სტრესი და სტრესული სიტუაციის მართვა
ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე, ბ.მღებრიშვილი, ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია
სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.
გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008
სტრესი ჩვეულებრივი მოვლენაა ადამიანთა საზოგადოებაში, უმნიშვნელო სტრესები გარდუვალია და არ მოაქვს ზიანი ცალკეული ინდივიდებისა და ორგანიზაციებისათვის, უკიდურესი სტრესული სიტუაციები კი დიდ პრობლემებს უქმნის მათ. დოქტორი კარლ ალბერტი წიგნში «სტრესი და მენეჯერი» წერს:
«სტრესი წარმოადგენს ადამიანის არსებობის ბუნებრივ ნაწილს… ჩვენ უნდა ვისწავლოთ სტრესის დასაშვები დონისა და ძალიან დიდი სტრესის ერთმანეთისგან გარჩევა… შეუძლებელია ნულოვანი სტრესი» [27, გვ. 545-546.].
სტრესში იგულისხმება ორგანიზმის სპეციფიკური ფიზიოლოგიური რეაქცია, რაც გამოიხატება დაძაბვაში. სტრესული სიტუაციების წარმოშობა დაკავშირებულია სხვადასხვა არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედებასთან.
გამოკვლევებით დადგენილია სტრესის ფიზიოლოგიური ნიშნები: წყლული, შაკიკი, ჰიპერტონია, ზურგში ტკივილი, ართრიტი, ასთმა და გულის ტკივილი. ფსიქოლოგიური სტრესი გამოვლინდება გაღიზიანებაში, მადის დაკარგვაში, დეპრესიაში და პიროვნებათშორისი და სექსუალური ურთიერთობებისადმი ინტერესის დაქვეითებაში.
სტრესი ამცირებს ადამიანის შრომის უნარიანობას. ძლიერი სტრესი შეიძლება ძვირად დაუჯდეს ორგანიზაციას.
სტრესი შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც ორგანიზაციის, ისე ინდივიდის პირადი ცხოვრების პრობლემებთან.
სტრესი ხშირად გამოწვეულია მუშაკის გადატვირთვით სამსახურში, ზოგჯერ კი პირიქით, სამუშაოთი დაუტვირთაობით. სტრესის წარმოშობა ხშირად დაკავშირებულია მუშაკისადმი ხელმძღვანელის მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნების წაყენებასთან. სტრეს იწვევს, აგრეთვე, სამსახურში მუშაკის ფუნქციების გაურკვევლობა. როცა მუშაკმა არ იცის ზუსტად, თუ რას მოელის მისგან ხელმძღვანელობა, ან რა უნდა გააკეთოს და როგორ, ის ნერვიულობს და ვარდება სტრესში. სტრესის წარმოშობაში დიდ როლს ასრულებს სამუშაოს ხასიათიც. თუ მუშაკს არ აინტერესებს სამუშაო, ის შეიძლება აღმოჩნდეს სტრესულ სიტუაციაში.
მაგრამ «საინტერესო» სამუშაოს ცნება პირობითია, რადგან ის, რაც ერთი ადამიანისთვის საინტერესოა, მეორესთვის შეიძლება იყოს სრულიად უმნიშვნელო.
მუშაობის ცუდი პირობებიც შეიძლება გახდეს სტრესის მიზეზი. ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, ცუდი განათება, მეტისმეტი ხმაური აღიზიანებს ადამიანებს. სტრესის მიზეზი შეიძლება გახდეს ცუდი კომუნიკაციები, ერთმანეთისადმი დაუსაბუთებელი მოთხოვნები.
სტრესი შეიძლება გამოიწვეული იყოს პიროვნული ხასიათის ფაქტორებით. ზოგჯერ უარყოფით ფაქტორებზე ძლიერ სტრესს იწვევს დადებითი ფაქტორები, დადებითი ცხოვრებისეული მოვლენები. ასე მაგალითად, ადამიანში სტრესი შეიძლება გამოიწვიოს სამსახურში დაწინაურებამ ისევე, როგორც დაქვეითებამ.
