სოციალური პასუხისმგებლობა

სოციალური პასუხისმგებლობა

ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე,    ბ.მღებრიშვილი,    ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის  საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008

სოციალური პასუხისმგებლობა ემყარება საზოგადოების სოციალურ პეობლემებზე რეაგირების ნებაყოფლობით პრინციპს და იგი არ არის განსაზღვრული მოქმედი

 

კანონმდებლობით  ან  მარეგულირებელი  ღონიძიებებით.  გამოკვლევების  თანახმად სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს სოციალური პასუხისმგებლობა. გამოკითხული მენეჯერები მიიჩნევენ, რომ ზეგავლენა ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების მიმართულებით რეალურია, მას  აქვს  დიდი  მნოიშვნელობა  და  ეს ზეგავლენა გაიზრდება, მიუხედავად იმისა, რომ არის წინააღმდეგობებიც რიგითი მუშაკების მხრივ სოციალურ პროგრამებში ფირმის მონაწილეობასთან დაკავშირებით მოგებისა და შემოსავლების უფრო მეტად გადიდების მოთხოვნების გამო.

ორგანიზაციები ხშირად მონაწილეობენ  საზოგადოების  ცხოვრებაში  ნებაყოფლობითი პრინციპის საფუძველზე. მაგალითად,  ფირმა  «პროქტერ  ენდ  გემბლმა» (აშშ) 1980 წელს გაყიდვიდან მოხსნა ტამპონები  «რილაი»,  როდესაც აღმოაჩინა, რომ მათ შეეძლოთ გამოეწვიათ შოკი ტოკსიკურობის გამო. ფირმა

«ჯონსონ ენდ ჯონსონმა» გადადგა ანალოგიური ნაბიჯები, როდესაც «ტილენონის» კაფსულებში აღმოჩენილ იქნა ციანიდის კვალი. ამ პროდუქტის წარმოებიდან მოხსნის გადაწყვეტილება  ფირმას  დაუჯდა  დაახლოებით  (შეფასებით)  50  მლნ   დოლარი. ფირმა «ფორდმოტორი» სრულიად სხვანაირად მოიქცა «პინტოს» საქმესთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც სამი ქალი დაიღუპა «პინტოს» მოდელის საკუთარ ავტომობილებში (1973 წლის გამოშვება) უკანა მხრიდან დაჯახების შემდეგ მანქანის აფეთქების გამო, ფირმა «ფორდის» საქმე გადაეცა სასამართლოს. ფირმის ხელმძღვანელობა ამტკიცებდა,  რომ  ზუსტად  იცავდა  ფედერალურ  წესებს  და  ზედმეტი ხარჯები  გასწია  (დაამატა  11  დოლარის  დეტალები)  საწვავი  სისტემის დაწვის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ აღნიშნულ საქმეზე დადგინდა შემდეგი: 1) ფირმის  ხელმძღვანელობას  უნდა  ცოდნოდა  საწვავი  სისტემის  საშიშროების  შესახებ   იმ ანგარიშგების მიხედვით, რომელიც იქნა მიღებული შესაბამისი შემოწმების ჩატარებისას; 2)»პინტოს»  მოდელმა  ვერ  გაუძლო  50კმ/ს  სიჩქარის  დაჯახებას  ბენზინის ავზის (ბაკის) მაღალი ალბათობით დანგრევის  (გატეხვის)  გარეშე;  3) პროექტის მთავარმა ინჟინერმა მისცა ჩვენება, რომ მისი არაერთი წერილობითი და ზეპირი შეხსენება ფირმის ხელმძღვანელობისადმი «პინტოს» არასაკმარისი უსაფრთხოების შესახებ იგნორირებულ იქნა და იგი გადაიყვანეს ისეთ სამუშაოზე, რომელიც არ იყო დაკავშირებული ფედერალური სტანდარტების პრობლემებთან. საზოგადოებაში საგანმანათლებლო დონის ამაღლებასთან დაკავშირებით სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითია ფირმა «ეპლ კომპიუტერი», რომელმაც აჩუქა კომპიუტერული სისტემები 9 ათასზე მეტ დაწყებით და საშუალო სკოლას. ფირმა

«აი  ბი  ემ»-მაც  აჩუქა  კომპიუტერული  სისტემები  ბევრ  ამერიკულ  უნივერსიტეტს. [27,

გვ. 151-152.].

