საერთაშორისო ბიზნესის გარემო
ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე, ბ.მღებრიშვილი, ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008
საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი შედარებით რთულია. ამის მიზეზი მისი განხორციელების მასშტაბები და მასზე მოქმედი მრავალრიცხოვანი ფაქტორების არსებობაა.
საერთაშორისო ბიზნესზე მოქმედი ფაქტორები და ძალები ქმნიან საერთაშორისო ბიზნესის გარემოს, რომელსაც შესწავლის გაიოლების მიზნით სპეციალისტები, ძირითადად, ყოფენ ოთხ ნაწილად:
1) ეკონომიკური გარემო;
2) პოლიტიკურ-სამართლებრივი გარემო;
3) სოციალურ-კულტურული გარემო;
4) საინფორმაციო-ტექნოლოგიური გარემო.
ორგანიზაციათა მენეჯერებმა აუცილებლად უნდა გამოიკვლიონ ეკონომიკის განვითარების მდგომარეობა იმ ქვეყნებში, რომლებშიც აპირებენ ბიზნესის დაწყებასა
და განვითარებას. ასეთი ანალიზი ხელს შეუწყობს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და მომავალი საქმიანობის გზების მეტი სიზუსტით განსაზღვრას. სხვა ქვეყნების ეკონომიკური გარემოს შესასწავლად გამოიყენება შემდეგი მაჩვენებლები: ცხოვრების დონე, მთლიანი ეროვნული პროდუქტი, ეკონომიკის განვითარების დონე, ვალუტის სტაბილურობა. მნიშვნელოვანია აგრეთვე ინფრასტრუქტურის განვითარების მდგომარეობის, დაბეგვრის სისტემის და სხვა ფაქტორების გამოკვლევა.
ცხოვრების დონეს განსაზღვრავს მოხმარებული საქონლისა და მომსახურების რაოდენობა და ხარისხი. ცხადია, რაც უფრო მაღალია ცხოვრების დონე, მით მეტი შესაძლებლობებია ბიზნესის განვითარებისათვის. თუმცა მსხვილი ორგანიზაციის მენეჯერები ბიზნესის განვითარებისა და გაფართოების შესაძლებლობებს პერსპექტივაში ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ხედავენ. ცხოვრების დონის გასაზომად ადგენენ ადამიანისათვის საჭირო კვების პროდუქტების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და სხვა სახის საქონლის საყიდლად საჭირო თანხის გამოსამუშავებლად აუცილებელი დროის ხანგრძლივობას.
მთლიანი ეროვნული პროდუქტის მაჩვენებელი ყველაზე ხშირად გამოიყენება ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის შესაფასებლად. ცხადია, რომ ცხოვრების დონე იქნება მაღალი, თუ მაღალია მთლიანი ეროვნული პროდუქტის მოცულობა მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით.
მენეჯერებმა საერთაშორისო ბიზნესის განხორციელების პროცესში აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ვალუტის სტაბილურობის მდგომარეობა. თუ იმ ქვეყნის ეროვნული ვალუტის კურსი, რომელშიც ამა თუ იმ ორგანიზაციის მენეჯერი (ან მენეჯერები) გეგმავს თავისი საქმის გაგრძელებას, არასტაბილურია, დიდია ზარალიანად მუშაობის ალბათობა.
ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა დამოკიდებული სატრანსპორტო ხარჯების მოცულობა, საბანკო პროცენტის განაკვეთის სიდიდე და სხვა მაჩვენებლები.
საერთაშორისო ბიზნესის განხორციელების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ქვეყნის დავალიანების მდგომარეობის დადგენა. ქვეყანა-მევალეებს არა აქვთ შესაძლებლობა თავიანთი შემოსავლების დიდი ნაწილი ხალხის კეთილდღეობის ასამაღლებად გამოიყენონ. შემოსავლები, ძირითადად, ვალის დაფარვასა და პროცენტის გადახდაზე გამოიყენება. ამიტომ სასურველია, ორგანიზაციათა მენეჯერებმა თავი შეიკავონ დავალიანების მქონე ქვეყნებში ბიზნესის განხორციელებაზე.
პოლიტიკურ-სამართლებრივი ფაქტორებიდან საერთაშორისო ბიზნესის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები: უცხოელი ბიზნესმენისადმი დამოკიდებულება, სახელმწიფო ბიუროკრატიის დონე, პოლიტიკური სტაბილურობა, ფულად-საკრედიტო სისტემის მარეგულირებელი წესები.
