მენეჯმენტი, როგორც მართვის მეცნიერება და მართვის ხელოვნება

მენეჯმენტი, როგორც მართვის მეცნიერება და მართვის ხელოვნება

ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე,    ბ.მღებრიშვილი,    ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის  საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008

 

ბიზნესის სფეროში წარმატებები ბევრადაა დამოკიდებული მართვის თეორიისა და დაგროვებული პრაქტიკული გამოცდილების ცოდნასა და მათ სწორად გამოყენებაზე.

მენეჯმენტი ჩამოყალიბდა ცოდნის დამოუკიდებელ დარგად, მეცნიერებად XX საუკუნეში. იგი შედარებით ახალი მეცნიერებაა და მის სამშობლოდ ითვლება აშშ. (1. მენეჯმენტის შესახებ ლიტერატურის ავტორები უმთავრესად ამერიკელებია. ყველაზე კარგ სახელმძღვანელოდ  აღიარებულია  რუსულ  ენაზე  თარგმნილი  წიგნი  _  Мескон  М., Альберт М., Хедоури Ф. “Основы менеджмента”, М, 1992.). მენეჯმენტი ცალკე დისციპლინაა, უფრო ზუსტად, დისციპლინათაშორისი დარგია, რომელსაც უწოდებენ

«მმართველობით აზრს». მასში ჰარმონიულად შერწყმულია მმართველობითი ხელოვნებით გამდიდრებული მეცნიერება, გამოცდილება, «ნოუ-ჰაუ».

მენეჯმენტის მნიშვნელობა განსაკუთრებით ნათლად წარმოჩნდა გასული საუკუნის 30-იან წლებში. ეს ის პერიოდია, როდესაც შეიქმნა გიგანტური  კორპორაციები,  რომლებიც ფლობდნენ უზარმაზარ ეკონომიკურ, საწარმოო, მეცნიერულ-ტექნიკურ პოტენციალს, რამაც დასაბამი მისცა «მენეჯერთა რევოლუციას».

მენეჯმენტს, როგორც მეცნიერებას გააჩნია შესწავლის თავისი საგანი, თავისი სპეციფიკური პრობლემები და მათი გადაწყვეტის მეთოდები (მიდგომები). ამ მეცნიერული დისციპლინის საფუძველს შეადგენს მართვის შესახებ საუკუნეების მანძილზე დაგროვილი პრაქტიკული ცოდნა, მართვის  კონცეფციები,  წესები  და ფორმები. მენეჯმენტის შინაარსი ის არის, რომ იგი ავლენს მართვის კანონებსა და კანონზომიერებებს, რომელთა საფუძველზეც ყალიბდება მართვის თეორია.

მენეჯმენტის შესწავლის საგანია მართვის ურთიერთობები ანუ ურთიერთობები ადამიანებს შორის მართვის პროცესში. ეს ურთიერთობები მრავალწახნაგოვანია. ისინი გამოხატავენ არა მარტო ეკონომიკურ, არამედ, აგრეთვე, გარკვეული ზომით საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ფსიქოლოგიურ, სამართლებრივ ურთიერთობებსაც. მაგრამ  ძირითადი  მაინც  ეკონომიკური  ურთიერთობებია  და  მენეჯმენტი  განეკუთვნება ეკონომიკურ მეცნიერებათა კატეგორიას.

 

მენეჯმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მმართველობითი (სამმართველო) შრომის შინაარსის გარკვევა, მიზეზსა და შედეგს შორის კავშირის დადგენა, ფაქტორებისა და პირობების გამოვლენა, რომლებიც უფრო სასარგებლოს და უფრო ეფექტიანს ხდის ადამიანთა ერთობლივ შრომას. მენეჯმენტის როგორც მეცნიერების  განსაზღვრაში  მნიშვნელოვანი  ადგილი  უკავია  მართვის   შესახებ ცოდნათა სისტემაში მოყვანას. მენეჯმენტი ხელს უწყობს არა მარტო  მიმდინარე  საქმეების  ოპერატიულად  და  ხარისხიანად  მართვას,  არამედ  მოვლენათა  განვითარების პროგნოზირებას და ამის შესაბამისად ორგანიზაციების (ფირმების) სტრატეგიისა და პოლიტიკის დამუშავებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მენეჯმენტი, როგორც მართვის  მეცნიერება  შეიმუშავებს  თავის  თეორიას,  რომელიც  ასახავს  მართვის პროცესში ადამიანთა მიზანმიმართული საქმიანობის კანონებსა და კანონზომიერებებს, პრინციპებს, ფუნქციებს, ფორმებს და მეთოდებს.

