ორგანიზციული სტრუქტურის სახეები
ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე, ბ.მღებრიშვილი, ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008
საწარმოებში (ფირმებში) ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ გადაწყვეტილებას ყოველთვის უმაღლესი დონის მენეჯერები (ხელმძღვანელები) იღებენ. საშუალო და ძირეული დონის მენეჯერები (ხელმძღვანელები) კი მათ მხოლოდ უზრუნველყოფენ აუცილებელი ინფორმაციით.
მართვის პრაქტიკაში განასხვავებენ შემდეგი სახის ორგანიზაციულ სტრუქტურებს: 1) ბიუროკრატიული ორგანიზაციული სტრუქტურები;
2) ადაპტირებული (ადაპტური) ორგანიზაციული სტრუქტურები;
3) რთული ორგანიზაციული სტრუქტურები. ბიუროკრატიულ ორგანიზაციულ სტრუქტურებში გამოიყოფა: a) ფუნქციური სტრუქტურა;
- b) დივიზიონური სტრუქტურა.
დივიზიონური სტრუქტურა თავის მხრივ მოიცავს საპროდუქტო, მომხმარებელზე ორიენტირებულ და რეგიონულ ორგანიზაციულ სტრუქტურებს.
ადაპტურ ანუ ორგანულ სტრუქტურებში ერთიანდება: a) საპროექტო სტრუქტურა;
- b) მატრიცული სტრუქტურა;
- g) კონგლომერატის ტიპის ორგანიზაციული სტრუქტურა.
რთული ორგანიზაციული სტრუქტურები შედგება სხვადსხვა ტიპის ორგანიზაციული სტრუქტურებისგან.
ჩამოთვლილი ორგანიზაციული სტრუქტურებიდან და მათი სახესხვაობებიდან მენეჯერებმა უნდა შეარჩიონ ის, რომელიც ყველაზე უკეთესად უზრუნველყოფს საწარმოს მიზნების მიღწევას. მაშასადამე, უნდა შეირჩეს ის სტრუქტურა, რომელიც საშუალებას მისცემს მოცემულ საწარმოს ეფექტიანად იმოქმედოს შიგა და გარე გარემოში, სწორად და მიზანმიმართულად წარმართოს საკუთარი და დაქვემდებარებული მუშაკების ძალისხმევა კლიენტების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მიზნების მიღწევის მიმართულებით.
მენეჯმენტის ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ საწარმოთა ორგანიზაციული სტრუქტურის შერჩევა წარმოდგენს სტრატეგიული დაგეგმვის სფეროში შემავალ გადაწყვეტილებას. მენეჯმენტის ამერიკელი სპეციალისტების შეხედულებით ორგანიზაციული სტრუქტურის შერჩევა ეფუძნება ორგანიზაციის სტრატეგიას, მაგრამ თვითონ არ წარმოადგენს სტრატეგიას. ეს მიდგომა პირველად წამოაყენა ალფრედ ჩანდლერმა. მან გაანალიზა რა ორგანიზაციული სტრუქტურების განვითარების მდგომარეობა ისეთ ფირმებში, როგორებიცაა «დიუპონი», «ჯენერალ მოტორსი»,
«სტანდარტ ოილ ოფ ნიუ-ჯერსი» და «სირსი», ჩამოაყალიბა თავისი ცნობილი პრინციპი: «სტრატეგია განსაზღვრავს სტრუქტურას». [27. გვ. 335.]. ე.ი. ორგანიზაციული სტრუქტურა ისეთი უნდა იყოს, რომ შესრულდეს სტრატეგია. სტრატეგიის შეცვლასთან ერთად ზოგჯერ საჭირო ხდება ორგანიზაციული სტრუქტურის შეცვლაც.
ორგანიზაციის კლასიკური თეორიის მიხედვით, რომელსაც ეთანხმება მენეჯერთა უმეტესობა, ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა დამუშავდეს ზევიდან ქვევით. ორგანიზაციული სტრუქტურის დამუშავების თანმიმდევრობა დაგეგმვის პროცესის მსგავსია: თავდაპირველად ხელმძღვანელები ორგანიზაციას ანაწილებენ ფართო
სფეროებად, შემდეგ დასახავენ კონკრეტულ ამოცანებს, ბოლოს კი მათ შესაბამისად მოქმედების წესებს.
საწარმოთა ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესი კონკრეტულად ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:
1) საქმიანობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებების შესაბამისად ჰორიზონტალური ფართო ბლოკების გამოყოფა და გადაწყვეტა იმისა, თუ საქმიანობის რომელი სახე უნდა შეასრულოს სახაზო და რომელი საშტაბო ქვედანაყოფებმა;
2) უფლებამოსილებათა შესაბამისობის დადგენა;
3) თანამდებობრივი მოვალეობების განსაზღვრა და მათი შესრულების დაკისრება კონკრეტული პირებისათვის.
ამრიგად, ორგანიზაციული სტრუქტურა არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც უცვლელი, შენობის კასკადის მსგავსი რამ. ის გეგმებს ემყარება და სასურველია შეიცვალოს მათი ცვლილების შესაბამისად. ასე იქცევა ყველა მოწინავე საწარმო (ფირმა).