანამდებობაზე ჩვეულებრივ განმარტოებულია. სწორედ
ამიტომაა, რომ უმაღლესი დონის ხელმძღვანელებს აქვთ მაღალი ანაზღაურება. მართვის უმაღლესი დონის ხელმძღვანელებს მიეკუთვნება: ფირმის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, უმაღლეს სასწავლებელში რექტორი და სხვ. მართვის უმაღლესი დონის ხელმძღვანელები, როგორც გამოკვლევებით დადგინდა, თავიანთი სამუშაო დროის უდიდეს ნაწილს, დაახლოებით 59-61%-ს დაგეგმილ თათბირებსა და შეხვედრებს უთმობენ, დაუგეგმავი შეხვედრები სამუშაო დროის 10%-ს, ხოლო დოკუმენტებზე მუშაობა 20-22%-ს მოითხოვს. დანარჩენ დროს ისინი ანდომებენ ტელეფონზე საუბარს და ობიექტის შემოვლა-დათვალიერებებს (იხ. ნახ. 2.2.).
daugegmavi Sexvedrebi, 10%
Semovla-daTvali- ereba, 3%
dagegmili TaTbirebi, Sexvedrebi, 52-61%
dokumentebze (informaciaze) muSaoba, 20-22%
telefoniT saubari, 6%
ნახ. 2.2 მენეჯერის (ხელმძღვანელის) მიერ სამუშაო დროის გამოყენება.