სტრატეგიული გეგმის რეალიზაცია

სტრატეგიული გეგმის რეალიზაცია

ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე,    ბ.მღებრიშვილი,    ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის  საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008

სტრატეგიული გეგმა მოქმედებად გადაიქცევა რეალიზაციის შედეგად, რითაც  მიიღწვა  ორგანიზაციის  მიზნები.  გეგმის  წარმატებით  რეალიზაციისთვის აუცილებელია გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგრამების დამუშავება, განსაზღვრული პოლიტიკა, პროცედურა და წესები, რომლებიც წარმოადგენენ ფორმალური დაგეგმვის ძირითად ელემენტებს.

მოკლევადიანი მიზნების განსაზღვრასთან ერთად ორგანიზაციები ამუშავებენ გრძელვადიან გეგმებთან  შეთანხმებულ  და  მათგან  გამომდინარე  მოკლევადიან  გეგმებს, რომელთაც უწოდებენ ტაქტიკურ (ოპერატიულ) გეგმებს.

ტაქტიკური გეგმები ხასიათდება სხვადასხვა ნიშნით, რომელთაგან პირველ რიგში უნდა აღინიშნოს შემდეგი:

 

1) ტაქტიკა _ სტრატეგიის დაკონკრეტება;

2) განსხვავებით სტრატეგიისაგან, რომელიც მუშავდება უმაღლესი დონის მენეჯერების (ხელმძღვანელების) მიერ, ტაქტიკას განსაზღვრავენ საშუალო დონის ხელმძღვანელები;

3) ტაქტიკური გეგმები მოიცავს დროის უფრო ხანმოკლე მონაკვეთს, ვიდრე სტრატეგიული გეგმები;

4) სტრატეგიული გეგმის შედეგები შეიძლება გამოვლინდეს  რამდენიმე  წლის  შემდეგ, ტაქტიკური გეგმისა კი, როგორც წესი, ვლინდება ძალიან სწრაფად. ამასთან  ისინი ადვილად უპირისპირდებიან (შედარების  თვალსაზრისით)  კონკრეტულ ქმედებებს.

სტრატეგიული  და  ტაქტიკური  გეგმების  რეალიზაცია  ხორციელდება  განსაზღვრულ პოლიტიკაზე დაყრდნობით. პოლიტიკაში იგულისხმება საერთო ხელმძღვანელობა გეგმების განხორციელების პროცესში, რაც აადვილებს დასახული მიზნების მიღწევას.

პოლიტიკა ჩვეულებრივ ყალიბდება უმაღლესი დონის ხელმძღვანელების მიერ ხანგრძლივი პერიოდისათვის. პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ უნდა იქნეს მიზანი მიღწეული. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა მიმართულებას აძლევს გადაწყვეტილების მიღებას, ის გეგმის შემსრულებლებს უტოვებს თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობებს.

საერთო პოლიტიკის პირობებში გეგმის შესრულების უზრუნველსაყოფად ხელმძღვანელობა           ამუშავებს           პროცედურას,         რომელშიც                                            იგულისხმება სტანდარტიზებული მითითებები. პროცედურა აღწერს მოქმედებებს, რომელთაც უნდა მიმართონ გეგმის  შემსრულებლებმა  კონკრეტულ  სიტუაციაში.  მაშასადამე,  პროცედურა ზღუდავს ინდივიდთა თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობებს. ამის შესაბამისად მცირდება ალტერნატივების რიცხვი.

კონკრეტული დავალებების კონკრეტული ხერხებით შესრულების მიზნით მენეჯერები ადგენენ წესებს, რომლებიც ზუსტად  განსაზღვრავენ,  თუ  რა  უნდა გაკეთდეს  ცალკეულ  სპეციფიკურ  სიტუაციაში.  წესები  პროცედურებისგან განსხვავებით გათვლილია კონკრეტულ და შეზღუდულ საკითხებზე.

ცალკეულ შემთხვევებში პროცედურებმა და წესებმა შეიძლება გამოიწვიოს მომუშავეთა პროტესტი, რაც, ბუნებრივია, გააძნელებს მიზნის მიღწევას. ამიტომ ხელმძღვანელობა უნდა ეცადოს ისე გააცნოს პროცედურა და წესები  თანამშრომლებს, რომ დარწმუნდნენ ისინი მათ აუცილებლობაში. ასეთ შემთხვევაში კონფლიქტები დაიყვანება მინიმუმამდე, წესები კი შესრულდება ნებაყოფლობით.  დარწმუნებით  და  არა იძულებით უნდა შეძლონ მენეჯერებმა ხელქვეითთა საქმიანობის წარმართვა  გეგმების რეალიზაციის პროცესში.