სიტუაციური მიდგომა
ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე, ბ.მღებრიშვილი, ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008
სისტემის თეორიის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს სიტუაციური მიდგომა. სიტუაციური მიდგომის ცენტრალური მომენტია სიტუაცია, ე.ი. იმ კონკრეტული
მდგომარეობების ნაკრები, რომელიც ძლიერად იმოქმედებს ორგანიზაციაზე დროის მოცემულ მომენტში. «სიტუაციური აზროვნების» მეშვეობით ხელმძღვანელებს შესაძლებლობა ეძლევათ განსაზღვრონ ის ცვლადები (ფაქტორები), რომლებიც ყველაზე მეტად შეუწყობენ ხელს ორგანიზაციის მიზნების მიღწევას მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში.
სიტუაციური მიდგომის აუცილებლობა პირველად წამოაყენა მერი პარკერ ფოლეტმა 20-იან წლებში. იგი მიუთითებდა, რომ «სხვადასხვა სიტუაცია სხვადასხვა
სახის ცოდნას მოითხოვს. გამომდინარე აქედან მისი აზრით, ადამიანები, რომელთაც არა აქვთ განსხვავებულ სიტუაციებში მართვისათვის საჭირო ცოდნა ცდილობენ იმუშაონ მოწესრიგებულ ორგანიზაციებში». 1948 წელს ოჰაიოს (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორმა რალფ სტოგდილმა ყოველმხრივ გამოიკვლია ლიდერისათვის დამახასიათებელი თვისებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სიტუაცია განსაზღვრავს, და თანაც დიდი ზომით, თუ რა ნიშან-თვისებებს, ჩვევებს უნდა ფლობდეს ლიდერი. [27, გვ. 82.]. მაგრამ მაინც მხოლოდ XX ს-ის 60-იანი წლების ბოლოს გახდა შესაძლებელი იმის გარკვევა, თუ რომელი ფაქტორები მოქმედებდნენ მართვის პროცესის ეფექტიანობაზე და საერთოდ ორგანიზაციაზე სხვადასხვა სიტუაციაში და როგორ უნდა ემართათ ისინი.
როგორც სისტემური, ისე სიტუაციური მიდგომა არ უზრუნველყოფს მენეჯერებს მენეჯმენტის მზა რეცეპტებით. მართალია, სიტუაციური მიდგომა აღიარებს მართვის პროცესის მსგავსებას სხვადასხვა ორგანიზაციაში, მაგრამ იმავდროულად მიუთითებს მართვაში გამოყენებული სპეციფიკური ხერხების ვარირების ფართო შესაძლებლობებზე.
სიტუაციური მიდგომის მეთოდოლგია შეიძლება განიმარტოს, როგორც ოთხსაფეხურიანი პროცესი:
პირველ საფეხურზე მენეჯერები უნდა გაერკვნენ მართვის პროცესის, მუშაკთა ინდივიდუალური და ჯგუფური ქცევების, სისტემური ანალიზის, დაგეგმვისა და გადაწყვეტილებათა მიღების რაოდენობითი მეთოდების არსში.
მეორე საფეხურზე მენეჯერმა უნდა შეძლოს მართვის ამ თუ იმ მეთოდიკისა და კონცეფციის გამოყენების შესაძლო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგების დანახვა.
მომდევნო საფეხურზე მენეჯერი განსაზღვრავს მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორების წრეს და მათი შეცვლის შედეგად მისაღებ შესაძლო ეფექტს.
ბოლო საფეხურზე მენეჯერმა უნდა შეძლოს შედარებით უკეთესი და ნაკლები უარყოფითი შედეგების გამომწვევი კონკრეტული ხერხებისა და საშუალებების კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირება. ეს მას მოცემულ სიტუაციაში ყველაზე ეფექტიანად მართვის შესაძლებლობას მისცემს.
სიტუაციური მიდგომის წარმატება ან წარუმატებლობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მესამე საფეხურზე. ძირითადი სიტუაციური ფაქტორების დადგენა წარმოადგენს სიტუაციური მიდგომის მეტად მნიშვნელოვან წვლილს მართვის პროცესში. ეს პირველ რიგში ეხება მენეჯერებსა და ორგანიზაციულ სტრუქტურაზე მოქმედ ფაქტორებს. ამასთან შესაძლებელია ორგანიზაციის ეფექტიანად ფუნქციონირებაზე მოქმედი ფაქტორების დადგენა. სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად მენჯერებმა, უნდა განიხილონ მხოლოდ ის ფაქტორები, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანია ორგანიზაციისთვის და ისინი, რომელთაც, სავარაუდოდ, ყველაზე მეტი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ორგანიზაციის საქმიანობაზე.
სიტუაციური ცვლადები იყოფა ორ ჯგუფად: შიგა და გარე ცვლადებად
(ფაქტორებად).
შიგა სიტუაციური ცვლადები ახასიათებენ ორგანიზაციას, მოიცავენ რა ორგანიზაციის მიზანს, რესურსებს, სიდიდეს, შრომის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ დანაწილებას. ისინი სხვადასხვა ზომით ექვემდებარებიან კონტროლს. მენეჯერების მიერ შიგა ცვლადებთან დაკავშირებით მიღებული
გადაწყვეტილება განსაზღვრავს, თუ რამდენად შედეგიანი იქნება მოცემული ორგანიზაციის საქმიანობა სხვებთან შედარებით.
გარე ცვლადები მოქმედებენ ორგანიზაციათა მენეჯერების უფლებამოსილების საზღვრებს გარეთ. მაგრამ მათი გათვალისწინება აუცილებელია. ამის გარეშე ორგანიზაციის მენეჯერები ვერ შეძლებენ სწორი გადაწყვეტილების მიღებას და ეფექტიანად მართვას.