მენეჯმენტის როგორც მართვის მეცნიერების მეთოდოლოგია სხვა საზოგადოებრივ (ჰუმანიტარულ) მეცნიერებათა ანალოგიურია. მენეჯმენტის თეორიულ- მეთოდოლოგიური           საფუძველია           ფილოსოფია,         ზოგადი                                              ეკონომიკური თეორია(პოლიტიკური ეკონომია) და კიბერნეტიკა. შემეცნების პროცესში იგი იყენებს ინდუქციის და დედუქციის, ანალიზისა და სინთეზის, ინტერპოლიაციისა და ექსტრაპოლიაციის და სხვა მეთოდებს. მართვა მოიცავს ფირმის  (ორგანიზაციის)  როგორც სოციალურ-ეკონომიკურ, ისე ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარეებს. ამიტომ ბუნებრივია, რომ მართვის პრაქტიკული პრობლემების გამოკვლევისა  და განზოგადებისას ერთ-ერთი მეთოდოლოგიური საფუძველია სისტემური მიდგომა.

ორგანიზაციები (საწარმოების, ფირმები, კომპანიები) რთული დინამიკური სისტემებია. ამ სისტემების ფარგლებში მართვის ურთიერთობათა შესწავლისათვის აუცილებელია სისტემური ანალიზის მეთოდის გამოყენება. ამასთან მართვის სისტემა განიხილება როგორც ურთიერთდაკავშირებული ერთიანი მთლიანობა, რომელშიც შეხამებულია ორგანიზაციის მიზნები, მართვის პრინციპები, ფუნქციები, მეთოდები, პერსონალი, სტრუქტურა, ტექნიკა და  პროცესები.  შეუძლებელია  მართვის  პრობლემების  გადაწყვეტა  სისტემის  ელემენტების  თავისებურებების,  სხვა სისტემებთან კავშირების გათვალისწინების გარეშე.

შემეცნების დასახელებულ მეთოდებთან ერთად, რომლებიც საერთოა ბევრი მეცნიერებისათვის, მენეჯმენტი, როგორც მართვის მეცნიერება, აგრეთვე  იყენებს  მისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ მეთოდებს. ესენია მოდელირება და სოციოლოგიური გამოკვლევები. მართალია მართვის ყველა ასპექტი არ ექვემდებარება მოდელირებას, მაგრამ ბევრი  ამოცანის  გადასაწყვეტად  ეს  მეთოდი  ერთ-ერთი  ქმედითი მეთოდია. რაც შეეხება სოციოლოგიურ გამოკვლევებს, ორგანიზაციებში ფართოდ გამოიყენება ადამიანთა ურთიერთობების რთული საკითხების შესწავლისას.

მენეჯმენტი როგორც მართვის ხელოვნება ნიშნავს მართვის თეორიის, აგრეთვე, მენეჯმენტის დარგში  დაგროვილი  მოწინავე  გამოცდილების  შემოქმედებით  გამოყენებას ორგანიზაციის პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტის დროს. როგორც აღინიშნა, ორგანიზაციები რთული სოციალურ-ტექნიკური სისტემებია, რომელთა ფუნქციონირებაზე ზემოქმედებენ როგორც შიგა, ისე  გარე  გარემოს  მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ფაქტორები. ორგანიზაციის ეფექტიანი საქმიანობის მთავარი ფაქტორი ადამიანებია, რომლის გათვალისწინება მოითხოვს არა მარტო მეცნიერულ მიდგომას, არამედ მისი  გამოყენების  ხელოვნებას  კონკრეტულ  სიტუაციებში. თითოეულ მუშაკს ახასიათებს ქცევის  განსაკუთრებული  მანერა,  გააჩნია ფასეულობებისა და შრომისადმი მოტივაციის თავისი სისტემა და ა.შ.

