პიროვნებათაშორისი კომუნიკაციები
ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე, ბ.მღებრიშვილი, ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008
ორგანიზაციის მართვის პროცესში დიდ როლს ასრულებს პიროვნებათაშორისი კომუნიკაციები, რომელთა ეფექტიანობაზეც მოქმედებს მრავალი ასპექტი. მათ შორის
ძირითადია: აღქმა, სემანტიკა, არავერბალური სიმბოლოები, უკუკავშირის დაბალი დონე, მოსმენის უნარი.
საერთოდ ინფორმაციის გადაცემის დროს ადამიანთა რეაქცია განისაზღვრება მათ მიერ მოვლენის აღქმით და არა იმით, თუ რა ხდება სინამდვილეში. აღქმის პროცესზე გავლენას ახდენს ბევრი ფაქტორი, რომელთა დროულად გამოვლენა საშუალებას იძლევა არასწორი აღქმით გამოწვეული დაბრკოლებები დროულად იქნეს თავიდან აცილებული.
ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ინფორმაციის აღქმაზე, არის დაგროვებული გამოცდილება. ხშირად ინფორმაციას, რომელიც ეწინააღმდეგება მიმღების გამოცდილებას, ნაწილობრივ და ზოგჯერ მთლიანადაც კი უარყოფს ან კიდევ ამახინჯებს ადრე მიღებული გამოცდილების შესაბამისად.
ინფორმაციის აღქმის პროცესში გარკვეულ დაბრკოლებებს ქმნის, აგრეთვე, ადმინისტრაციის მიერ მიღებული დადგენილებები.
მენეჯერებსა და ხელქვეითებს შორის ინფორმაციის გაცვლაზე გარკვეულ გავლენას ახდენს მათ შორის არსებული კომუნიკაციური კლიმატი. თუ მენეჯერსა (ხელმძღვანელსა) და ხელქვეითს შორის უნდობლობა და დაპირისპირებაა, ხელმძღვანელი ვერ მიიღებს საჭირო ინფორმაციას. ნდობის ატმოსფერო მათ შორის, პირიქით, ზრდის ზუსტი ინფორმაციის ნაკადს და ხელს უწყობს მართვის ეფექტიანობის ამაღლებას.
ინფორმაციის გადაცემისას გარკვეული დაბრკოლებები შეიძლება გამოიწვიოს სემანტიკურმა ვარიანტებმა. სემანტიკაში იგულისხმება ინფორმაციის გადაცემა სიტყვების მეშვეობით. სიტყვების მეშვეობით გადაცემულ და მიღებულ ინფორმაციას უწოდებენ ვერბალურ ინფორმაციას. სიტყვა «ვერბალური» ლათინურია და ნიშნავს ზეპირს, სიტყვიერს. სემანტიკური ვარიანტები ხშირად ხდება არასწორი გაგების მიზეზი. საქმე ის არის, რომ ზოგ შემთხვევაში არ ჩანს სიმბოლოს ის მნიშვნელობა, რომელიც მას მიანიჭა ინფორმაციის გამგზავნმა. სიმბოლოს მნიშვნელობა იცვლება გამოყენებული კონტექსტისა და და სიტუაციის მიხედვით. რამდენადაც ყოველ ადამიანს აქვს საკუთარი გამოცდილება, ინფორმაციის გაცვლის ყოველი აქტი განსაზღვრული ზომით წარმოადგენს ახალ სიტუაციას და არავინ შეიძლება იყოს მთლიანად დარწმუნებული, რომ ინფორმაციის მიმღები მიაწერს სიმბოლოს იგივე მნიშვნელობას, რომელიც მან მიანიჭა.