ორგანიზაციამ რომ თავიდან აიცილოს სტრესთან დაკავშირებული პრობლემები, უნდა მართოს სტრესული სიტუაციები.
სტრესული სიტუაციების მართვა შეიძლება განხორციელდეს შემდეგნაირად:
- ყოველმა ადამიანმა უნდა განსაზღვროს შესასრულებელ სამუშაოთა თანმიმდევრობა. მართვის პრიორიტეტების მინიჭების გზით; ცხადია ზოგიერთი სამუშაო სასწრაფოდ უნდა შესრულდეს, ზოგი უახლოეს ხანში, ზოგი კი როცა ადამიანს დრო ექნება.
2.მუშაკმა უარი უნდა თქვას სამუშაოს შესრულებაზე, როცა გრძნობს, რომ მეტი აღარ შეუძლია. ძნელია, მაგრამ ყველამ უნდა ისწავლოს საჭიროების შემთხვევაში
«უარის» თქმა სამუშაოს შესრულებაზე. თუ მენეჯერი ავალებს ხელქვეითს ახალ საქმეს მანამ, ვიდრე ის ადრე მიცემულ დავალებას დაასრულებდეს, მან უარი უნდა უთხრას მენეჯერს და თან აუხსნას ამის მიზეზი. თუ უფროსი მას მაინც მისცემს ახალ დავალებას, მუშაკმა უნდა გაარკვიოს დავალებათა შესრულების თანმიმდევრობა.
- სტრესის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ხელქვეითებს საიმედო და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდეთ უფროსებთან. ხელქვეითებს უნდა ახსოვდეთ უფროსების პრობლემები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. იმავდროულად ხელქვეითებმა უნდა ასწავლონ მენეჯერებს მათი პატივისცემა, მათი სამუშაოთი დატვირთვის გათვალისწინება და დასაბუთებული და რეალური დავალებების მიცემა.
4.ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნების შემთხევვაში ადამიანი არ უნდა დაეთანხმოს მეორე მხარეს და მოითხოვოს თათბირის ჩატარება ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით, თუ პრობლემა ეხება ორგანიზაციას. ამასთან მუშაკმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიკავოს ბრალმდებლის პოზიცია.
5.გაურკვევლობის შემთხვევაში მუშაკმა უნდა აუხნას ხელმძღვანელობას, ან თანამშრომლებს, რომ სურს კარგად გარკვევა მისთვის მიცემულ დავალებებში და მოითხოვს საკითხებზე ერთობლივ მსჯელობას.
6.მუშაკმა თავისუფლად და საქმიაანდ უნდა იმსჯელოს თავის პრობლემებზე და არ უნდა იწუწუნოს არავითარ შემთხვევაში.
7.ყოველმა ადამიანმა უნდა გამონახოს ყოველდღე დრო განტვირთვისა და დასვენებისათვის. საჭიროა ის ხუთი წუთის განმავლობაში მთლიანად მოდუნდეს და არ იფიქროს არაფერზე.
სტრესის შემცირებაში დადებითი როლის შესრულება შეუძლია კვების რეჟიმის დაცვას, ფიზიკურ ვარჯიშებს და საერთო წონასწორობის შენარჩუნებას.
სტრესის შემცირებაში დიდი როლის შესრულება შეუძლა, აგრეთვე, შემდეგ ფაქტორებს: მენეჯერის მიერ ხელქვეითთა უნარისა და ერთგულების სათანადოდო
დაფასებას, მათი მოსაზრებების გათვალისწინებას, ღირსეული მუშაკების წახალისებას, ხელქვეითთა დარიგებას და სხვა. სტრესული სიტუაციების სწორად მართვის შემთხვევაში მნიშველოვნად მაღლდება მუშაკთა შრომის შედეგები და საერთოდ მთელი ორგნაიზაციის (ფირმის) საქმიანობის ეფექტიანობა.