ცენტარლიზებული და დეცენტრალიზებული ორგანიზაციები
ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე, ბ.მღებრიშვილი, ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008
მართვის დონეებს შორის უფლებამოსილებათა განაწილების ხარისხის მიხედვით განასხვავებენ ცენტრალიზებულ და დეცენტრალიზებულ ორგანიზაციებს.
ორგანიზაციებს, რომლებშიც უმაღლესი დონის ხელმძღვანელები (მენეჯერები) გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი უფლებამოსილებების დიდ ნაწილს თვითონ იტოვებენ, ცენტრალიზებული ეწოდება.
დეცენტრალიზებული ორგანიზაციები ისეთი ორგანიზაციებია, რომლებშიც უფლებამოსილებანი განაწილებულია უმაღლესი დონის ხელმძღვანელების მიერ
მართვის ქვედა დონეებზე. დეცენტრალიზაციის მაღალი დონის მქონე ორგანიზაციებში მართვის საშუალო დონის ხელმძღვანელები სარგებლობენ დიდი უფლებამოსილებით საქმიანობის კონკრეტულ სფეროებში.
პრაქტიკაში არ არსებობს მთლიანად ცენტრალიზებული ან დეცენტრალიზებული ორგანიზაციები. განასხვავებენ ორგანიზაციებს ცენტრალიზაციის მაღალი და დაბალი დონით (ხარისხით).
ორგანიზაციებში ცენტრალიზაციის დონეს განსაზღვრავს შემდეგი ნიშნები:
1) მართვის ქვედა დონეებზე მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობა. ბუნებრივია, რაც უფრო მეტ გადაწყვეტილებებს იღებენ მართვის ქვედა დონის მენეჯერები (ხელმძღვანელები), მით მაღალია დეცენტრალიზაციის ხარისხი;
2) მართვის ქვედა დონეებზე მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობა. თუ ქვედა დონის ხელმძღვანელები იღებენ ნაკლებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მაღალია ცენტრალიზაციის დონე;
3) მართვის ქვედა დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები. თუ საშუალო და ძირეული დონის ხელმძღვანელების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეხება ერთზე მეტ ფუნქციას, მაღალია დეცენტრალიზაციის ხარისხი;
4) ხელქვეითთა საქმინობაზე კონტროლის ოდენობა (ხარისხი).
ორგანიზაციებში, რომლებშიც მაღალია დეცენტრალიზაციის ხარისხი, უმაღლესი დონის ხელმძღვანელები მათდამი დაქვემდებარებული ხელმძღვანელების ყოველდღიურად მიღებულ გადაწყვეტილებებს ამოწმებენ იშვიათად. ასეთი შეფასება ხორციელდება შემაჯამებელი მაჩვენებლების (მაგალითად, რენტაბელობა) და ორგანიზაციის ზრდის მიხედვით.
დეცენტრალიზებულ სტრუქტურებს დღეს ბევრი მომხრე ჰყავს. ამასთან დეცენტრალიზაციის თავგამოდებული მომხრეებიც კი აღიარებენ, რომ ის არ წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას ყოველ სიტუაციაში. მართვის როგორც ერთ, ისე მეორე ფორმას ახასიათებს როგორც ნაკლოვანი, ისე დადებითი მხარეები.
მართვის ცენტრალიზაციის დადებითი მომენტებია:
1) საქმიანობის კოორდინაციისა და კონტროლის გაუმჯობესება, მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობისა და მასშტაბების შემცირება;
2) ორგანიზაციათა ცალკეული ქვედანაყოფების სხვების ხარჯზე ზრდა- განვითარების გამორიცხვა;
3) ცენტრალიზებული ადმინისტრაციული პერსონალის ცოდნისა და გამოცდილების უფრო რაციონალურად და ადვილად გამოყენება.
დეცენტრალიზაციის უპირატესობები მდგომარეობს შემდეგში:
1) მსხვილ ორგანიზაციებში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაადვილება საჭირო ინფორმაციის ოდენობის შემცირების გამო;
2) გადაწყვეტილების მიღების უფლების მიცემა იმ ხელმძღვანელისათვის, რომელიც ყველაზე უკეთესად იცნობს პრობლემას;
3) მუშაკთა ინიციატივის სტიმულირება;
4) ახალგაზრდა ხელმძღვანელი მუშაკებისათვის (მენეჯერებისათვის) ხელშეწყობა პროფესიული ცოდნის ამაღლების გზაზე, კარიერის დასაწყისში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების უფლების მინიჭებით.