ორგანიზაციის მისია და მიზნები
ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე, ბ.მღებრიშვილი, ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008
ორგანიზაციის ძირითადი საერთო მიზანი, მისი ფუნქციონირების მკვეთრად გამოსახული მიზეზია მისი მისია. ორგანიზაცია თავის მიზნებს სწორედ მისიის შესრულებისათვის ამუშავებს.
ორგანიზაციის მისია უნდა ჩაითვალოს ათვლის ლოგიკურ წერტილად უკეთესი გადაწყვეტილების მისაღებად. მაშასადამე, მისის მიმართულების მიმცემია ორგანიზაციებისათვის მუშაობის პროცესში. ბუნებრივია, თუ მენეჯერებმა არ იციან მათი ორგანიზაციის ძირითადი მიზანი, მათთვის ძნელი იქნება უკეთესი ალტერნატივის შერჩევა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მათ არა აქვთ ლოგიკური ათვლის წერტილი.
ორგანიზაციის მისიის ფორმულირებამ უნდა მოიცვას:
- ორგანიზაციის ამოცანები მისი ძირითადი საქონლის, ბაზრებისა და ტექნოლოგიის თვალსაზრისით. მარტივად, უნდა განისაზღვროს, თუ სამეურნეო საქმიანობის რომელი სახით არის დაკავებული მოცემული ორგანიზაცია (ფირმა).
- გარე გარემოს დამოკიდებულება ორგანიზაციისადმი. ამის საფუძველზე განისაზღვრება ორგანიზაციის სამუშაო პრინციპები.
- ორგანიზაციის კულტურა, ე.ი. უნდა განისაზღვროს როგორია ორგანიზაციაში სამუშაო კლიმატი და როგორი ტიპის ადამიანებს იზიდავს. ხელმძღვანელობა განიხილავს მისიას მომხმარებელთა მოთხოვნილებების განსაზღვრისა და მათი ეფექტიანად დაკმაყოფილების თვალსაზრისით და ფაქტიურად ქმნის კლიენტებს (მომხმარებლებს) ორგანიზაციისათვის მომავალში მხარის დასაჭერად. ამასთან დაკავშირებით პიტერ დრუკერი აღნიშნავს, რომ კომპანიებისათვის, რომლებიც ყიდიან თავიაანთ პროდუქციას, გაბატონებულ როლს ასრულებს ერთი ელემეტი _ მომხმარებელი და საერთოდ კლიენტურის შექმნა. [20, გვ. 235-236.]. თუ ბიზნესი შეასრულებს კლიენტების შექმნის მისიას, ის აუცილებლად მიიღებს მოგებას.
ზოგიერთი ორგანიზაცია საერთოდ არ ცდილობს მისიის ფორმულირებას. ხშირად ისინი ფიქრობენ, რომ მათი მისია ისედაც ნათელია და საჭირო აღარ არის მისი ფორმულირება. წვრილმესაკუთრეთა უმრავლესობას თავიანთი ორგანიზაციების მისიად მიაჩნიათ მოგების მიღება, რაც არასწორია. მოგების მიღება ნამდვილად წარმოადგენს ბიზნესის სფეროს ორგანიზაციათა (კომერციულ ორგანიზაციათა) არსებით მიზანს, მაგრამ არა მისიას.
მოგების მიღება საწარმოთა შინაური პრობლემაა. მის მისაღებად აუცილებელია საწარმომ თვალყური ადევნოს გარემოს, რომელშიც უხდება ფუნქციონირება. საწარმოს, საბოლოო ანგარიშით, შეუძლია არსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებს მისგან დამოუკიდებლად არსებულ რომელიღაც მოთხოვნილებას, ამიტომ ის გარემომცველ სამყაროში ეძებს თავის არსებობის საერთო მიზანს. თავისი მისიის ჩამოყალიბების მიზნით, ორგანიზაციათა ხელმძღვანელობამ უნდა უპასუხოს ორ კითხვას: «ვინ არის ჩვენი კლიენტები» და «ჩვენი კლიენტების რომელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეგვიძლია ჩვენ». კლიენტია ნებისმიერი პირი და ორგანიზაცია, ვინც გამოიყენებს ორგანიზაციის საქმიანობის შედეგებს. არაკომერციული ორგანიზაციების კლიენტებად ითვლებიან ისინი, ვინც სარგებლობს მათი მომსახურებით.
მისიის შერჩევის აუცილებლობა აღიარეს ცნობილმა ბიზნესმენებმა სისტემის თეორიის დამუშავებამდე დიდი ხნით ადრე.
ჰენრი ფორდმა, რომელსაც, ცხადია, კარგად ესმოდა მოგების მნიშვნელობა, განსაზღვრა კომპანიის მისია, როგორც ხალხის უზრუნველყოფა იაფი ტრანსპორტით.
მოგების ორგანიზაციის მისიად განხილვა ზღუდავს ხელმძღვანელობის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს დასაშვები ალტერნატივების შესწავლის შესაძლებლობებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზაციის ეფექტიანობის შემცირება არსებითი ხასიათის ფაქტორების გაუთვალისწინებლობის გამო.
ბევრ არაკომერციულ ორგანიზაციას ჰყავს იმდენად მრავალფეროვანი კლიენტი, რომ უჭირს მიზნის ფორმულირება. სიძნელეების მიუხედავად არაკომერციულმა ორგანიზაციებმა უნდა ჩამოაყალიბონ კლიენტებზე ორიენტირებული მისია.
