დარგი, შესაქმნელი კომპანია და მისი პროდუქცია (მომსახურება).
მოცემულ საჭიროა აღვწეროთ შესაქმნელი კომპანია (კომპანია, რომელსაც ჰქმნით), მისი პროდუქცია ან მომსახურება არსებულ დარგთან ურთიერთქმედებაში. ესე იგი საჭიროა წარმოადგინოთ ინფორმაცია როგორც თვით კომპანიის შესახებ, მისი პროდუქციის ან მომსახურების, მათი უპირატესობის და ღირსებების შესახებ, ისე სხვა ასეთივე საქონლისა და მომსახურების მწარმოებელი დარგების შესახებ; აღწერეთ როგორ გინდათ გახვიდეთ ბაზარზე და გაზარდოთ თქვენი პროდუქციის რეალიზაციის მოცულობა. ბიზნეს-გეგმის ეს განყოფილება მოიცავს შემდეგ ქვესაკითხებს:
ა) დარგის (ქვედარგის) აღწერა. საჭიროა წარმოადგინოთ იმ დარგის განვითარების თანამედროვე დონე და პერსპექტივები, რომელშიც თქვენ გადაგიწყვეტიათ ბიზნესის შექმნა. საჭიროა განიხილოთ მისი სტრუქტურა. მოკლედ აღწერეთ გასაღების ბაზრის მოცულობა (ტევადობა), მისი ზრდის ტენდენციები და ძირითადი კონკურენტები. ამასთან ყველა შეფასება მოცემული უნდა იყოს რამდენადაც შეიძლება კონკრეტულად. თუ თქვენ ბიზნეს-გეგმაში აღნიშნავთ, რომ თქვენი პროდუქციის საბაზრო პოტენციალი უდრის 30-დან 60 მლნ-დე გაყიდვას წელიწადში (ლარებში) და გაყიდვების მოცულობის ყოველწლიური ზრდის ხარისხი შეადგენს 10%, მაშინ ასეთი დიაპაზონი მეტად ფართოა წარმოების გაშვების დაგეგმვისათვის და მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს იგი. სხვანაირად თქვენი ბიზნეს-გეგმის მიმართ დიდი ნდობა არ ექნებათ. რაც შეეხება ბაზრის ზრდის ხარისხს, აქ მოსალოდნელი ციფრის 10%-ის დამატებით საჭიროა მოიყვანოთ ზრდის ციფრები უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში და ამ შეფასების დამასაბუთებელი დასკვნები. წარმოიდგინეთ თქვენი პროდუქციის ახალი მომხმარებლების, ახალი კანონების და ინსტრუქციების, ახალი კონკურენტების გამოჩენის ალბათობა, ან პირიქით მათი გაქრობა. მოკლედ რომ ვთქვათ, უნდა წარმოადგინოთ ნებისმიერი ტენდენცია და ფაქტორი, რომლებსაც კი ნეგატიურად ან პოზიტიურად შეუძლიათ იმოქმედონ თქვენს ბიზნესზე.
ბ) შესაქმნელი კომპანია. დასავლეთელი ფირმები თავიანთი ბიზნესის დახასიათებისას ჩვეულებრივ ხმარობენ ისეთ ცნებას, როგორიცაა ბიზნესის კონცეფცია. ამ ცნების ქვეშ იგულისხმება საერთო წარმოდგენა დასახული ბიზნესის შესახებ და იმ მიზნების შესახებ, რომლებსაც თავის წინაშე აყენებს მეწარმე, იწყებს რა თავის საქმიანობას. მაგალითად, ზღვის სანაპიროზე გზის საფარის მწარმოებელმა შემდეგნაირად განსაზღვრა თავისი ბიზნესის კონცეფცია: «ლიდერი გახდეს მაღალხარისხოვანი პროდუქტების მიწოდებაში ღია ჰაერზე დასვენებისათვის».
მივაქციოთ ყურადღება: კონცეფციაში მან გაითვალისწინა მის მიერ გამოშვებული პროდუქციის ნომენკლატურის გაფართოება («პროდუქტების მიწოდება ღია ჰაერზე დასასვენებლად»), მიზნის, ამოცანის დასმა («ლიდერი გახდეს»), და გარკვეული შეზღუდვები («მიაწოდოს მაღალხარისხოვანი პროდუქტები»).
