ადაპტირებული სტრუქტურები
ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე, ბ.მღებრიშვილი, ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008
XX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისიდან ორგანიზაციათა ერთ ნაწილში მკვეთრად არაეფექტიანი გახდა მართვის ბიუროკრატიული სტრუქტურების გამოყენება, რაც გამოწვეული იყო ტექნოლოგიის შემდგომი განვითარებით და პროექტების გართულებით. ამან განაპირობა ადაპტირებული (ადაპტური) სტრუქტურების დამუშავება. ამ სტრუქტურებს აქვს ცოცხალი ორგანიზმის მსგავსად გარე გარემოში მოხდარი ცვლილებების შესაბამისად მოდიფიცირების უნარი, ამიტომ მათ უწოდებენ ორგანულ სტრუქტურებსაც. ადაპტირებული სტრუქტურების საფუძვლები რადიკალურად განსხვავდება ბიუროკრატიული სტრუქტურების საფუძვლებისაგან. ინგლისელმა მეცნიერ-ბიჰეივიორისტებმა ტ. ბერნსმა და გ. მ. სტალკერმა ბიუროკრატიულ ორგანიზაციულ სტრუქტურებს მექანისტური უწოდა. ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მექანისტური სტრუქტურები უფრო მეტად შეესაბამება ნაკლებად ცვალებად გარემოში მოქმედ ფირმებს, ორგანული კი პირიქით
– მკვეთრად ცვალებად გარემოში მოქმედ ფირმებს. ამ მეცნიერებმა ისიც დაადასტურეს, რომ არც წმინდა ორგანული და არც წმინდა მექანისტური სტრუქტურა არ შეიძლება იყოს ოპტიმალური და რომ რეალური სტრუქტურა რეალურ ორგანიზაციაში ფლობს როგორც მექანისტურ, ისე ორგანული სტრუქტურების დამახასიათებელ ნიშნებს. [1, გვ. 85.].
ორგანული სტრუქტურის გავრცელებული სახეებია: საპროექტო და მატრიცული ორგანიზაციული სტრუქტურები.
საპროექტო ორგანიზაციული სტრუქტურების შექმნა დაკავშირებულია მსხვილმასშტაბიანი პროექტების მართვის აუცილებლობასთან. ასეთებია კაშხლების მშენებლობა, შეიარაღების ახალი სახეების დამუშავება და წარმოება და სხვა. საპროექტო ორგანიზაცია დროებითი სტრუქტურაა, რომელიც შექმნილია კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად. ის ერთ ჯგუფში აერთიანებს კვალიფიციური მუშაკებს რთული პროექტის განსაზღვრულ ვადაში და ხარისხიანად შესრულების მიზნით. პროექტის განხორციელების შემდეგ მისი წევრები უბრუნდებიან თავიანთ მუდმოვ სამუშაო ადგილს მოცემულ ორგანიზაციაში ან საერთოდ მიდიან ორგანიზაციიდან.
საპროექტო ორგანიზაციული სტრუქტურის ძირითადი უპირატესობა თანამშრომელთა ძალისხმევის ერთადერთი ამოცანის გადასაჭრელად
კონცენტრაციაშია, მაშინ, როცა ჩვეულებრივ განყოფილებაში ერთდროულად მუშაობა მიმდინარეობს რამდენიმე პროექტზე.
მატრიცული სტრუქტურა საპროექტო ორგანიზაციული სტრუქტურის სახესხვაობაა, მაგრამ იმდენად მკვეთრად განსხვავდება მისგან, რომ განიხილება, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციული სტრუქტურა. მატრიცული ორგანიზაციული სტრუქტურები პირველად გამოიყენეს ავიაკოსმოსურმა ფირმებმა გასული საუკუნის 50-60-იან წლებში.
მატრიცულ ორგანიზაციებში საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელები ექვემდებარებიან როგორც პროექტის, ისე ხელმძღვანელს იმ ფუნქციური ქვედანაყოფისა, რომელშიც ისინი დასაქმებულნი არიან მუდმოვად. პროექტის ხელმძღვანელი პასუხს აგებს მატერიალური და ფინანსური რესურსების გამოყენებაზე, პროექტის დაგეგმვაზე, ფუნქციური ქვედანაყოფის ხელმძღვანელი კი აკონტროლებს ამოცანათა თანმიმდევრობით შესრულების მიმდინარეობას. იგი ახორციელებს ზოგიერთი თავისი მოვალეობის დელეგირებას პროექტის ხელმძღვანელზე, გადაწყვეტს სად და როგორ უნდა შესრულდეს ეს სამუშაო.
მატრიცული სტრუქტურის ძირითადი ნაკლოვანება მის სირთულეშია. მას გააჩნია სხვა ნაკლოვანი მხარეებიც, კერძოდ, ბრძოლა ძალაუფლებისათვის, არახელსაყრელ ეკონომიკურ პირობებთან შეგუების უუნარობა და სხვ.
მატრიცული ორგანიზაციული სტრუქტურები გამოიყენება ქიმიურ მრეწველობაში, გამოთვლითი ტექნიკის მწარმოებელ დარგებში, ბანკებში, საავადმყოფოებში, სამთავრობო ორგანიზაციებში და სხვა. მისი ასე ფართოდ გავრცელების საფუძველი მისი დადებითი მხარეებია, რაც, პირველ რიგში, გამოიხატება კადრების, მათი შესაძლებლობების შესაბამისად, გადანაწილებაში (გამოყენებაში).
ადაპტირებული სტრუქტურის შექმნასთან არის დაკავშირებული კონგლომერატის ტიპის ორგანიზაციების გამოჩენა. ამ ტიპის ორგანიზაციათა ერთ განყოფილებაში შეიძლება გამოიყენონ საპროდუქტო, მეორეში ფუნქციური, მესამეში კი საპროექტო ან მატრიცული სტრუქტურა. უმაღლესი დონის ხელმძღვანელს ეკისრება პასუხიმგებლობა საერთო პოლიტიკის დამუშავებასა და განხორციელებაზე, გრძელვადიან დაგეგმვაზე, მთელი ორგანიზაციის მიხედვით საქმიანობის კოორდი- ნაციასა და კონტროლზე. ცენტრალური ჯგუფის ირგვლივ გაერთიანებული ფირმები მთლიანად დამოუკიდებელნი არიან ოპერატიული გადაწყვეტილების მიღებაში. უმაღლესი ხელმძღვანელობა, მათ უფლებას აძლევს აირჩიონ მართვის ის სტრატეგია, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მის მიზნებსა და ინტერესებს.