 

მენეჯმენტი  მოგვაგონებს  მედიცინას,  რომელიც  მომავალ   ექიმს   აძლევს განათლებას და არა  კონკრეტულ  ცოდნას  როგორ  უმკურნალოს  კონკრეტულ  ავადმყოფს. მენეჯმენტის საფუძვლების (მეცნიერული ცოდნის) დაუფლება მენეჯერს დიდად ეხმარება პირადი თვისებების განვითარებასა და ხელმძღვანელობის სტილის დახვეწაში, რომ წარმატებით შეასრულოს პრაქტიკულად მმართველობითი (სამმართველო) მუშაობა. იმისათვის, რომ ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანებმა თავიანთი  ძალისხმევა  წარმართონ  მიზნების  მისაღწევად,  მენეჯერები   მუდმივად უნდა  იყვნენ  ურთიერთკავშირში  მათთან  და  შექმნან  პირობები  მუშაკთა  პოტენციალის სრულად გამოვლინებისა და გამოყენებისათვის.

ამოცანა ის არის, რომ ბიზნესის სფეროს მომავალი სპეციალისტები კარგად  დაეუფლონ მენეჯმენტს როგორც მართვის  მეცნიერებას  და  შემოქმედებითად გამოიყენონ იგი პრაქტიკულ მუშაობაში.

ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში დიდი ყურადღება ექცევა მენეჯერების მომზადებასა და გადამზადებას. საინტერესოა აღინიშნოს, რომ პირველი უმაღლესი სასწავლებლები, რომლბმაც დაიწყეს მართვის სპეციალისტების მომზადება, ერთდროულად წარმოიშვნენ აშშ-სა და ევროპაში. ეს იყო  1881  წელს,  როდესაც  ბიზნესის პირველი ამერიკული სკოლა შეიქმნა პენსილვანიის უნივერსიტეტთან და უმაღლესი კომერციული სკოლა  _  საფრანგეთში.  ამჟამად  მენეჯერების  მომზადებისა  და გადამზადების ფართო ქსელია აშშ-სა და სხვა ქვეყნებში.

აშშ-ში მენეჯრებს ამზადებენ უნივერსიტეტებთან არსებულ ბიზნესის სკოლებში, რომელთა  რაოდენობა  1300-ს  აღემატება,  მათ  შორის  600  მოქმედებს დამოუკიდებლად.  ქვეყანაში  ფუნქციონირებს  10  ათასზე  მეტი   საკონსულტაციო ფირმა, რომლებიც კონსულტაციას უწევენ ბიზნესისა და მენეჯმენტის საკითხებით დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. ამ საკითხებზე ლიტერატურას უშვებს  70-ზე  მეტი  პერიოდული  გამოცემა  და  10-ზე  მეტი  გამომცემლობა.  აშშ პირველ ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროს მკვლევართა რაოდენობით, გამოკვლევების მოცულობით და საერთოდ ამ მიმართულებით დახარჯული სახსრების ოდენობით.

აშშ-ში  ბიზნესისა  და  მენეჯმენტის  სფეროში  განათლების  სისტემა   სამსაფეხურიანია. ამ სპეციალობით უნივერსიტეტში ან  კოლეჯში  სწავლება  ოთხწლიანია. კურსდამთავრებული იღებს ბაკალავრის  ხარისხს.  ამასთან  2  წლის შემდეგ შეიძლება განათლების მიღების შეწყვეტა სათანადო საბუთის აღებით. საბუთი აძლევს მის მფლობელს განსაზღვრული თანამდებობების დაკავების უფლებას.