ამიტომ ბიზნეს-გეგმის მოცემულ განყოფილებაში საჭიროა აღვწეროთ: მოსალოდნელი ბიზნესის საერთო კონცეფცია; რომელ პროდუქციას ან მომსახურებას შესთავაზებს თქვენი ბიზნესი; ვინ იქნება მისი ძირითადი მომხმარებელი».
საჭიროა მოიყვანოთ თქვენი ფირმის ისტორია, მოჰყვეთ თუ როგორ მოგივიდათ მისი შექმნის იდეა. ამასთან საჭიროა დაასახელოთ ფირმის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, წარმოადგინოთ მისი ფინანსური შედეგების შესახებ ანალიზი (მომგებიანობა და გაყიდვების რაოდენობა. თუ თქვენს ორგანიზაციაში იყო დანაკარგები წინა წლებში, მოიყვანეთ ამ დანაკარგების მიზეზები და დასახული ღონისძიებები ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.
გ) გამოსაშვებად (საწარმოებლად) გათვალისწინებული პროდუქცია და მომსახურება. დაასახელეთ ყველა სახის პროდუქცია და მომსახურება, რომელიც თქვენს მიერ შეთავაზებული იქნება გასაყიდად და ახსენით მომხმარებლის მიერ მისი გამოყენების წესი, ამასთან აღწერეთ მათი გამოყენების როგორც ძირითადი ისე მეორეხარისხოვანი სფეროები. საჭიროა აღნიშნოთ პროდუქციის და მომსახურების განმასხვავებელი თავისებურებანი, ნიშნები და ისიც თუ როგორ აქცევს (ხდის) ეს თავისებურებანი მათ კლიენტისათვის უფრო ღირებულს, განსაკუთრებით აღნიშნეთ ნებისმიერი განსხვავება იმას შორის რაც უკვე წარმოდგენილია ბაზარზე ამჟამად და, იმას შორის, რასაც თქვენ აპირებთ წარმოადგინოთ, ახსენით ყველაფერი ეს როგორ შეუწყობს ხელს თქვენ შეღწევას ბაზარზე. ანდა თქვენი პროდუქციის ან მომსახურების უნიკალურობას, რამდენ თვეში დაფარავენ მომხმარებლები მის შესყიდვაზე (შეძენაზე) გაწეულ ხარჯებს (შრომის მწარმოებლურობის ამაღლების, თვითღირებულების შემცირების თუ სხვა რომელიმე ფაქტორით).
არ არის საჭირო ზედმეტად შეაქოთ თქვენი პროდუქცია ან მომსახურება, ვინაიდან ყველაფერს აქვს თავისი დამახასიათებელი უარყოფითი მხარე (მორალური დაბერების ჩათვლით). თუ გამოსაშვებად გათვალისწინებული პროდუქცია იმყოფება სამეცნიერო- კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების სტადიაზე უნდა თქვათ ამის შესახებ სრულიად გარკვევით, იმის ჩათვლით თუ რამდენი დრო და ფული დაგჭირდებათ ამ სამუშაოების სრულად დამთავრებისათვის, გამოცდებისათვის და პროდუქტის ბაზარზე მიწოდებისათვის. ძალიან სასურველია უჩვენოთ პროდუქტის ფუნქციონალური თავისებურებები, თუ შესაძლებელია მისი ფოტოგრაფიაც.
აღწერეთ პირველსაწყისი საბაზრო უპირატესობები, რომლებიც თქვენ საშუალებას მოგცემენ მომგებიანი და ძლიერი მდგომარეობა დაიკავოთ დარგში; უჩვენეთ პროდუქტის თუ მომსახურების ყველა თავისებურება, რომელიც უპირატესობასგაძლევთ კონკურენტებთან შედარებით, პატენტების, სავაჭრო საიდუმლოებების და სხვათა ჩათვლით.