მისიის ფორმულირება აუცილებელია როგორც დიდი, ისე პატარა ორგანიზაციისათვის. ამასთან პატარა ორგანიზაცია უნდა ეცადოს არ შეარჩიოს ძალიან რთული მისია.
ორგანიზაციის მისიისა და კულტურული ფასეულობების საფუძველზე ხელმძღვანელობა განსაზღვრავს საერთო მიზნებს. ეს ფასეულობები ყალიბდება გამოცდილებით, განათლებით, სოციალურ-ეკონომიკური ფონით. ორგანიზაციათა
მიზნები უნდა იყოს კონკრეტული, გაზომვადი, ორიენტირებული დროში, მოღწევადი, ურთიერთდაკავშირებული.
კონკრეტული და გაზომვადი მიზნები ნათელს ხდის ორგანიზაციაში დასაქმებული ადამიანებისათვის, თუ რის გაკეთებას აპირებს კონკრეტულად ხელმძღვანელობა და რა საზღვრებში. მიზნების კონკრეტულობა და გაზომვადობა უზრუნველყოფს, აგრეთვე, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას და მუშაობის შედეგების შეფასების შესაძლებლობას..
ორგანიზაციის მიზნების ფორმულირებისას ზუსტად უნდა განისაზღვროს არა მხოლოდ ის, თუ რისი გაკეთება სურს ორგანიზაციას, არამედ ისიც, თუ როდის მიიღწევა შედეგები. მიზნებს ჩვეულებრივ განსაზღვრავენ როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი პერიოდებისათვის. გრძელვადიანი პერიოდი მოიცავს ხუთ და მეტ წელს, მოკლევადიანი კი ერთ წლამდე პერიოდს. აყალიბებენ აგრეთვე მიზნებს 1- დან 5-წლამდე პერიოდისათვის და მას უწოდებენ საშუალოვადიან მიზნებს.
გრძელვადიან მიზნებს ჩვეულებრივ აქვთ ძალიან ფართო მასშტაბები. პირველ რიგში, ორგანიზაციები აყალიბებენ გრძელვადიან მიზნებს, რომელთა დაკონკრეტებაც ხდება საშუალო და მოკლევადიან მიზნებში.
ორგანიზაციამ მიზანი უნდა განსაზღვროს ობიექტური რეალობიდან გამომდინარე. თუ მან დაისახა ისეთი მიზანი, რომელიც აღემატება მის შესაძლებლობებს, ორგანიზაცია შეიძლება ძალიან დაზარალდეს და უკიდურეს შემთხვევაში გაკოტრდეს კიდეც. მაშასადამე, ორგანიზაციის მიზნები აუცილებლად უნდა იყოს მიღწევადი, რომ მისი საქმიანობა იყოს ეფექტიანი.
ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობისათვის აუცილებელია, აგრეთვე, დასახული მიზნების დადებითი გავლენა ერთიმეორეზე, ე.ი. მათ შორის მჭიდრო ურთიერთკავშირი. ამის გარეშე გარდაუვალია კონფლიქტი ცალკეულ ქვედანაყოფებს შორის.
საერთოდ ძალიან ძნელია იმ სფეროების გამოყოფა, რომელთა მიხედვითაც ხელმძღვანელობამ უნდა განსაზღვროს მიზნები. სხვადასხვა ავტორი გვთავაზობს ამ სფეროების სხვადასხვა ჩამონათვალს, რომელშიც უნდა გამოიყოს: მომგებიანობა, ბაზრები, პროდუქცია, ფინანსური და ადამიანისეული რესურსები.
მომგებიანობის ხაზით ორგანიზაციის მიზნები შეიძლება განისაზღვროს შემდეგ რაოდენობრივ მაჩვენებლებში: მოგების მოცულობა, შემოსავალი დაბანდებულ კაპიტალზე, დივიდენდის სიდიდე აქციებზე და სხვა.
ბაზრების მიხედვით ორგანიზაციები განსაზღვრავენ თავიანთ წილს, პროდუქციის გაყიდვის მოცულობას და სხვა მაჩვენებლებს.
პროდუქცია გამოისახება მისი გაყიდვის მოცულობით როგორც რაოდენობრივ
(ნატურალურ), ისე ღირებულებით (ფულად) მაჩვენებლებში.
კაპიტალის სტრუქტურით, დივიდენდების გადახდით, ინკასაციის პერიოდით, საბრუნავი კაპიტალის სიდიდით და სხვა მაჩვენებლებით შეიძლება განისაზღვროს ორგანიზაციათა მიზნები ფინანსური რესურსების ხაზით.
სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება შეფასდეს ადამიანისეული რესურსები შემდეგ მაჩვენებლებში: სამუშაოზე მუშაკთა გამოუსვლელობის რაოდენობა, დაგვიანებების რაოდენობა, საჩივრების რაოდენობა და სხვ.
ბუნებრივია, არასრულია მიზნების განსაზღვრის სფეროების ჩამონათვალი. შესაძლებელია, რომ კონკრეტულ ორგანიზაციებს მოუხდეთ საერთო მიზნების საქმიანობის სხვა სფეროებში ჩამოყალიბება. მენეჯმენტის აღიარებული მკვლევარები
აშშ-ში ამტკიცებენ, რომ მიზნები უნდა დადგინდეს საქმიანობის ყოველი სახისათვის, რომელიც მნიშვნელოვანია კომპანიის აზრით.