ბაკალავრის  ხარისხის  მიღების  შემდეგ  მსურველები  სწავლობენ  მაგისტრატურაში

2  წლის  განმავლობაში.  მაგისტრის  მომზადება  ხორციელდება   შემდეგი  პროგრამებით:

«საქმიანი      ადმინისტრირების      მაგისტრი»,      «მართვის      მეცნიერების      მაგისტრი»,

«საერთაშორისო მენეჯმენტის მაგისტრი» და სხვ. მაგისტრის პროგრამაზე აშშ-ში ძირითადად 25-30 წლის ასაკში ეწყობიან, როცა მათ  ბაკალავრის  ხარისხთან  ერთად  აქვთ არანაკლებ 2 წლის მუშაობის სტაჟი. მაგისტრის ხარისხი არ არის სამეცნიერო ხარისხი. იგი შეიძლება ითქვას «პროფესიული ხარისხია».

მესამე საფეხურზე სწავლა 3-4 წელიწადს გრძელდება პროგრამებით, რომელთა დაუფლება მსმენელს აძლევს საშუალებას მიიღოს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. მაგისტრის ხარისხი პროფესიულია, დოქტორისა კი _ სამეცნიერო. მაგისტრის პროგრამაზე სწავლა აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში წელიწადში  დაახლოებით  15 ათასი დოლარი ღირს, უფრო ძვირია დოქტორის ხარისხის მიღება.

 

მენეჯერების მომზადების განსხვავებული სისტემაა იაპონიაში. აქ  ბიზნესის რამდენიმე სკოლა ფუნქციონირებს. ბიზნესის სკოლებში  ძირითადად  სწავლობს  ის,  ვინც საზღვარგარეთ მუშაობას აპირებს. მენეჯერებს ამზადებენ თვითონ ფირმები. განათლების მიღება ხდება «გამოცდილების საშუალებით სწავლების» კონცეფციის საფუძველზე.  თანამშრომელთა  გადაადგილება  გეგმაზომიერად  ხდება თანამდებობიდან თანამდებობაზე. ასეთი სწავლების მიზანია  ფირმის  საქმიანობის  ყველა მხრის ძირფესვიანად შესწავლა. იაპონურ ფირმებში ყველა სწავლობს, მუშით დაწყებული და პრეზიდენტით დამთავრებული. სწავლებაზე  პასუხისმგებლობა აკისრიათ ძირითადად ქვედანაყოფის ხელმძღვანელებს.

ბიზნესის სკოლები ევროპის  ქვეყნებშიც  ფუნქციონირებს,  მაგრამ  მაგისტრის  ხარისხი ბიზნესის სფეროში არ არის ისე გავრცელებული როგორც აშშ-ში. ევროპულ სკოლებში  რამდენადმე  უფრო  დიდი  მნიშვნელობა   ენიჭება   წარმოებასთან მიახლოებას, სოციალური, სახელმწიფო და საერთაშორისო ასპექტების შესწავლას ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში.

საქართველოში  ბიზნესისა  და  მენეჯმენტის  სპეციალისტების   მომზადება  პირველად დაიწყო(1989 წ.) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის «სპეცფაკულტეტზე» _ ბიზნესის უმაღლეს სკოლაში (1996 წლიდან საერთაშორისო  ბიზნესის  ფაკულტეტი)  ამერიკული  სასწავლო   პროგრამების მიხედვით.1

უნდა  აღინიშნოს,  რომ  აშშ-ში,  იაპონიას  და  ევროპის  ქვეყნებში  დღეს  საკითხი დგას ე.წ. «გლობალური მენეჯერის» მომზადების შესახებ, რომელსაც ძალუძს არაორდინალურ და რთულ სიტუაციებში მოქმედება. ამას მოითხოვს სოციალურად ორიენტირებული  საბაზრო  ეკონომიკის  განვითარებისა  და   გლობალიზაციის ამოცანები.

საერთაშორისო ბიზნესის განვითარება მჭიდროდ დაუკავშირდა გლობალური  მართვის პრობლემებს XX საუკუნის 70-80 წწ. მიჯნაზე, როდესაც საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების მასშტაბების ზრდამ და სირთულეებმა აიძულა მსოფლიოს მსხვილი კომპანიები რადიკალურად გადაესინჯათ თავიანთ საწარმოთა მენეჯმენტის ფილოსოფია,  ორგანიზაციული  ფორმები  და  მეთოდები.  ამ  დროისათვის  ბევრი ქვეყნის (პირველ რიგში აშშ, იაპონიის და დასავლეთ ევროპის) ტრანსეროვნული კომპანიები გადაიქცნენ ურთულეს სამეურნეო წარმონაქმნად, რომლებიც მოიცავენ მსოფლიოს ბევრ რეგიონში ბაზრისა და მოგებისათვის მწვავე ბრძოლაში ჩაბმულ სხვადასხვა საწარმოს. მრავალ ქვეყანაში, სადაც კომპანიებს გააჩნიათ თავიაანთი საწარმოები (ფირმები), საჭიროა სპეციფიკური მიდგომები აქ წარმოშობილი  პრობლემების მთელი კომპლექსის გადასაწყვეტად.