დ) ბაზარზე გასვლის, წარმოებისა და გაყიდვების ზრდის სტრატეგია: გამოჰყავით მარკეტინგის თქვენს გეგმაში წარმოების საკვანძო ფაქტორები (მაგ. ბაზრისათვის ახალი პროდუქცია, ბაზარზე მოცემულ დროში გამოსვლის უპირატესობანი და ა.შ.) მოყევით პროდუქტის ფასებისადმი, გაყიდვების ხერხებისადმი და რეკლამისადმი თქვენი მიდგომის შესახებ.
საწარმოს შექმნა გულისხმობს მის ხანგრძლივ ფუნქციონირებას, ამიტომ საჭიროა იმის შესახებაც ითქვას, თუ როგორ ჩქარა აპირებთ გაზარდოთ წარმოება და ბიზნესის რა ზომების მიღწევა გსურთ პირველი ხუთი წლის განმავლობაში, საჭიროა ახსნათ აგრეთვე ბიზნესის შემდგომი განვითარების გეგმებიც პროდუქციისა და მომსახურეობის პერსპერქტიულობის თვალსაზრისითაც. საჭიროა აღინიშნოს, რომ ბაზარზე გასვლის, წარმოებისა და გაყიდვების მოცულობის ზრდის სტრატეგია გამომდინარეობს იმ შესაძლებლობებიდან, რომლებიც თქვენ გაგაჩნიათ (პროდუქციის უნიკალური თვისებები, სხვა დამატებითი კონკურენციული უპირატესობა. მაგალითად, კონკურენტების სისუსტე და სხვა).
გახსოვდეთ, რომ ბაზარზე გასვლა, წარმოებისა და გაყიდვების მოცულობის ზრდა ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. აქ საჭიროა გავითვალისწინოთ სოციალური, ნაციონალურ-კულტურული, კლიმატური და რაც მთავარია ეკონომიკური ფაქტორები, მოცემული რეგიონის თუ ქვეყნის მოსახლეობის ისტორიულად ჩამოყალიბებული ცხოვრების წესი, მათი ტრადიციები. უდიდესი მნიშვნელობა აქვს პოტენციალური მყიდველების შემოსავლების დონეს, მათი გასავლების სტრუქტურას და საერთოდ მათ მსყიდველობით უნარიანობას. გათვალისწინებული უნდა იქნეს ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციური პროცესები, ინფლაციის ტემპები, მოსახლეობის დანაზოგები. შეიძლება ვინმეს უმნიშვნელოდ მოეჩვენოს მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ მომავალ მყიდველებს ხომ არა აქვთ შეძენილი (და თუ აქვთ რამდენი) ანალოგიური ან მსგავსი დანიშნულების საქონელი.
აქ მხედველობაში უნდა გვქონდეს რომ ჩამოთვლილი ფაქტორები დამოკიდებულია თვით პროექტის ხასიათზე. თუ თქვენ ბიზნეს-გეგმას ადგენთ, მაგალითად, ახალი ტიპის დაზგის დანერგვაზე, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ უკვე არსებული დაზგების პარკის სტრუქტურა და ამ დაზგებით გამოწვეული პროდუქციის ასორტიმენტში ძვრები, უნდა შეაფასოთ ინვესტიციური კლიმატი მომხმარებელ- დარგებში (კრედიტებზე პროცენტული განაკვეთის დონე, საგადასახადო შეღავათები და სხვა).
სულ სხვა საკითხია, თუ თქვენ გეგმავთ, მაგალითად საყოფაცხოვრებო ელექტროაპარატურის სარემონტო სახელოსნოს. აქ უნდა გაინტერესებდეთ თქვენს მიერ მომსახურების ზონაში მოსახლეობას რამდენი ასეთი სახის აპარატურა აქვთ შეძენილი, რამდენი ანალოგიური სახელოსნოა უკვე შექმნილი, რომლებიც მომსახურებას უწევენ ამ ზონის მოსახლეობას.
წყარო :ბიზნეს.გეგმა:დამუშავების მეთოდიკა.გამომცემელი:შიდა ქართლის საერო უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრი.დირექტორი: ზაურ (ბაჩო) თეთრუაშვილი.რედაქტორი: ზურაბ თეთრუაშვილი.კომპიუტერული უზრუნველყოფა: თეა ფხალაძე. გორი.2007