ზოგიერთ ქვეყანაში უცხოელი ბიზნესმენებისადმი კეთილმოსურნე დამოკიდებულებას ავლენენ, ზოგიერთში კი, პირიქით, მათ საქმიანობას ზღუდავენ სხვადასხვა კვოტებით, სავალუტო შეზღუდვებით და სხვადასხვა სახის მოთხოვნებით. ასე მაგალითად, საერთაშიორისო ბიზნესის განვითარებისთვის კარგი პირობებია შექმნილი ტაილანდში, ინდოეთში კი უცხოელ ბიზნესმენებს სხვადასხვა მოთხოვნებით ზღუდავენ.
ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფოს ბიუროკრატიული აპარატი აფერხებს, ზოგიერთში კი, პირიქით, ხელს უწყობს საერთაშორისო ბიზნესის განვითარებას.
პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა დადებითად მოქმედებს ამ თუ იმ ქვეყნის ბაზარზე უცხოელი ბიზნესმენების შეღწევის პროცესზე. პოლიტიკური არასტაბილურობა აშინებს მენეჯერებს. პოლიტიკური მოძრაობა ხელისუფლების წინააღმდეგ და რეჟიმის მოულოდნელი შეცვლა, როგორც მინიმუმ, აფართოებს გაურკვევლობის ატმოსფეროს, რაც განსაკუთრებით მწვავე ხასიათს იღებს საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ფირმებისთვის). საერთაშორისო ფირმებს, ცხადია, ეშინიათ ზარალის და, მით უმეტეს, ქონების დაკარგვის, რაც არცთუ ისე იშვიათია საერთაშორისო ბიზნესის პრაქტიკაში.
ფულად-საკრედიტო სისტემის მარეგულირებელი წყაროებიც უნდა მიიღონ მხედველობაში საერთაშორისო ფირმების მენეჯერებმა ბიზნესის გაფართოებისას, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულმა სავალუტო შეზღუდვებმა არ დააზარალოს მათი ბიზნესი.
როგორც უკვე აღინიშნა, საერთაშორისო ბიზნესის განვითარებაზე მოქმედი ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კულტურა. სხვადასხვა კულტურის მქონე ადამიანები განსხვავებულად იქცევიან ბაზარზე, განსხვავებულ პროდუქტებს მოიხმარენ და განსხვავებულ დამოკიდებულებას მოითხოვენ მენეჯერთა მხრიდან. დადგინდება რა საერთაშორისო ბიზნესის განვითარებაზე მოქმედი კულტურული ფაქტორები ამა თუ იმ ქვეყნისათვის და გაანალიზდება ისინი, მენეჯერები იწყებენ მუშაობას კულტურულ თავისებურებებთან ადაპტაციისათვის.
საერთაშორისო ბიზნესის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს კულტურის ისეთი ელემენტი, როგორიცაა ენა. ენობრივი პრობლემების დარეგულირება მეტად მნიშვნელოვანია. ამის გარეშე ინფორმაცია საერთაშორისო მომხმარებლებამდე დამახინჯებული ფორმით მივა, რასაც შედეგად საერთაშორისო ფირმების საქმიანობისადმი უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და საქონლის გაყიდვების პროცესის შეფერხება მოყვება. საერთაშორისო მომხმარებლებთან ურთიერთობა ხშირად არავერბალური საშუალებებით, ანუ ე.წ. «სხეულის ენით» მყარდება. «სხეულის ენის» ელემენტებია: ფერი, სურათები, ჟესტები. მათი სწორი გამოყენებით ხშირად ძალიან სწრაფად მოგვარდება ხოლმე საერთაშორისო კომუნიკაციის პრობლემები. ასე მაგალითად, ბევრ ქვეყანაში სუპერმარკეტები და გასტრონომები ენობრივ პრობლემას მომხმარებლებთან სურათების დახმარებით აგვარებენ. პროდუქტის წონისა და ფასის გასაგებად მომხმარებლისათვის საკმარისია საჭირო სურათზე თითის დაჭერა.
საერთაშორისო ბიზნესის განვითარებაზე დიდია საინფორმაციო-ტექნოლოგიური გარემოს გავლენა. მენეჯერები უნდა ერკვეოდნენ ელექტრონიკასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში მომხდარ ცვლილებებში და უზრუნველყონ მათი გამოყენება ბიზნესში. არა თუ საერთაშორისო, ქვეყნის შიგნითაც შეუძლებელია ბიზნესის ეფექტიანად განხორციელება ინფორმაციის თანამედროვე საშუალებების გამოყენების გარეშე.