მეცნიერები და სპეციალისტები იყენებენ გლობალური მენეჯმენტის პრობლემების გადაწყვეტის სხვადასხვა  ვარიანტს,  კერძოდ,  ყურადღებას  ამახვილებენ  ორ  მათგანზე: 1.         გლობალური                                 კორპორაციების         ფორმირება; 2. სტრატეგიული კავშირებისა(ალიანსებისა) და დინამიკური ქსელის შექმნა.

გლობალური მართვის პრობლემების გლობალური კორპორაციების ფორმირების  გზით გადაწყვეტის იდეის აქტიური პროპაგანდა  დაიწყო  აშშ-ში  XX  ს-ის  80-იანი წლების შუა პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენციის მკვეთრად გამწვავებასთან დაკავშირებით. მაგალითად, კომპანია «კოკა-კოლა» გახდა

1 პირველად ქართულ ენაზე დამხმარე სახელმძღვანელო მენეჯმენტში გამოიცა ამ ფაკულტეტის საბჭოს რეკომენდაციით გ.ბაბუნაშვილის, ბ.მღებრიშვილის, გ.შუბლაძის ავტორობით (1998 წ.)

 

გლობალიზაციის პიონერი უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრიაში. ამ გზით წავიდა ბევრი უმსხვილესი ფირმა სატელევიზიო და საავტომობილო მრეწველობაში, ტელეკომუნიკაციებისა და ნახევარგამტარებისა და სხვა  დარგებში.  ამ  საქმეში  ჩაერთვნენ საკონსულტაციო ფირმები და ბიზნეს-სკოლები, რომლებმაც დაიწყეს

«ხვალინდელი დღის გლობალური მენეჯერების» მომზადება შესაბამისი სასწავლო პროგრამებით.

გლობალური კორპორაციების გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობა ემყარება მათ უნარს,  გააერთიანონ  დაქსაქსული  საწარმოები  მთლიან  სისტემად  საერთო ამოცანებითა და განვითარების სტრატეგიით. ეს დასტურდება იმ კომპანიების გამოცდილებით, რომლებიც წლების განმავლობაში ახორციელებენ გარდაქმნებს გლობალიზაციის მიმართულებით.

სპეციალისტები აღიარებენ, რომ გლობალიზაცია  რთული  და  შრომატევადი პროცესია. ერთ-ერთ ასეთ ფორმას, რომელიც მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება, წარმოადგენს სტრატეგიული კავშირები.  ასეთ  კავშირებში  შედიან  სხვადასხვა რეგიონისა და ქვეყნის კომპანიები ძალისხმევისა და კოორდინაციის მიზნით როგორც საშინაო, ისე მსოფლიო ბაზრებზე. კავშირის მიზანია ფინანსური, ტექნიკური და მატერიალურ ძალისხმევათა გაერთიანება მსხვილი და სარისკო პროექტების რეალიზაციისა და მსოფლიო ბაზარზე კომპანიათა კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის. სტრატეგიული კავშირებისა და ბიზნესის ქსელის განვითარება მნიშვნელოვანწილად  ხელს  უწყობს  ეკონომიკურ  ინტეგრაციას   საერთაშორისო დონეზე. ამის  მაგალითია  საერთო  ევროპული  ბაზრის  (კავშირის)  შექმნა.  საქართველოს საწარმოებმა, რომლებიც გავლენ საერთასორისო ბაზრებზე, უნდა გამოიყენონ ბიზნესისა და მენეჯმენტის გლობალიზაციის გამოცდილება.