ორგანიზაციის შინაგანი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოკვლევა
ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე, ბ.მღებრიშვილი, ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008
ორგანიზაციის (საწარმოს) შინაგანი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოკვლევა
ხორციელდება ხუთი მიმართულებით: მარკეტინგი, ფინანსები, ოპერაციები, ადამიანისეული რესურსები, ორგანიზაციის კულტურა და სახე (იმიჯი).
მარკეტინგის ხაზით უნდა შეისწავლონ შემდეგი მაჩვენებლები: ბაზრის წილი და კონკურენტუნარიანობა, პროდუქციის ასორტიმენტის მრავალსახეობა და ხარისხი, დემოგრაფიული სტატისტიკა, საბაზრო გამოკვლევები და ნამუშევრები, კლიენტების მომსახურება გაყიდვამდე და გაყიდვის შემდეგ, ეფექტიანი გასაღება, რეკლამა და საქონლის წინ წაწევა ბაზარზე, მოგება.
ბაზრის სასურველი წილი პროცენტებში მის საერთო ტევადობასთან წარმოადგენს არსებით მიზანს, რომელსაც ადგენენ და აკონტროლებენ ორგანიზაციები უმაღლესი ხელმძღვანელობის მეშვეობით. საერთოდ გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, ეფექტიანი მუშაობისათვის არ არის აუცილებელი, როგორც პრაქტიკული გამოცდილება უჩვენებს, მთელი ბაზრის გაკონტროლება ან ბაზარზე წამყვანი მდგომარეობის დაკავება. როგორც პრაქტიკის შესწავლის მასალებიდან ირკვევა, ზოგიერთი საწარმო (ფირმა) კმაყოფილდება ერთადერთი ან შეზღუდული ასორტიმენტით, ზოგი კი ათობით და ასობით დასახელების საქონელს უშვებს. მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების დადგენისას აუცილებელია საწარმოებმა სისტემატურად გააკონტროლონ და შეაფასონ თავიანთი ასორტიმენტი.
საწარმოთა უმაღლესი დონის ხელმძღვანელობისათვის საკმაოდ რთული და ძნელი პრობლემაა ბაზარზე და მომხმარებელთა ინტერესებში მომხდარი ცვლილებების არსში გარკვევა.
მენეჯერებისათვის კიდევ ერთი არსებითი ხასიათის პრობლემაა ახალი საქონლის და საერთოდ ბაზრების მეცნიერული გამოკვლევა. ასეთი გამოკვლევები აუცილებლია კონკურენციულ ბრძოლაში გასამარჯვებლად.
თანამეროვე ბიზნესში ერთ-ერთ უფრო სუსტ ადგილად ითვლება მომსახურების ფუნქცია. ხარისხიანი მომსახურების შედეგად მკვეთრად იზრდება საქონლის რეალიზაციის მოცულობა და კლიენტთა ლოიალობა მოცემული საწარმოსადმი. პრაქტიკული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბევრი საწარმო საქონელზე მაღალ ფასებს აწესებს სწორედ მაღალხარისხოვანი მომსახურების საფუძველზე.
საწარმოებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს გასაღების სისტემას. ამიტომ მათთვის დიდ მონაპოვრად უნდა ჩაითვალოს ეფექტიანად მომუშავე საბითუმო ორგანიზაციებთან (დისტრიბუტორებთან) კავშირის დამყარება. დიდი მნიშვნელობა ენიჭება, აგრეთვე, რეკლამას, რომლის ეფეფქტიანობის ამაღლებისათვისაც უნდა ისწრაფვოდეს ნებისმიერი საწარმო (ფირმა).
კომერციული ორგანიზაციების საქმიანობის საბოლოო შედეგი აუცილებლად უნდა იყოს მოგება. სხვადასხვა საქონლიდან მოგების მიღების სისტემატური კონტროლი მართვის პროცესის მნიშვნელოვანი ბერკეტია. ამ მიმართულებით ნებისმიერი ორგანიზაციებისათვის პირველხარისხოვანი ამოცანაა ოპერაციათა ეფექტიანობა. მომხმარებლისათვის საქონლის ეფექტიანი მიწოდება, აგრეთვე, მარკეტინგის ფუნქციის ერთ-ერთი ძირითადი მომენტია.
