სისტემური მიდგომა მენეჯმენტის სისტემაში
ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე, ბ.მღებრიშვილი, ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008
სისტემური მიდგომა მართვის პროცესში პირველად გამოიყენა მართვის მეცნიერების სკოლამ 50-იანი წლების ბოლოს, რაც უნდა ჩაითვალოს მის უმნიშვნელოვანეს დამსახურებად. საერთოდ სისტემების თეორია თავდაპირველად გამოიყენეს ზუსტ მეცნიერებებსა და ტექნიკაში.
სისტემური მიდგომა მართვაში გულისხმობს აზროვნების წესს და არა რაღაც პრინციპების ნაკრებს მენეჯერებისათვის. მართვაში სისტემების თეორიის გამოყენებამ გაუადვილა მენეჯერებს დაენახათ ორგანიზაცია გარემომცველ სამყაროსთან გადაჯაჭვული შემადგენელი ნაწილების მთლიანობად. სისტემური მიდგომა ეხმარება მენეჯერებს ორგანიზაციის არსის უკეთესად გარკვევასა და დასახული მიზნების უფრო ეფექტიანად მიღწევაში.
სისტემა ურთიერთდაკავშირებული ნაწილებისაგან შედგენილი გარკვეული მთლიანობაა. სისტემის შემადგენელი ყოველი ნაწილი მუშაობს დანარჩენ ნაწილებთან ურთიერთკავშირსა და ურთიერთზემოქმედებაში მთელის შესაქმნელად. მთელს აქვს თავისი კონკრეტული თვისებები. თუ მთელის რომელიმე ნაწილი არ იარსებებს ან იმოქმედებს არასწორად, სისტემაც იმოქმედებს არასწორად, ან არ იმუშავებს საერთოდ. სისტემებია კომპიუტერი, ტელევიზორი, მანქანა. სისტემაა ყველა ბიოლო- გიური ორგანიზმიც. ადამიანის ორგანიზმი, როგორც სისტემა, დამოკიდებულია ერთმანეთთან დაკავშირებული ორგანოების სწორად ფუნქციონირებაზე. ყველა ორგანო ერთად აღებული შეადგენს უნიკალურ არსებას, სისტემას, რომელსაც ჰქვია ადამიანი.
ყველა ორგანიზაციაც სისტემაა. ადამიანები ორგანიზაციის, როგორც სისტემის, სოციალური კომპონენტებია, რომლებიც ტექნიკასთან ერთად ასრულებენ ამა თუ იმ სამუშაოს. ამიტომ ორგანიზაციები წარმოადგენენ სოციალურ-ტექნიკურ სისტემებს. ბიოლოგიური სისტემების მსგავსად ორგანიზაციის ფუნქციონირებაც ნაწილობრივ ქვეგანაყოფების ურთიერთკავშირში სწორად მუშაობაზეა დამოკიდებული.
არსებობს სისტემების ორი ტიპი: დახურული და ღია. დახურულ სისტემას აქვს მკაცრად განსაზღვრული საზღვრები. ეს სისტემა შედარებით დამოუკიდებელია გარე
სამყაროსაგან. დახურულ სისტემას წარმოადგენს საათი. ღია სისტემა გარემომცევლ სამყაროსთან მუდმივ ურთიერთკავშირში იმყოფება. ის გარედან იღებს ენერგიას, ინფორმაციას, მასალებს. ღია სისტემას უნარი აქვს შეეგუოს გარე სამყაროში მომხდარ ცვლილებებს. ორგანიზაციები მიეკუთვნება ღია სისტემებს. ნებისმიერო ორგანიზაცია მჭიდრო ურთიერთდამოკიდებულებაშია გარე სამყაროსთან და მისი არსებობა მასზეა დამოკიდებული. ორგანიზაციათა მენეჯერებმა (ხელმძღვანელებმა) აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ეს მართვის პროცესში. ორგანიზაციები გარემომცველი სამყაროდან იღებენ ინფორმაციას, მატერიალურ, შრომით და ფინანსურ რესურსებს, რომელთა დამუშავება და გარდაქმნაც ხდება ორგანიზაციის შიგნით (იხ. ნახ. 4.2.). თუ მართვის პროცესი ეფექტიანად ხორციელდება, მიიღება დამატებული ღირებულება.
|
|
|
nax. 4.2. organizacia _ Ria sistema.
ორგანიზაცია მიეკუთვნება რთული სისტემების რიცხვს. ის შედგება მრავალი ნაწილებისაგან, ქვედანაყოფებისაგან, რომლებიც ხშირად თვითონ წარმოადგენენ სისტემებს, რომელთაც სისტემასთან მიმართებაში უწოდებენ ქვესისტემებს. ქვესისტემა მართვაში ითვლება მნიშვნელოვან ცნებად. სისტემების ქვესისტემებად დაყოფა აადვილებს ორგანიზაციის, როგორც სისტემის, მიზნის მიღწევას. ქვესისტემები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზაციის მართვაში. ყველაზე პატარა ქვესისტემის არასწორმა ფუნქციონირებამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მთელ სისტემაზე, რადგან ქვესისტემები ურთიერთკავშირში იმყოფებიან და ერთი ქვესისტემის შეფერხება აფერხებს სხვა ქვესისტემების მუშაობასაც. ამიტომ არსებობს მართვის დონეები და ხორციელდება მართვა ქვესისტემების მიხედვით.