ორგანიზაციის ცნება და ზოგადი დახასიათება

ორგანიზაციის ცნება და ზოგადი დახასიათება

ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე,    ბ.მღებრიშვილი,    ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის  საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008

 

ორგანიზაცია მენეჯმენტის, მენეჯერთა სამყაროს არსებობის საფუძველია. იგი ადამიანთა ჯგუფია, რომლის საქმიანობაც  შეგნებულად  წარიმართება  საერთო  მიზნის  ან მიზნების მისაღწევად. სწორედ განსაზღვრული მიზნით შეკრებილი ადამიანების საქმიანობის კოორდინაციის აუცილებლობა  გახდა  მენეჯმენტის  წარმოშობის საფუძველი.

ადამიანთა ესა თუ ის  ჯგუფი  რომ  ჩაითვალოს  ორგანიზაციად,  საჭიროა  შესრულდეს შემდეგი პირობები:

1) უნდა არსებობდეს მინიმუმ ორი ადამიანი, რომლებიც თავს მოცემული ჯგუფის წევრებად ჩათვლიან;

2)  უნდა  არსებობდეს  უკიდურეს  შემთხვევაში  ერთი  მიზანი  მაინც,   .ი. სასურველი საბოლოო შედეგი, რომელსაც მოცემული  ჯგუფის  ყველა  წევრი გაითავისებს;

3) ერთ-ერთი პირობაა ისიც, რომ  ჯგუფის  წევრები  მუშაობდნენ  ერთად  ყველასათვის მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად.

მაშასადამე, ორგანიზაცია ადამიანთა ჯგუფია, რომლის საქმიანობა შეგნებულად კოორდინირდება საერთო მიზნის ან მიზნების მისაღწევად.

განასხვავებენ ფორმალურ (ოფიცილურ) და არაფორმალურ (არაოფიციალურ) ორგანიზაციებს. ფორმალური ორგანიზაციის განმარტება ემთხვევა  ორგანიზაციის ზემოთ მოტანილ განმარტებას. ამიტომ, როცა საუბარია ორგანიზაციაზე, ყოველთვის მხედველობაშია ფორმალური ორგანიზაცია. არაფორმალური ორგანიზაციები ფორმალური ორგანიზაციებისგან განსხვავებით იქმნება სპონტანურად განსაზღვრული მიზნის  ან  მიზნების  მისაღწევად.  არაფორმალური  ორგანიზაციები  წარმოიქმნება ყველა ფორმალურ ორგანიზაციაში ძალიან პატარა ორგანიზაციების გამოკლებით.

პრაქტიკაში იშვიათია  შემთხვევა,  რომ  ფორმალურ  ორგანიზაციას  ჰქონდეს  მხოლოდ ერთი მიზანი, მისი არსებობა ძირითადად ერთმანეთთან დაკავშირებული მიზნების ნაკრებს უკავშირდება. ორგანიზაციას, ნებისმიერ სფეროში, რომელსაც აქვს რამდენიმე მიზანი უწოდებენ რთულ ორგანიზაციას. მარტივ ორგანიზაციას აქვს  მხოლოდ ერთი მიზანი.

ორგანიზაციის მიზანთან დაკავშირებით მას ყოფენ ორ ჯგუფად: კომერციული და არაკომერციული  ორგანიზაციები.  კომერციული  ორგანიზაციების   უპირველესი მიზანია მოგების მიღება და ისინი განეკუთვნებიან ბიზნესის სფეროს. ამიტომ მენეჯმენტი, როგორც წესი, კომერციული ორგანიზაციების მართვაა.

ორგანიზაციათა ერთ-ერთი დამახასიათებელი საერთო ნიშანი ის არის, რომ მათი არსებობისათვის აუცილებელია რესურსების განსაზღვრული ოდენობა. ძირითადი რესურსები, რომელთაც იყენებს ორგანიზაცია შემდეგია: ადამიანები, ე.ი. შრომითი რესურსები, კაპიტალი, მასალები, ტექნოლოგია და ინფორმაცია. საჭიროა რესურსების მართვა სათანადო დონეზე ორგანიზაციის მიზნის ან მიზნების მისაღწევად.

