სახაზო და საშტაბო უფლებამოსილებანი
ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე, ბ.მღებრიშვილი, ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008
უფლებამოსილებათა შეზღუდულობა ცვლის მათ ხასიათს იმ ზომით, რომ აუცილებელი ხდება ურთიერთობების განხილვა უფლებამოსილებათა დონეებს შორის. ამის შედეგად ყალიბდება სახაზო და საშტაბო უფლებამოსილებები.
სახაზო ანუ წრფივი უფლებამოსილება უშუალოდ უფროსიდან გადაეცემა ხელქვეითებს მისგან კი სხვა უკვე მის დაქვემდებარებაში მყოფ მუშაკს. სწორედ სახაზო უფლებამოსილება აძლევს მენეჯერეს (ხელმძღვანელს) დაკანონებულ ძალაუფლებას, წარმართოს მისადმი უშუალოდ დაქვემდებარებული მუშაკების ძალისხმევა დასახული მიზნების შესრულებისაკენ. ხელმძღვანელს, რომელიც ფლობს სახაზო უფლებამოსილებებს, აქვს აგრეთვე, სხვა ხელმძღვანელებთან შეთანხმების გარეშე განსაზღვრული გადაწყვეტილებების მიღებისა და მოქმედების უფლება იმ საზღვრებში, რომლებიც დადგენილია ორგანიზაციის მიერ, კანონით ან ტრადიციებით. მაგალითად, საწარმოს (ფირმის) დირექტორს აქვს თანამშრომელთა სამსახურში მიღებისა და მათი ხელფასის განაკვეთის განსაზღვრის უფლება. სახაზო უფლებამოსილებათა დელეგირების გზით იქმნება ორგანიზაციის მართვის დონეების იერარქია. საშტაბო უფლებამოსილებასთან არის დაკავშირებული ადმინისტრაციული აპარატის მრავალრიცხოვანი ტიპი, რომელთა შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია საკონსულტაციო, მომსახურე და პირადი აპარატი. ამასთან პრაქტიკაში იშვიათად ხერხდება მათ შორის მკვეთრი საზღვრების გავლება. არცთუ იშვიათად ადმინისტრაციული აპარატი ერთდროულად ასრულებს მომსახურებისა და კონსულტაციის ფუნქციას.
საკონსულტაციო აპარატის შექმნა ხორციელდება მაშინ, როცა სახაზო ხელმძღვანელებს უწევთ სპეციფიკური ხასიათის პრობლემების გადაწყვეტა. ამ დროს ისინი მოიწვევენ ხოლმე სპეციალისტებს გადასაჭრელი პრობლემების მიხედვით დროებით ან მუდმივად, და მათგან აყალიბებენ საკონსულტაციო აპარატს. მისი დანიშნულებაა სახაზო ხელმძღვანელისათვის კონსულტაციების ჩატარება. უფრო ხშირად საკონსულტაციო აპარატს იყენებენ სამართლის, უახლესი ან სპეციალური ტექნოლოგიის, კვალიფიკაციის ამაღლების და კადრებთან მუშაობის სფეროში.
საქმიანობის ნებისმიერ სფეროში საკონსულტაციო აპარატის ფუნქციები შეიძლება გავრცელდეს, და ასეც ხდება ხშირად, ვრცელდება მომსახურების ცალკეული სახეების შესრულებაზეც. აღიარებულია, რომ მომსახურე აპარატის უფრო ცნობილი და გავრცელებული მაგალითია კადრების განყოფილება, რომელიც აწესრიგებს თანამშრომელთა პირად საქმეებს, ეძებს და ამოწმებს სამუშაოზე მისაღებ პოტენციურ კანდიდატებს. ცალკეულ შემთხვევაში კი ორგანიზაციას უზრუნველყოფს საჭირო კადრებით, ე.ი. ადმინისტრაციულმა აპარატმა შეიძლება ერთდროულად შეასრულოს კონსულტაციისა და მომსახურების ფუნქცია. მომსახურე პერსონალი გამოიყენება, აგრეთვე, საზოგადოებასთან კავშირის დამყარების დროს, მარკეტინგული კვლევების ჩატარებისას, დაფინანსების, დაგეგმვის პროცესში და სხვა სახის საქმიანობაში.
პირადი აპარატი მომსახურე აპარატის სახესხვაობაა, რომელიც ყალიბდება მენე- ჯერის (ხელმძღვანელის) მიერ მდივნის ან თანაშემწის აყვანის დროს. პირადი აპარატი ასრულებს უშუალოდ ხელმძღვანელის მოთხოვნებს და არ სარგებლობს არავითარი ფორმალური უფლებამოსილებით. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციებში ხშირად სწორედ ხელმძღვანელის პირადი აპარატის წევრები ფლობენ დიდ ძალაუფლებას. საშტაბო უფლებამოსილებათა ძირითადი სახეებია: სარეკომენდაციო უფლებამოსილებები, აუცილებელი შეთანხმებები, პარალელური და ფუნქციური უფლებამოსილებები. სახაზო ხელმძღვანელები ხშირად ფლობენ საშტაბო უფლებამოსილებებს ზოგიერთ სფეროებში, საშტაბო აპარატის ხელმძღვანელები კი _ სახაზო უფლებამოსილებებს თვითონ აპარატის მიმართ. საშტაბო აპარატის უფლებამოსილებების სარეკომენდაციო ხასიათი გამოიხატება შემდეგში: სახაზო ხელმძღვანელები ვალდებულნი არ არიან მოიქცნენ ადმინისტრაციული აპარატის შეხედულებების შესაბამისად. მათ შეუძლიათ პრობლემა გადაწყვიტონ დამოუკიდებლად საკუთარი შეხედულებების შესაბამისად, რაც ხშირად ხდება კონფლიქტის მიზეზი. ამიტომ ცალკეულ შემთხვევაში ადმინისტრაციული აპარატის უფლებამოსილებები ფართოვდება და სახაზო ხელმძღვანელს ზოგიერთი პრობლემის გადაწყვეტის უფლება არ ეძლევა ადმინისტრაციულ აპარატთან შეთანხმების გარეშე.
უმაღლეს ხელმძღვანელობას შეუძლია უფლება მისცეს აპარატს უარყოს სახაზო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებები. ამ შემთხვევაში მოქმედებს პარალელური უფლებამოსილებები, რომელთა მიზანი კონტროლის სისტემის შექმნაა ძალაუფლების გაწონასწორებისა და უხეში შეცდომების თავიდან აცილების მიზნით. უფრო ხშირად იყენებენ პარალელურ უფლებამოსილებებს სამთავრობო ორგანიზაციებში.
ფართოდ არის გავრცელებული ადმინისტრაციული აპარატის ფუნქციური უფლებამოსილებები. მათი მეშვეობით ფაქტიურად რეალიზდება უმაღლესი ხელმძღვანელობის სახაზო უფლებამოსილებები. ამით ისპობა განსხვავება სახაზო და საშტაბო უფლებამოსილებებს შორის.