ორგანიზაციის გარე გარემოს შეფასება და ანალიზი

ორგანიზაციის გარე გარემოს შეფასება და ანალიზი

ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე,    ბ.მღებრიშვილი,    ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის  საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008

ორგანიზაციის მისიისა და მიზნების განსაზღვრის შემდეგ იწყება სტრატეგიული დაგეგმვის დიაგნოსტიკური ეტაპი. ამ მიმართულებით ფრიად მნიშვნელოვანია გარე გარემოს შესწავლა.

მენეჯერები გარე გარემოს აფასებენ შემდეგი პარამეტრებით:

1) ცვლილებებით, რომლებიც ზემოქმედებენ მიმდინარე სტრატეგიის სხვადასხვა ასპექტზე;

2) ფაქტორებით,     რომლებიც     საშიშროებას     უქმნიან     ორგანიზაციის                              მიმდინარე სტრატეგიას;

3)  ფაქტორებით,     რომლებიც     მეტ     შესაძლებლობებს     შეუქმნიან                              ორგანიზაციას საერთო მიზნების მისაღწევად გეგმის კორექტირების გზით.

გარე გარემოს ანალიზი განიხილება როგორც პროცესი, რომლის მეშვეობითაც სტრატეგიული გეგმის დამმუშავებლები აკონტროლებენ მათგან დამოუკიდებლად არსებულ ფაქტორებს ორგანიზაციისთვის მოსალოდნელი შესაძლებლობებისა და საშიშროებების განსაზღვრის მიზნით.

შესაძლებლობები და საშიშროებები შეიძლება გამოიყოს შვიდ  სფეროშიეკონომიკური პოლიტიკა, ბაზარი, ტექნოლოგია, კონკურენცია, საერთაშორისო მდგომარეობა, სოციალური ქცევა.

როგორც  უკვე  აღინიშნა,  ეკონომიკის  საერთო  მდგომარეობა   არაპირდაპირ გავლენას ახდენს ორგანიზაციათა საქმიანობაზე, ამიტომ საჭიროა მისი სისტემატური შეფასება, რაც უნდა განხორციელდეს შემდეგი მაჩვენებლებით: ინფლაციის ტემპი, დასაქმების დონე, საერთაშორისო საგადამხდელო ბალანსი, ქვეყნის ვალუტის კურსი საზღვარგარეთ და საგადასახადო განაკვეთი. ყოველი მათგანი ამ მაჩვენებლებიდან შეიძლება წარმოადგენდეს საშიშროებას ორგანიზაციის საქმიანობისათვის ან ახალ შესაძლებლობას, რომელიც მას უპირატესობას მოუტანს კონკურენციულ ბრძოლაში. ბუნებრივია, რომ ის, რაც ერთი ორგანიზაციისთვის წარმოადგენს საშიშროებას, მეორესთვის შეიძლება იყოს ახალი შესაძლებლობა.

ორგანიზაციებისათვის აუცილებელია სისტემატურად ადევნონ თვალყური სახელმწიფოებრივ პოლიტიკას, განსაკუთრებით კი იმ კანონებს, რომლებიც არეგულირებენ ბიზნესს.

ორგანიზაციათა საქმიანობაზე დიდ  გავლენას  ახდენს  საბაზრო  ფაქტორები,  კერძოდ, ცვალებადი დემოგრაფიული პირობები, საქონლის სასიცოცხლო ციკლი, ბაზარზე შეღწევის სიტუაცია, მოსახლეობის შემოსავლების განაწილება და დარგში კონკურენციის დონე. საბაზრო ფაქტორების  ანალიზი  საშუალებას  აძლევს ორგანიზაციას  დააზუსტოს  თავისი  სტრატეგია  და  გაიმაგროს  პოზიცია კონკურენციულ ბრძოლაში.

ტექნოლოგიაში  შესაძლებელია  მოკლე  დროში  ძალიან  დიდი   ცვლილებები  მოხდეს, რაც უდიდეს გავლენას მოახდენს ორგანიზაციათა საქმიანობაზე. ამიტომ ორგანიზაციები უნდა ეცადონ, განსაზღვრონ წინასწარ, თუ გარე გარემოს რომელი ტექნოლოგიური ფაქტორი მოახდენს მათზე ძლიერ გავლენას, გამოიწვევს

 

დამანგრეველ შედეგს და დეზორიენტაციას. თუ ორგანიზაციები ასე არ მოიქცნენ, შეიძლება ისინი აღმოჩნდნენ უიმედო მდგომარეობაში.

იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ეწევიან საერთაშორისო ბაზარზე, მუდმივად უნდა გააკონტროლონ და შეაფასონ ცვლილებები საერთაშორისო მასშტაბით. ამ შემთხვევაში საშიშროებები და შესაძლებლობები ორგანიზაციებისათვის შეიძლება წარმოიშვას  ნედლეულისა  და  მასალების,  სავალუტო  კურსის  ცვლილების  და სხვა ფაქტორების მიხედვით. ამის შესაბამისად ორგანიზაციამ უნდა განსაზღვროს თავისი სტრატეგია საზღვარგარეთ.

ორგანიზაციებზე მოქმედი ფაქტორებიდან მეტად მნიშვნელოვანია კონკურენტების საქმიანობა. კონკურენტების შესწავლა უნდა მოხდეს შემდეგი მიმართულებებით: მომავალი მიზნები,  მიმდინარე  სტრატეგია,  მათი  ძლიერი  და  სუსტი  მხარეები  და სხვა.

სოციალური ქცევის ფაქტორებში ერთიანდება სხვადასხვა სახის ზნე-ჩვეულებები. უნდა ითქვას, რომ ხშირად  სწორედ  ეს  ფაქტორები  უქმნის  ორგანიზაციებს  პრობლემებს.

გარე გარემოს შესწავლის შედეგად მიღებული მასალების  საფუძველზე ორგანიზაციები აყალიბებენ  მათი  საქმიანობისათვის  მოსალოდნელი  საშიშროებებისა და ახალი შესაძლებლობების ჩამონათვალს, რომელმაც უნდა მოიცვას როგორც ფაქტორების საერთო დახასიათება, ისე ორგანიზაციაზე მათი ზემოქმედების შეფასება.