საზოგადოების ცხოვრებაში ორგანიზაციებისა  და  ბიზნესმენების  მონაწილეობის  სხვა სფეროებს განეკუთვნება ქალაქების განახლება, ინვალიდებისათვის დახმარების აღმოჩენა, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების მომზადება და  სამუშაოზე მიღება  (დაქირავება),  ხელოვნების  მხარდაჭერა  და  სხვ.  მნიშვნელოვან ქველმოქმედებას ეწეოდნენ ჯერ კიდევ ადრე და დღესაც ეწევიან  ქართველი  ბიზნესმენები განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სფეროებში.

მაშასადამე, ორგანიზაციებმა (ფირმებმა) თავიანთი რესურსებისა და ძალისხმევის ნაწილი უნდა წარმართონ ადგილობრივ საზოგადოებათა სასარგებლოდ, რომლებშიც ფუნქციონირებენ ფირმა და მისი ქვედანაყოფები. ორგანიზაციები ვერ შეძლებენ ხანგრძლივად მუშაობას თავიანთ გარემოცვასთან კონფლიქტის პირობებში. ეფექტიანი მენეჯმენტისათვის ორგანიზაციამ უნდა  შეძლოს  შეგუება  სოციალურ  გარემოსთან,  რათა ეს გარემო გახდეს ორგანიზაციისათვის უფრო კეთილსასურველი. დანახარჯები

 

სოციალურ პასუხისმგებლობაზე გამართლებულია  საზოგადოების  სხვადასხვა  სეგმენტის სრულყოფით, აგრეთვე ფირმისადმი საზოგადოებრიობის ურთიერთობის გაუმჯობესებით. ყოველიევ ეს იწვევს მომხმარებელთა (მყიდველთა) ლოიალობას პროდუქციის  მწარმოებლებისადმი,  ბიზნესში  სახელმწიფოს   მარეგულირებელი ჩარევის  დონის  შემცირებას  და  საზოგადოების   მდგომარეობის   საერთო გაუმჯობესებას.

აღსანიშნავია ისიც,  რომ  მხოლოდ  მსხვილ  ორგანიზაციებს  როდი  ძალუძთ  იკისრონ  სოციალური  პასუხისმგებლობა.  ნაგვის  შემგროვებელი  ორგანიზაცია  ან პიცით მოვაჭრე საწარმო, რომელიც გახდა ბეისბოლის გუნდის სპონსორი, აგრეთვე წვრილი გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც მოსწავლეებს აძლევს ექსკურსიის მოწყობის შესაძლებლობას მისი მუშაობის გასაცნობად _ ყველა ისინი სოციალურად პასუხისმგებელი ორგანიზაციებია. ასეთია საავადმყოფოც, რომელიც აგზავნის თავის მუშაკს უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტებთან ჯანდაცვაში კარიერის შესაძლებლობათა განსახილველად.

ყურადსაღებია ისიც, რომ მოგება ფრიად მნიშვნელოვანია ფირმების  (ორგანიზაციების) გადასარჩენად, ნებისმიერი ორგანიზაციისთვის პირველ ადგილზეა გადარჩენა და მხოლოდ  შემდეგ  _  საზოგადოების  პრობლემები.  თუ  ორგანიზაცია თავის საქმეს (ბიზნესს) ვერ წარმართავს მოგებით, საკითხი სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ უპირატესად  იძენს  აკადემიურ  ხასიათს.  მაგრამ  როგორც  არ უნდა იყოს,  ორგანიზაციებმა  თავიანთი  საქმეები  უნდა  წარმართონ საზოგადოებრივი მოლოდინის შესაბამისად. სხვანაირად რომ ითქვას, სოციალური პასუხისმგებლობა ორგანიზაციისათვის ნიშნავს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ ფილანტროპული საქმიანობა. ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ უნდა გამოიყენოს მენეჯმენტი, რომ უმაღლესი პრიორიტეტები მიანიჭოს მოგებასა  და  განვითარებას. მაგრამ მას ასევე უნდა ჰქონდეს საკმაოდ ფართო ხედვა, რათა თავისი ფირმის ინტერესებისათვის გაცნობიერებულ იქნეს ფირმის მიერ ნებისმიერი გონივრული მოლოდინის შესრულების მნიშვნელობა, რომელიც ყალიბდება მის მიმართ ადგილობრივი საზოგადოების  შიგნით  და  საზოგადოების  სხვადასხვა დაინტერესებული ფენების მხრივ. პრიორიტეტების ღია აღიარება და სოციალურად საპასუხისმგებლო ქცევა უზრუნველყოფს ფირმისათვის მნიშვნელოვანი მეორადი მიზნების მიღწევას. რენტაბელობა (მოგებით მუშაობა) და განვითარება ერთობლივად განაპირობებს პატიოსან დამოკიდებულებას მუშაკებისადმი, ყველა დონის მომხმარებლებისა და ადგილობრივი საზოგადოებისადმი.