მენეჯმენტის სისტემაში სტრატეგიული დაგეგმვის არსის შესახებ

მენეჯმენტის სისტემაში სტრატეგიული დაგეგმვის არსის შესახებ

ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე,    ბ.მღებრიშვილი,    ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის  საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008

მენეჯმენტის ფუნქციებს  შორის  ყველაზე  მნიშვნელოვანი  ადგილი  უკავია დაგეგმვას. ამასთან, სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს სტრატეგიული დაგეგმვა.

სტრატეგიულ დაგეგმვაში  იგულისხმება  ორგანიზაციის  მიზნებსა  და  მათი  მიღწევის პოტენციურ შესაძლებლობებს შორის შესაბამისობის მიღწევა პერსპექტივაში. პრაქტიკულად სტრატეგიული დაგეგმვა გამოიხატება იმ კონკრეტულ მოქმედებებში, რომელთაც ახორციელებს ხელმძღვანელობა ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად. მენეჯმენტის სპეციალისტების ფართო აღიარებით სტრატეგიულმა დაგეგმვამ უნდა უზრუნველყოს რესურსების  განაწილება,  ორგანიზაციის  ადაპტირება  გარე სამყაროსთან, შინაგანი კოორდინაცია და ორგანიზაციული სტრატეგიის შეცნობა. აღნიშნული საკითხების წარმატებით გადაწყვეტა უშუალო კავშირშია სტრატეგიულ მენეჯმენტთან (იხ. თავი 19).

რესურსების განაწილება მოიცავს ნედლეულისა და მასალების, კაპიტალის შეზღუდული რესურსების, დეფიციტური მმართველობითი კადრებისა და ტექნოლოგიური გამოცდილების განაწილებას.

ადაპტაციაში შედის სტრატეგიული ხასიათის ყველა ქმედება, რომელიც გააუმჯობესებს მოცემული ორგანიზაციის ურთიერთობას  გარე  გარემოსთან. ნებისმიერმა ორგანიზაციამ უნდა გამოავლინოს გარე გარემოში მოქმედი როგორც ხელსაყრელი, ისე არახელსაყრელი ფაქტორები და ამაზე დაყრდნობით განსაზღვროს ადაპტაციის გზები. გარე გარემოში ადაპტაციის საუკეთესო მაგალითია ფირმა «კოკა- კოლას» შეღწევა  უალკოჰოლო  სასმელების  მსოფლიო  ბაზარზე.  ფირმამ  დიდი  დრო  და ენერგია მოახმარა მოსალოდნელი  შესაძლებლობებისა  და  საშიშროებების  შესწავ- ლას და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზა თავისი პროდუქტი მომხმარებელს.

შინაგანი კოორდინაცია მოიცავს  სტრატეგიული  საქმიანობის  კოორდინაციას შინაგანი ოპერაციების ეფექტიანი ინტეგრაციის მიღწევის მიზნით.

ორგანიზაციული სტრატეგიების შეცნობაში იგულისხმება მენეჯერთა აზროვნების სისტემატური განვითარება წარსულ  გამოცდილებაზე  დაყრდნობით.  აღნიშნული იძლევა შესაძლებლობას სწორად მოხდეს ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიული მიმართულების კორექტირება.

სტრატეგიული  დაგეგმვა  განიხილება  როგორც  პროცესი,  რომელიც  მოიცავს  შემდეგ ეტაპებს: ორგანიზაციის მისიის განსაზღვრა, მისიის საფუძველზე მიზნების ჩამოყალიბება, გარე  გარემოს  შეფასება  და  ანალიზი,  ორგანიზაციის  ძლიერი  და  სუსტი მხარეების  გამოკვლევა,  სტრატეგიული  ალტერნატივების  ანალიზი,  სტრატეგიის შეფასება, სტრატეგიის შერჩევა, სტრატეგიის რეალიზაცია.

სტრატეგია წარმოადგენს დეტალურად დამუშავებულ კომპლექსურ  გეგმას,  რომელმაც უნდა უზრუნველყოს ორგანიზაციის მისიისა და მისიიდან გამომდინარე მიზნების განხორციელება. სიტყვა «სტრატეგია» მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან

«Strategos»,    რაც    ნიშნავს    «გენერლის    ხელოვნებას»,    ე.ი.    ეს    ტერმინი                        სამხედრო წარმოშობისაა.

ნებისმიერ ორგანიზაციაში სტრატეგია მეტწილად მუშავდება უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ, მაგრამ მის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს მართვის ყველა

 

დონე. სტრატეგიულმა გეგმამ უნდა მოიცვას მთელი ორგანიზაციისა და არა მასში დასაქმებული კონკრეტული მუშაკების (ქვედანაყოფების) მიზნები. ამასთან საკუთარ საწარმოებში (ფირმებში) დამფუძნებლებს შეუძლიათ თავიანთი პირადი გეგმები გააერთიანონ სტრატეგიასთან.

სტრატეგიული გეგმა უნდა იყოს მეცნიერულად დასაბუთებული, ე.ი. უნდა ეყრდნობოდეს მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევებს, მეცნიერულ გამოკვლევებს, აგრეთვე, ფაქტობრივ მონაცემებს. ნებისმიერ  ორგანიზაციაში  სტრატეგიული  გეგმა  უნდა დაემყაროს მთელი დარგის, ბაზრის, კონკურენტებისა  და  სხვა  ფაქტორების შესახებ მდიდარ ინფორმაციას.

სტრატეგიული გეგმა შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საწარმოო პროგრამა, რომლითაც იგი  წარმართვას  თავის  საქმიანობას  ხანგრძლივი  პერიოდისათვის სათანადო კორექტირების პირობებში. დღეისათვის, როცა სწრაფად იცვლება ცოდნა, სტრატეგიული დაგეგმვა მომავალი პრობლემებისა და შესაძლებლობების გათვალისწინების  ერთადერთი  საშუალებაა.  ამასთან  სტრატეგიული  გეგმა  თავისთავად არ იძლევა წარმატების გარანტიას. მაღალ დონეზე შედგენილი სტრატეგიული გეგმის პირობებშიც შეიძლება განიცადოს  ორგანიზაციამ  წარუმატებლობა, თუ არ იქნება სათანადოდ  განხორციელებული  მენეჯმენტის  დანარჩენი ფუნქციები.

სტრატეგიული დაგეგმვა ეხმარება ხელმძღვანელობას მოქმედების გზების დაზუსტებაში. დასაბუთებული  საგეგმო  გადაწყვეტილების  მიღება  ამცირებს პრაქტიკაში არასწორი გადაწყვეტილების მიღების რისკს.

დაგეგმვის სარგებლიანობას ამტკიცებს აშშ-ში მენეჯმენტის სპეციალისტების მიერ ჩატარებული რიგი  გამოკვლევები.  გამოიკითხა  109  მსხვილი  ამერიკული  კომპანიის 217 ვიცე-პრეზიდენტი. დადგინდა, რომ მენეჯერებმა, რომლებმაც წინასწარ შეადგინეს მუშაობის გეგმები, მიიღეს მეტი მოგება. ერთ-ერთი გამოკვლევით გაანალიზდა 105 მსხვილი და 105 საშუალო და მცირე  კომპანიის  საქმიანობა.  გამოვლინდა,  რომ  ფირმებს, რომლებიც ახორციელებდნენ ფორმალურ დაგეგმვას, ჰქონდათ ყველაზე მაღალი ზრდის ტემპები.