ორგანიზაციათა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია ურთიერთკავშირი გარემომცველ სამყაროსთან. გარე სამყარო ანუ ორგანიზაციის გარე გარემო მოიცავს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, მეცნიერულ-ტექნიკურ, ბუნებრივ და სხვა ფაქტორებს, რომლებიც  ზემოქმედებენ  ყველაფერზე,  რაც  ხდება  ორგანიზაციის  შიგნით. გარე გარემოს რიგი ფაქტორები, მართალია, არსებობენ მენეჯერების

 

გავლენის სფეროს გარეთ, მაგრამ სწორი მართვით მათ შეუძლიათ ამ ფაქტორების ორგანიზაციის სასარგებლოდ გამოყენება.

ორგანიზაციათა ყველაზე მკაფიოდ გამოხატული საერთო ნიშანია  შრომის დანაწილება. იმისათვის, რომ ორგანიზაციამ განახორციელოს  გარკვეული  საქმიანობა  ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად, საჭიროა, სამუშაო დანაწილდეს შემადგენელი კომპონენტების მიხედვით, რასაც ჩვეულებრივ უწოდებენ შრომის ჰორიზონტალურ დანაწილებას. შრომის ჰორიზონტალური დანაწილება ხელს უწყობს მუშაკთა დასპეციალებას ამა თუ  იმ  შრომითი  პროცესით,  რაც  საშუალებას  აძლევს ორგანიზაციას მიიღოს გაცილებით მეტი პროდუქცია, ვიდრე მაშინ, როცა იგივე ადამიანები იმუშავებდნენ დამოუკიდებლად.

პატარა  ორგანიზაციებში  შრომის  ჰორიზონტალური  დანაწილება  შეიძლება  მკაფიოდ არ იყოს გამოხატული მაშინ, როცა რთულ ორგანიზაციებში  შეიძლება  ადამიანმა თვალყურიც  კი  ადევნოს  ცალკეული  მუშაკის  მიერ  ფუნქციების  შესრულებას. სამრეწველო საწარმოში შრომის ჰორიზონტალური დანაწილების კლასიკური ნიმუშია წარმოება, მარკეტინგი და ფინანსები. ისინი წარმოადგენენ საქმიანობის ძირითად სახეებს. ბუნებრივია, თუ საწარმოში წარმოების პროცესი მიმდინარეობს ნორმალურად, რასაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მარკეტინგული სამსახური, კარგად მუშაობს ფინანსური სამსახურიც და საწარმო აღწევს  დასახულ მიზანს.

რთული ორგანიზაციები შრომის ჰორიზონტალურ დანაწილებას ახორციელებენ ქვედანაყოფების მეშვეობით. ქვედანაყოფები ადამიანთა ჯგუფებია, რომლებიც ასრულებენ სპეციფიკურ კონკრეტულ დავალებებს და აღწევენ სპეციფიკურ მიზნებს.  ასეთ ქვედანაყოფებს ხშირად უწოდებენ  განყოფილებებს,  სამსახურებს,  თუმცა  არსებობს სხვა დასახელებებიც. მაშასადამე, ქვედანაყოფი ორგანიზაციის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ფუნქციონირებს სხვა ქვედანაყოფებთან მჭიდრო კონტაქტში და საჭიროებს მათთან ჯეროვან კოორდინაციას. რთულ ორგანიზაციებში ოფიციალური ქვედანაყოფების გარდა ფუნქციონირებს აგრეთვე მრავალრიცხოვანი სპონტანურად წარმოშობილი არაფორმალური ორგანიზაცია (ჯგუფი).

იმისათვის, რომ ორგანიზაციაში კომპონენტების  (ცალკეული  ოპერაციების) მიხედვით დანაწილებული  სამუშაო  შესრულდეს  საერთო  მიზნის  მისაღწევად,  საჭიროა  სამუშაოს  გამოყოფილი  ნაწილების  კოორდინაცია,  რაც  ხორციელდება  შრომის ვერტიკალური დანაწილების საფუძველზე. ასეთი კოორდინაციის გარეშე ორგანიზაცია ვერ მიაღწევს დასახულ მიზანს ან მიზნებს.