ორგანიზაციული კომუნიკაციები
ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე, ბ.მღებრიშვილი, ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008
მმართველობითი (სამმართველო) პროცესის ეფექტიანობის ამაღლებისათვის აუცილებელია არა მხოლოდ პიროვნებათაშორისი კომუნიკაციების მოწესრიგება, არამედ, აგრეთვე იმ წინააღმდეგობების გამოვლენა და დაძლევა, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ორგანიზაციებში ინფორმაციის გაცვლის პროცესში.
ინფორმაციის გაცვლას ძირითადად აბრკოლებს შემდეგი წინააღმდეგობები: 1) ცნობების დამახინჯება;
2) საინფორმაციო ქსელის გადატვირთვა;
3) ორგანიზაციის არადამაკმაყოფილებელი სტრუქტურა.
ცნობების დამახინჯება შეიძლება გამოწვეული იყოს წინასწარგანზრახვით ან პიროვნებათაშორისი კონტაქტების დამყარების სიძნელეებით. შეგნებულად ინფორმაცია შეიძლება დამახინჯდეს მაშინ, როცა ხელმძღვანელი არ ეთანხმება მიღებულ ინფორმაციას. ასეთ შემთხევაში ის ინფორმაციას ცვლის მისი ინტერესების შესაბამისად. ინფორმაცია მახინჯდება, აგრეთვე, მართვის ქვედა დონიდან ზედა დონისათვის გადაცემის მომენტში, როცა ხელქვეითები ცდილობენ ხელმძღვანელებს
გადასცენ მხოლოდ დადებითი ინფორმაცია. ამ დროს ხელქვეითებს არასწორი მოქმედებისკენ უბიძგებს დასჯის შიში უარყოფითი ინფორმაციის მიწოდების შემთხევაში, ზოგჯერ კი ინფორმაციის გადაცემით მიღებული შედეგის გამოუყენებლობის შეგრძნება.
საინფორმაციო ქსელის ინფორმაციით გადატვირთვაც უარყოფითად მოქმედებს კომუნიკაციურ პროცესზე. ბუნებრივია, ინფორმაციის ვეებერთელა ნაკადის გადამუშავება წარმოადგენს დიდ სიძნელეს, რაც აიძულებს ხელმძღვანელებს გვერდი აუარონ, მათი აზრით, ნაკლებად მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ინფორმაციის დამახინჯების ალბათობა იზრდება ორგანიზაციის არადამაკმაყოფილებელი სტრუქტურის პირობებშიც, რაც დაკავშირებულია მართვის ცალკეული დონის მიერ ინფორმაციის გაფილტვრისა და კორექტირების შესაძლებლობებთან.
კომუნიკაციური პროცესი შეიძლება შეფერხდეს კადრების არადამაკმაყოფილებელი კვალიფიკაციით და არადანიშნულებისამებრ გამოყენებით, ფორმალურ და არაფორმალურ ჯგუფებს შორის კონფლიქტით და სხვა მიზეზებით.
ორგანიზაციებში კომუნიკაციური პროცესის სრულყოფა შეიძლება შემდეგი გზებით:
1) ინფორმაციული ნაკადის რეგულირება;
2) მმართველობითი საქმიანობის სრულყოფა;
3) უკუკავშირის მოწესრიგება;
4) წინადადებების შეგროვება;
5) საინფორმაციო ბიულეტენებისა და თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება.
ინფორმაციული ნაკადის რეგულირების მიზნით ხელმძღვანელმა უნდა შეისწავლოს ინფორმაციაზე როგორც საკუთარი, ისე სხვა მუშაკების მოთხოვნილების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ასპექტები და ამის საფუძველზე განსაზღვროს, თუ რა არის «ძალიან ბევრი» და «ძალიან ცოტა» გასაცვლელ ინფორმაციაში.
ინფორმაციული ნაკადის რეგულირების გარდა ხელძღვანელებს შეუძლიათ ინფორმაციის გაცვლის პროცესი მოაწესრიგონ მმართველობითი საქმიანობის სრულყოფით. ამ მიზნით ისინი აწყობენ ხელქვეითებთან შეხვედრას სხვადსხვა საკითხთან დაკავშირებით. ინფორმაციის გაცვლის პროცესის მოწესრიგების დამატებით შესაძლებლობებს ქმნის დაგეგმვა, გეგმის რეალიზაცია და კონტროლი.
უკუკავშირის სისტემის მოწესრიგება უზრუნველყოფს ინფორმაციის გადაცემისა და მიმღების მიერ მისი აღქმის პროცესში დაშვებული შეცდომების დროულად გამოვლენას და აღმოფხვრას.
გარკვეული როლი კომუნიკაციების სრულყოფაში ეკისრება წინადადებების შეკრებას. უფრო ხშირად ამ მიზნით ორგანიზაციები იყენებენ ყუთებს წინადადებებისათვის, ზოგჯერ კი სარგებლობენ ტელეფონით. ასეთი მიდგომა მუშაკებს აძლევს საკუთარი აზრის ანონიმურად გამოთქმის საშუალებას, რაც ორგანიზაციისთვის ხშირად არსებითი ხასიათის ინფორმაციის მიღების წყაროა.
ინფორმაციის გაცვლის პროცესის სრულყოფაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია
საინფორმაციო ბიულეტენებს, | პუბლიკაციებსა და | ვიდეოჩანაწერებს. | მათში |
გამოქვეყნებული ინფორმაციის
ნებისმიერ მუშაკს. |
გამოყენება შეუძლია | ორგანიზაციაში | მომუშავე |