ინფორმაციის გადაცემისას შეიძლება გამოიყენონ, აგრეთვე, სახის გამომეტყველება, ინტონაცია, ჟესტი, კერძოდ, მიღებული ინფორმაციის არგაზიარების ღიმილი და გამომეტყველება, წარბების აწევა გაურკვევლობის გამო, პირზე ხელის დაფარება, უხალისო პოზა და სხვა. ისინი ყველა მიეკუთვნება ინფორმაციის გადაცემის არავერბალურ ხერხებს. არავერბალურმა სიმბოლოებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს კომუნიკაციურ პროცესზე, მაშინაც კი, როცა სემანტიკური სიმბოლოები გამოხატავენ დადებით აზრს. საჭიროა პიროვნებათაშორისი კომუნიკაციების დამყარე- ბისას არავერბალური სიმბოლოები შეესაბამებოდეს იდეას, რომლის გადაცემაც ხორციელდება.
პიროვნებათაშორისი კომუნიკაციების დაბრკოლება შეიძლება გამოიწვიოს უკუკავშირის უგულებელყოფამ. უკუკავშირი დადებითად მოქმედებს ინფორმაციის გადაცემის პროცესზე, რადგან იძლევა იმის დადგენის შესაძლებლობას, თუ როგორ მოქმედებს გადაცემული ცნობა მის მიმღებზე.
პიროვნებათაშორისი კომუნიკაციების ეფექტიანობის ამაღლებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოსმენის უნარს. ამ საკითხთან დაკავშირებით ხელმძღვანელები
იძლევიან ძირითადად ასეთ პასუხს: «მე მომწონს ჩემი უფროსი, ის მისმენ მე». მოსმენის უნარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს დაყვანილი გაჩერებაზე და სხვებისათვის ლაპარაკის საშუალების მიცემაზე. ისინი მოსმენის პროცესის მხოლოდ ნაკლებ მნიშვნელოვანი ფრაგმენტებია.
პიროვნებათაშორისი კომუნიკაციების უკუგების ამაღლებისათვის აუცილებელია, აგრეთვე გადაცემული ინფორმაციიდან ორაზროვანი სიტყვების გამორიცხვა, საკუთარი პოზის, ინტონაციის, ჟესტებისადმი თვალყურის დევნება, რომ არ გადაიცეს წინააღმდეგობრივი სიგნალები, ყურადღების გამოჩენა სხვა ადამიანებისადმი და ა.შ.
პიროვნებათაშორისი კომუნიკაციების დროს უნდა გამოიყენონ არა ზოგადი, არამედ ზუსტი ფრაზები, რაც დადებითად მოქმედებს შედეგზე.
ინფორმაციის გადაცემისას გამგზავნმა საკუთარ თავს უნდა შეხედოს მოსაუბრის ან ინფორმაციის მიმღების თვალით, რაც გაადვილებს მიმღების მიერ ინფორმაციის არსში გარკვევას.
ინფორმაციის გამგზავნის ყურადღებიანი დამოკიდებულება სხვა ადამიანებისადმი, დადებითად განაწყობს მათ და შეიძლება ამით შესამჩნევად შემცირდეს მიღებული ინფორმაციის არასწორი გაგების შესაძლებლობა.
პიროვნებათაშორისი კომუნიკაციების დამყარების პროცესში ხელმძღვანელი ყოველთვის უნდა ეცადოს უკუკავშირის მიღწევას. არსებობს უკუკავშირის დამყარების რამდენიმე ხერხი: კითხვების დასმა, პოზის, ჟესტის, ინტონაციის შეფასება, მუშობის პირველადი შედეგების გაკონტროლება, ღია კარის დღის ჩატარება. კითხვებზე მიღებული პასუხებით ხელმძღვანელი არკვევს, თუ როგორ გაიცნობიერეს დაქვემდებარებულმა მუშაკებმა მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. ხელქვეითთა პოზების, ჟესტების, ინტონაციის შეფასებით ხელმძღვანელი არკვევს რა დონით მოხდა მათ მიერ ინფორმაციის აღქმა. მუშაობის პირველადი შედეგების გაკონტროლებით ირკვევა, თუ რა ზომით შესრულდა მისი დავალებები. ღია კარის დღეების მოწყობა ხელმძღვანელის მზადყოფნის მაჩვენებელია _ განიხილოს ნებისმიერი საკითხი დაქვემდებარებულ მუშაკებთან ერთად.