მართვის მეცნიერების ძირითადი მოდელები
ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე, ბ.მღებრიშვილი, ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008
მართვის მეცნიერების კონკრეტული მოდელების რაოდენობა ისევე დიდია, როგორც იმ პრობლემებისა, რომელთა გადასაჭრელადაც გამოიყენება ისინი. ამ მოდელებიდან ყველაზე ფართოდ გამოიყენება თამაშთა თეორია, ოპტიმალური მომსახურების მოდელები, მარაგის მართვის მოდელები და წრფივი პროგრამირება.
თამაშთა თეორია მიღებული გადაწყვეტილებების კონკურენტებზე ზემოქმედების შეფასების მოდელირების მეოდია. კონკურენტების მოსალოდნელი მოქმედების პროგნოზირება ორგანიზაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მასზეა უშუალოდ დამოკიდებული უპირატესობის მოპოვება სხვა ორგანიზაციებთან შედარებით. თამაშთა თეორიის მოდელი თავდაპირველად დაამუშავეს და გამოიყენეს სამხედრო საქმეში. ბიზნესის სფეროში ის გამოიყენება ფასების ცვლილებებზე კონკუ-
რენტების რეაქციის, გასაღებისათვის მხარდაჭერის ახალი კამპანიის, დამატებითი მომსახურების მიწოდების, ახალი პროდუქციის შექმნისა და ათვისების პროგნოზირებისათვის. თამაშთა თეორია არ გამოიყენება ისე ხშირად, როგორც აქ განხილული სხვა მოდელები.
ოპტიმალური მომსახურების მოდელები გამოიყენება არსებული მოთხოვნილების მიხედვით მომსახურების არხების ოპტიმალური რაოდენობის დასადგენად. ამ ტიპის მოდელების გამოყენება სასურველია შემდეგ სიტუაციებში: ავია ან სარკინიგზო კომპანიაში დარეკვა ადგილების დასაჯავშნად და ინფორმაციის მისაღებად, რიგში დგომა მონაცემების მანქანური დამუშავებისა და მოწყობილობების შეკეთების დროს, სატვირთო ავტომანქანების რიგი საწყობებში ტვირთის დასაცლელად. ა.შ. ამ სიტუაციათა დასარეგულირებლად საჭიროა მომსახურების არხების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა, რაც ხორციელდება ოპტიმალური მომსახურების მოდელების დახმარებით. თუ არ განისაზღვრა მოდელების დახმარებით მომსახურების არხების ოპტიმალური რაოდენობა, კლიენტები გადაინაცვლებენ კონკურენტებთან, რაც არც ბიზნესმენის ინტერესებში არ შედის.
მარაგის მართვის მოდელების გამოყენება უზრუნველყოფს საქონლის წარმოების და რეალიზაციის არხებში მარაგის გარკვეული დონის შენარჩუნებას რეალიზაციაში წყვეტილობის თავიდან აცილების მიზნით. ამ მოდელების მეშვეობით შესაძლებელია მარაგის დაგროვების უარყოფითი შედეგების მინიმუმამდე დაყვანა.
წრფივი პროგრამირება გამოიყენება დეფიციტური რესურსების განსაზღვრისათვის. წარმოების მართვაში იყენებენ წრფივი პროგრამირების შემდეგ ტიპურ მოდელებს: წარმოების გამსხვილებული დაგეგმვა, პროდუქციის ასორტიმენტის დაგეგმვა, ტექნოლოგიური პროცესების მართვა, მუშაკთა განაწილება და სხვა.
ყველა ჩამოთვლილი მოდელი გულისხმობს იმიტაციას, რადგან ისინი წარმოადგენენ რეალური სიტუაციების შემცვლელებს. როგორც მოდელირების მეთოდი, იმიტაცია მოდელის შექმნისა და რეალური სიტუაციის ცვლილებების განსაზღვრისათვის მისი ექსპერიმენტული გამოყენების პროცესს აღნიშნავს. იმიტაცია გამოიყენება ძალიან რთულ სიტუაციაში, როცა ძნელდება წრფივი პროგრამირების ტიპის მათემატიკური მოდელების გამოყენება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ცვლადების (ფაქტორების) უკიდურესად დიდი რაოდენობით, ცვლადებსა და გაურკვევლობის დონეს შორის ურთიერთკავშირის მათემატიკური ანალიზის სიძნელეებით. წარმოებისა და ფინანსების სპეციალისტებს შეუძლიათ დაამუშავონ მოდელი, რომელიც საშუალებას მისცემთ მოახდინინ მწარმოებლურობისა და მოგების მოსალოდნელი ზრდის იმიტაცია ახალი ტექნოლოგიის გამოყენების შესაბამისად. მარკეტინგის სპეციალისტმა შეიძლება შექმნას პროდუქციაზე ფასების ცვლილებისაგან დამოკიდებულებით გასაღების მოსალოდნელი მოცულობის იმიტაციური მოდელი.
მოდელირების უფრო გავრცელებული მეთოდია ეკონომიკური ანალიზი. ის თავისთავში მოიცავს ხარჯებისა და ეკონომიკური სარგებლიანობის, აგრეთვე, საქმიანობის შეფარდებითი რენტაბელობის შეფასების თითქმის ყველა მეთოდს. ტიპობრივი «ეკონომიკური» მოდელი ეფუძნება უზარალობის ანალიზს, მეთოდს, რომელიც ითვალისწინებს უზარალობის წერტილის გამოძებნას. ამ მიზნით აუცილებელია სამი ძირითადი ფაქტორის გათვალისწინება: პროდუქციის ერთეულის გასაყიდი ფასი, ცვალებადი ხარჯები პროდუქციის ერთეულზე და საერთო მუდმივი ხარჯები.
პროდქციის ერთეულის გასაყიდი ფასი უჩვენებს საწარმოს შემოსავალს საქონლის ყოველი ერთეულის გაყიდვისას. ცვალებადი ხარჯები პროდუქციის ერთეულზე
წარმოადგენს ფაქტიურ ხარჯებს, რომლებიც უშუალოად საჭიროა პროდუქციის ყოველი ერთეულის დასამზადებლად. ბუნებრივია, ერთობლივი ცვალებადი ხარჯები იზრდება პროდუქციის წარმოების მოცულობის ზრდასთან ერთად. მუდმივი ხარჯები არ იცვლება წარმოების მოცულობის ცვლილების შესაბამისად. გასაყიდი ფასი ცვალებადი ხარჯების გამოკლებით უჩვენებს გაყიდული ერთეული პროდუქციის წვლილს მოგებაში. მაგალითად, თუ ჩანთის გასაყიდი ფასი 20 დოლარია, ცვალებადი ხარჯი კი 14 დოლარი, წვლილი მოგებაში შეადგენს 4 დოლარს. ამის საფუძველზე მენეჯერს შესაძლებლობა ეძლევა განსაზღვროს მუდმივი ხარჯების დასაფარავად საჭირო პროდუქციის ოდენობა. დავუშვათ, მუდმივი ხარჯები 300 000 დოლარია. თუ მუდმივი ხარჯები გაიყოფა 6-ზე მიიღება გასაყიდი პარტიის ის მოცულობა, რომლის პირობებშიც პროექტი იქნება რენტაბელური, ე.ი. ამ შემნთხვევაში პროექტის რენტაბელობისათვის აუცილებელია 50 000 ცალი ჩანთის რეალიზაცია. უზარალობის წერტილების განსაზღვრა შედარებით მარტივი ოპერაციაა, რომელიც საწარმოს უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი მოცულობის სასარგებლო ინფორმაციით.