წიწვოვანი მცენარეები უმაღლესი მცენარეების, კერძოდ კი შიშველთესლოვანთა განყოფილებაში ერთიანდებიან. მცენარეთა ეს კატეგორია ოთხ რიგს აერთიანებს, რომელთა შირის ფიჭვისნაირებია გადარჩენილი. ამ რიგის ცნობილ გვარებს შორისაა ნაძვი.
ნაძვი მარადმწვანე მცენარეა, მისი სიმაღლე 20-50 მეტრია; გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას. საქართველოში გავრცელებულია აღმოსავლური ნაძვის სახეობა, თუმცა ტყე-პარკების არეალში ვხვდებით ნაძვების სხვა სახეობებსაც. იგი ძირითადად ხარობს დასავლეთ საქართველოში, ბორჯომის ხეობაში, ხოლო აღმოსავლეთით მისი გავრცელების საზღვარი მიუყვება კავკასიონის მთავარ ქედს, ვიდრე შავი არაგვის ხეობამდე. ნაძვი ზღვის დონიდან 2300-2500 მეტრამდე ხარობს, თუმცა ტყის მასივს ჰქმნის 1500-1800 მეტრზე. მსხმოიარობას 20-25 წლის ასაკში იწყებს. ნაძვის სიცოცხლის ხანგრძლივობა 250-300 წელს შეადგენს, იშვიათად 500 წელსაც.
ნაძვის ხის ერთ-ერთი მთავარი თვისება ჰაერის მავნე ბაქტერიებისგან გაწმენდაა. ნაძვის ხე ფიტონციდებს გამოყოფს და ანტიმიკრობულ თვისებებს ფლობს. თუმცა ხალხური მედიცინა მის ფისს, კვირტებს, წიწვებსა და გირჩებს უძველესი დროიდან სამკურნალოდ გამოიყენებს.
ნაძვის ფისისაგან შესაძლოა კოლოფანის (გამოიყენება ჭრილობების შესახორცებელი მალამოების დასამზადებლად), სკიპიდარის (მედიცინაში გამოიყენება მისი ზეთის მასაჟები და აბაზანები ტკივილის შესამცირებლად; ასევე იგი იხმარება სხვადასხვა ლაქ-საღებავების წარმოებაში) დამზადება.
ნაძვის კვირტების ნახარში კარგია როგორც ამოსახველებელი, ანტიმიკრობული, სადეზინფექციო, სისხლის გამწმენდი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება. მას სვამენ ქრონიკული ბრონქიტის, გაციების, ფილტვების ტუბერკულოზის დროს. ნახარშის ორთქლი გამოიყენება საინჰალაციოდ, ხველების, ანგინის, სასუნთქი გზების დაავადებისას.
ხალხური მედიცინა ნაძვის წიწვების აბაზანას იყენებს რევმატიზმის სამკურნალოდ. თავად წიწვები ეთერზეთს, ტანინებს, ფიტონციდებს, მინერალურ მარილებსა და დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას შეიცავენ. წიწვები ასევე შარდმდენ, ოფლმდენ და ნაღვლმდენ საშუალებად გამოიყენება, იგი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში.
გირჩის შეგროვება 15 მაისიდან 15 ივნისამდე ხდება. ამ პერიოდში მოგროვილი გირჩი სასარგებლოა ხველებისა და ბრონქიტისგან სამკურნალოდ. ხშირად გირჩისგან ამზადებენ მურაბას და ამ სახით მიირთმევენ. გირჩის ნახარში ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იმუნიტეტის ასამაღლებლად.
ნაძვი გამოირჩევა ასევე მაღალი ხარისხის მერქანით. მას მრავალმხრივად გამოიყენებენ სახალხო მეურნეობაში, მისგან ამზადებენ ავეჯს, მუსიკალურ ინსტრუმენტს (ვიოლინო), ქაღალდს. ნაძვის მერქანი რბილია და მსუბუქი, ადვილად მუშავდება, თუმცა ნესტს ვერ იტანს, ამიტომ მისი გამოყენება ბაღის დეტალების დასამზადებლად და ასევე სახლის ინტერიერისთვის ხდება.
ნაძვის ხის სურნელოვანი არომატი გამოიყენება კოსმეტიკაში ზეთების დასამზადებლად.
გარდა მისი სამედიცინო და მერკანტილური გამოყენებითი მნიშვნელობისა, ნაძვის ხე ერთადერთი და შეუცვლელი ატრიბუტია საახალწლო განწყობის შესაქმნელად.