ფინანსურ კონტროლთან დაკავშირებით სპეციალისტებს შორის განსხვავებული მოსაზრებებია. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში ფინანსური კონტროლის დადებითი შედეგები გადაწონის მის ნაკლოვანებებს და ჩატარების პროცესის სიძნელეებს. ფინანსური მდგომარეობის დეტალურმა ანალიზმა შეიძლება გამოავლინოს არსებული და პოტენციური შინაგანი სუსტი მხარეები, საწარმოს მდგომარეობა კონკურენტებთან დამოკიდებულებით სხვადასხვა ასპექტში. ფინანსური საქმიანობის შესწავლის საფუძველზე საწარმოს ხელმძღვანელობამ შეიძლება დაინახოს გრძელვადიან პერსპექტივაში თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები, რაც დაეხმარება მომავალში საქმიანობის უფრო ეფექტიანად წარმართვის უზრუნველყოფაში.
საწარმოთა ხანგრძლივი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ოპერაციების, ვიწრო გაგებით წარმოების, ანალიზი. ზოგიერთი საკვანძო კითხვა, რომელთაც აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი ოპერაციის მართვის ფუნქციის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოკვლევისას შემდეგია:
1) შეიძლება თუ არა საქონელი იწარმოოს კონკურენტებთან შედარებით დაბალ ფასში?
2) რა მდგომარეობაა ახალი ნედლეულისა და მასალების შესყიდვის თვალსაზრისით? ფირმა დამოკიდებული ხომ არ არის ერთ მიმწოდებელზე ან მიმწოდებლების შეზღუდულ რაოდენობაზე?
3) თანამედროვეა თუ არა ფირმის სიმძლავრეები და როგორ ეფექტიანად იყენებენ მათ?
4) არსებობს თუ არა კონტროლის მექანიზმი მასალების შემოტანასა და ნაწარმის გატანაზე?
5) ექვემდებარება თუ არა ფირმის წარმოება სეზონურობას, რაც სამსახურიდან მუშაკების დროებით გათავისუფლებას იწვევს და როგორ შეიძლება გამოსწორდეს სიტუაცია ასეთ შემთხვევაში?
6) შეძლებს თუ არა ფირმა მოემსახუროს იმ ბაზრებს, რომლებსაც ვერ ემსახურებიან კონკურენტები?
7) არის თუ არა ხარისხის კონტროლის ეფექტიანი სისტემა?
8) რამდენად ეფექტიანად დაიგეგმა წარმოების პროცესი და შეიძლება თუ არა მისი გაუმჯობესება?
ორგანიზაციებში პრობლემათა უმეტესობის გადაწყვეტის მთავარი ფაქტორია ადამიანისეული რესურსები. ზოგიერთი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანებთან, შემდეგია: მუშაკთა განსხვავებული ტიპები, უმაღლესი ხელძღვანელობის კომპეტენტურობა, დაჯილდოების სისტემა, ხელმძღვანელი თანამდებობების მემკვიდრეობითობა, მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლება, წამყვანი სპეციალისტების დენადობა, თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების სისტემის ანალიზი.
გრძელვადიან პერსპექტივაში ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირებისათვის გადამწყვეტი მბნიშვნელობა ენიჭება მის კულტურასა და სახეს (იმიჯს). ორგანიზაციის კულტურაში იგულისხმება ის ატმოსფერო, რომელიც მის შიგნით სუფევს და გამოიხატება სხვადასხვა გაბატონებულ წეს-ჩვეულებებში. რაც შეეხება იმიჯს, იგი გულისხმობს იმ შთაბეჭდილებას, რომელსაც ახდენს ორგანიზაცია საკუთარ თანამშრომლებზე, კლიენტებსა და მთელ საზოგადიებაზე. ეს შთაბეჭდილება თუ დადებითია, კლიენტები დიდი სიხარულით ყიდულობენ მოცემული ორგანიზაციის საქონელს.