მართვის მეცნიერების სკოლა

მართვის მეცნიერების სკოლა

ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე,    ბ.მღებრიშვილი,    ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის  საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008

მართვის მეცნიერება მეოცე საუკუნის შუახანებამდე ნაკლებად იყენებდა რაოდენობრივ მეთოდებს. მართვის თეორიის განვითარებაში  არსებითი  როლი  შეასრულა მათემატიკამ, სტატისტიკამ, საინჟინრო მეცნიერებებმა და მათთან დაკავშირებულმა ცოდნის დარგებმა. რაოდენობითი  მეთოდების  გამოყენება გულისხმობს ოპერაციათა გამოკვლევას,  რაც  თავის  მხრივ  გულისხმობს  ორგანიზაციათა მართვის პრაქტიკაში განმეორებად მოქმედებათა მათემატიკურ მოდელირებას და სისტემების შესწავლას. ყოველივე ეს კი ასახვას ჰპოვებს გადაწყვეტილებათა მიღების თეორიაში. ოპერაციათა გამოკვლევა თავისი არსით წარმოადგენს მეცნიერული კვლევის მეთოდების გამოყენებას ორგანიზაციის ოპერატიული პრობლემების გადაწყვეტაში.

თანამედროვე ეტაპზე მიუხედავად მათემატიკური მოდელების ფართოდ გამოყენებისა, მანეჯმენტის პრაქტიკაში მათი  გამოყენება  მაინც  შეზღუდულია.  ვინაიდან ოპერაციების გამოკვლევა პრაქტიკულ საქმიანობაში ხშირად უკავშირდება

 

რთულ  მათემატიკურ  გამოთვლებს,  მათი  გამოთვლისთვის  კი  საკმაოდ  დიდი  დრო  და ენერგიაა საჭირო, ეს კი მოდელების შემუშავების პროცესს აძვირებს და ხშირად მოდელებიც მოწყვეტილია რეალურ სინამდვილეს და არ შეესბამება რეალურ მდგომარეობას. ამიტომ სოციალურ-ეკონომიკური პროცესების დინამიკური ხასიათის გამო სოციალური ფაქტორების რაოდენობრივი  მეთოდებით  გაზომვა  მეტად  პირობითია.

აღნიშნული მეთოდების გამოყენებისას მუშავდება სიტუაციის მოდელი, რომელიც მისი აბსტრაქტული სახეა. მოდელი აადვილებს სიტუაციის არსში გარკვევას, რადგან მასში შესასწავლი  ფაქტორები  დაყვანილია  მართვად  რაოდენობამდე  სიმბოლოებისა  და რაოდენობრივი მნიშვნელობების გამოყენებით.

რაოდენობრივი  მეთოდების  გამოყენებას  მართვაში  ყველაზე  დიდი  სტიმული  მისცა კომპიუტერული ტექნიკის შექმნამ და განვითარებამ. სწორედ მეცნიერულ- ტექნიკურმა განვითარებამ მისცა დასაბამი მენეჯმენტის მეცნიერების ახალი მიმართულების ჩამოყალიბებას 1950 წლიდან. რაოდენობრივი (ეკონომიკურ- მათემატიკური) მეთოდების მნიშვნელობისა და მათი მართვაში გამოყენების აუცილებლობის და სარგებლიანობის განსაზღვრით დასაბამი მიეცა ახალ მიმართუ- ლებას, მართვის მეცნიერების სკოლას.

მენეჯმენტის თეორიაში რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებასთან ერთად გამოიკვეთა კიდევ ერთი მიმართულება სისტემური მიდგომის სახელწოდებით,  რომელიც მართვის პროცესში  კიბერნეტიკის  და  მართვის  ავტომატიზებული  სისტემების გამოყენებას გულისხმობს.

სისტემური მიდგომის უმთავრესი პრინციპებია: 1. გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა იწყებოდეს კონკრეტული მიზნების განსაზღვრითა და ნათლად ჩამოყალიბებით; 2. მართვის ყველა პრობლემა განხილულ  უნდა  იქნეს  როგორც  ერთიანი სისტემა; 3. აუცილებელია მიზნის მიღწევის შესაძლო ალტერნატივების განსაზღვრა და ანალიზი; 4. ცალკეული ქვესისტემის  მიზნები  უნდა  ერთმანეთს ავსებდეს და არ ეწინააღმდეგებოდეს; 6. ორგანიზაციულ სისტემაში აუცილებელია კავშირის და უკუკავშირის ფორმების დადგენა.

მენეჯმენტის განვითარებაში მართვის მეცნიერების გავლენა და როლი ნაკლებმნიშვნელოვანია ქცევითი სკოლის გავლენასტან შედარებით. ეს იმით აიხსნება, რომ, ჯერ ერთი, ხელმძღვანელთა უმეტესობას საქმე აქვს ადამიანური ურთიერთობის პრობლემებთან და არა პრობლემებთან, რომლებიც წარმოადგენს ოპერაციათა გამოკვლევის საგანს. მეორეც, მენეჯერთა დიდ ნაწილს უჭირს  რაოდენობრივი მეთოდების მართვაში გამოყენება.

მართვის მეცნიერების წვლილი მმართველობითი აზროვნების განვითარებაში ზოგადად შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: 1. რთული მმართველობითი პრობლემების გადაჭრის პროცესის გაღრმავება მოდელების აგებისა და გამოყენების მეშვეობით. 2. რაოდენობრივი  მეთოდების  გამოყენება  მართვაში  და  შემდგომი   განვითარება. მართვის პროცესში გამოთვლითი  ტექნიკისა  და  მართვის  ელექტრონული  საშუალებების ფართოდ გამოყენება, რასაც დღეისათვის სულ უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

მაშასადამე, მენეჯმენტის მეცნიერებაში ახალი ტენდენციებია: ორგანიზაციის განხილვა, როგორც ერთი მთლიანის, რომელსაც ახასიათებს დინამიკური  შიგა ცვლადები; ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს საკომანდო სტრუქტურა; მუშაკებს უნდა მიეცეთ თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოვალეობათა შესრულებაში, რაც დაეხმარება მათ საკუთარი პოტენციალის გამოვლენასა და გამოყენებაში;

 

ინფორმაციის  ხელმისაწვდომობა,  რაც  დაეხმარება  როგორც  მენეჯერებს,  ასევე მუშაკებს საჭირო ინფორმაციის მიღებაში; სამუშაო ადგილების ავტომატიზაცია და მუშაკების მიერ ბიზნეს-ოპერაციების განხორციელებაში ელექტრონული საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა.

ამრიგად, მართვის პროცესში რაოდენობრივი მეთოდების გამოყენება ეხმარება მენეჯერებს ორგანიზაციული სისტემის რთული პრობლემების ოპტიმალურ გადაწყვეტაში. სისტემათა თეორიის საშუალებით ხელმძღვანელობას შეუძლია უკეთ განსაზღვროს ფირმაში ურთიერთდამოკიდებულებები, კერძოდ, ურთიერთობები ორგანიზაციის შემადგენელ ნაწილებს შორის, ორგანიზაციული სისტემის ელემენტებს შორის, ხელმძღვანელობას და მუშაკებს შორის,  ორგანიზაციასა  და  გარე  გარემოს  შორის.