მეცნიერული მართვის (მენეჯმენტის) სკოლა
ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე, ბ.მღებრიშვილი, ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008
მეცნიერული მართვის სკოლის ჩამოყალიბების მთავარი მიზანი იყო მეცნიერების როლის ზრდა კომერციულ ორგანიზაციათა მართვის პროცესში, რომელსაც უნდა შეესრულებინა მთავარი როლი არა მარტო მოგების ზრდის, არამედ ორგანიზაციათა ეფექტიანობის ამაღლების საქმეში. კერძოდ, მეცნიერული კვლევები მიზნად ისახავდა მართვის ისეთი მეთოდების ძიებას, რომელიც დაეხმარებოდა ბიზნესმენებს არა მარტო მოგების მიღებაში, არამედ შრომის ორგანიზაციის და კოორდინაციის რაციონალური სისტემის ფორმირებაში. ფ. ტეილორის წიგნის გამოსვლის შემდეგ მისი თანამოაზრეების წრეც გაფართოვდა და საფუძველი ჩაეყარა მენეჯმენტის მეცნიერების აღნიშნულ მიმართულებას. ამიტომაა რომ მეცნიერული მართვის სკოლის ფუძემდებლად ამერიკელი ინჟინერი ფ. ტეილორი ითვლება.
ფ. ტეილორი იკვლევდა რა ორგანიზაციაში დაბალი ეფექტიანოს გამომწვევ მიზეზებს მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შრომის მწარმოებლურობის ზრდის მთავარი
ბარიერი ორგანიზაციებში მენეჯმენტის არასახარბიელო დონე იყო. იგი მართვის პროცესის ანალიზის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რომ ეფექტიანი მართვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მართვის პროცესი განხორციელდება მკაცრად განსაზღვრულ პრინციპებზე დაყრნობით. მან თავის წიგნში «მეცნიერული მართვის პრინციპები» ჩამოაყალიბა მართვის პროცესის განხორციელებისათვის აუცილებელი მეცნიერული რეკომენდაციები, რაც გულისხმობდა მართვის პროცესში მეცნიერების მიღწევების გამოყენებას. ამიტომ ეწოდა ამ მიმართულებას «მეცნიერული მართვის სკოლა». ფ. ტეილორის მტკიცებით, თუ უძველეს ორგანიზაციებში მართვის პროცესში მთავარი ადგილი ადამიანებს, კერძოდ მმართველებს ეკუთვნოდა, მომავალში მათი ადგილი მართვის სისტემის ჩამოაყალიბებას უნდა შეეცვალა. მიმართულება მოიცავდა 1895-1920 წლებს. ფ.ტეილორის თეორიას მიმდევრებიც მრავლად გამოუჩნდა. აღსანიშნავია ჰენრი ჰანტის ღვაწლი წარმოების ყველა სტადიაზე საგეგმო დავალებათა მოცულობის განსაზღვრის საქმეში. ასევე დიდი ღვაწლი მიუძღვის მეცნიერული სკოლის პრინციპების და თეორიების განვითარებაში მეუღლეებს ფრენკ და ლილიან ჰილბრეტებს. იკვლევდნენ რა შრომის პროცესში მუშაკთა დენადობის საკითხებს, ისინი ფ. ტეილორის მსგავსად მივიდნენ იმავე დასკვნამდე, რომ ორგანიზაციებში ხელმძღვანელობის დაბალი დონე ხელს უშლის შრომის მწარმოებლურობას, თუმცა მისგან დამოუკიდებლად. ფ. ჰილბრეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა შრომის რაციონალიზაციას და ამა თუ იმ სამუშაოს განხორციელებისათვის საჭირო «საუკეთესო ხერხის» ძიებას.
ლ. ჰილბრეტის კვლევის ობიექტი იყო შრომის პროცესის ადამიანური ასპექტები. იგი არის პირველი, რომელმაც ამ საკითხებს და მათ მნიშვნელობას მართვის განხორციელების პროცესში ყურადღება მიაქცია და ამით საფუძველი შეუქმნა მართვის ფსიქოლოგიური ასპექტების, პერსონალის და მათთან მუშაობის საკითხების კვლევას. მას ქმრის სიკვდილის შემდეგაც არ შეუწყვეტია მენეჯმენტის საკითხების კვლევა, კითხულობდა ლექციებს, ატარებდა კონსულტაციებს.
მეცნიერული სკოლის ფუძემდებლების დამსახურებაა, რომ მათ შეძლეს თავისი რეკომენაციებით შრომის მწარმოებლურობის ზრდა წარმოების თითქმის ყველა დარგში. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ რეკომენდაციებს დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს მათი კვლევის უარყოფითი მხარეც. ისინი ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ და ზოგიერთ შემთხვევაში იგნორირებასაც კი უკეთებდნენ მართვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხს როგორიცაა მუშაკთა მოთხოვნილებები.
მუშაკთა მოთხოვნილებების ზრდა მართვის პროცესის განხორციელების სოციალური მხარეა, ამიტომ მისი მნიშვნელობა მართვაში საკმაოდ დიდია. სოციალური მხარე, წინააღმდეგობები მენეჯერებსა და მუშებს შორის იწვევს კონფლიქტს და უთანაბრობას. მეცნიერული სკოლის ფუძემდებელთა რეკომენდაციები აძლიერებდა დაქირავებული მუშების ექსპლოატაციას და არ უზრუნველყოფდა წარმოების მშვიდ და ჰარმონიულ განვითარებას, რასაც სკოლის ფუძემდებლები ესწრაფვოდენ.
მენეჯმენტის აღნიშნულ მიმართულებას გააჩნდა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. მიმართულების დადებითი მომენტია მენეჯმენტის თეორიაში სამუშაოს ცალკეული სახეების შესრულებისა და მართვის ამოცანების გადაწყვეტის პროცესების მეცნიერული კვლევა; შრომის ანაზღაურების მნიშვნელობის ნათლად დემონსტრირება; მუშაკთა შერჩევისა და სწავლების აუცილებლობა.
თეორიის ნაკლოვანებებს მიეკუთვნება შრომის პროცესში სოციალური ასპექტების მნიშვნელობის და მათი კვლევის საჭიროების უგულებელყოფა; შრომის პროცესში ინდივიდთა განსხვავებულობის და მათი არათანაბარი შესაძლებლობებისადმი არასათანადო დამოკიდებულება; მუშაკთა პროფესიონალიზმის დონის არასათანადოდ შეფასება.
მიუხედავად აღნიშნულისა მეცნიერული მართვის კონცეფციის შემუშავება გარდატეხის პერიოდი იყო მენეჯმენტის მეცნიერების განვითარებაში. პირველად მეცნიერებმა და პრაქტიკოსმა მუშაკებმა დაინახეს, რომ მეცნიერების მიღწევების და მეცნიერული მეთოდების გამოყენება მართვის პროცესში დიდ ეფექტს იძლევა და უზრუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტიან ფუნქციონირებას და რაც დიდ როლს ასრულებს ორგანიზაციის მიზნის მიღწევის საქმეში.