მეფუტკრეობა — სოფლის მეურნეობის დარგი, რომლის ამოცანაა ფუტკრის მოშენება ადამიანის კვებისა და ჯანმრთელობისათვის საჭირო პროდუქტების — თაფლის, ცვილის, „რძის“ დინდგელის, ჭეოსა და შხამის მისაღებად. ფუტკარი ჯვარედინმტვერია მცენარეთა განაყოფიერებით ზრდის ხეხილისა და ბაღჩეული კულტურების საჰექტარო მოსავლიანობას, აუმჯობესებს ნაყოფის ხარისხს.
გურიასა და აჭარაში არსებობდა მეფუტკრეობის ისეთი ფორმაც, როდესაც ფუტკრის სისტემატური ექსპლუატაცია ხდებოდა ტყეშივე, ხელოვნურ გეჯებში.
მეფუტკრეობის გაბატონებული ფორმა საქართველოში შინაური მეფუტკრეობა იყო, რომელიც გულისხმობდა ხელოვნურ გეჯას და საგანგებოდ გაწყობილ საფუტკრეს. მეფუტკრეობის ისტორიაში განარჩევენ 3 პერიოდს:
- ველურ ფუტკარზე ნადირობის;
- პრომიტიული მეხეურ-გეჯური მეფუტკრეობის;
- კულტურული მეფუტკრეობის.
XIX საუკუნეში საქართველოში მეფუტკრეთა კადრებს ამზადებდა ილია წინამძღვრიშვილის მიერ სოფ. წინამძღვრიანთკარში დაარსებული სასოფლო-სამეურნეო სკოლა. 90-იან წლებში თბილისში დაარსდა ამიერკავკასიის მეაბრეშუნეობისა და მეფუტკრეობის საცდელი სადგური, სადაც ცნობილმა რუსმა მკვლევარმა კ. გორბაჩოვმა და ნ. შავროვმა საფუძველი ჩაუყარეს კავკასიური ფუტკრის შესწავლას. მათი საქმიანობა განაგრძეს ქართველმა მეფუტკრეებმა ლ. ერისთავმა, პ. ლოლაძემ, ს. ჟღენტმა, ი. გაბუნიამ, მ. ლეკიშვილმა, ქ. ყანჩაველმა და სხვებმა. უნდა აღინიშნოს ქართველი მწიგნობარი მეფუტკრის ა. წულაძის დამსახურება, რომელმაც 1910 წელს დაწერა პირველი ქართული სახელმძღვანელო მეფუტკრეობაში. 1976 წელს საქართველოში შეიქმნა მეფუტკრეობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება, რომლის სამეცნიერო ნაწილს შეადგენს საცდელი სადგური თავისი განყოფილება-ლაბორატორიებითა და საყრდენი პუნქტებით, ხოლო საწარმოო ნაწილს — ქართული ფუტკრის სანაშენები, რომლის პროდუქცია დედა ფუტკრებისა და ამანათნაყრების სახით იგზავნება როგორც მოძმე რესპუბლიკებში, ისე უცხოეთის მრავალ ქვეყანაში. გაერთიანებას აქვს ინვენტარის საწარმოო კომბინატი. საქართველოში მეფუტკრეობას აქვს სანაშენე, სადამტვერვო და პროდუქტიული მიმართულება. სანაშენე მიმართულების საფუტკრეებია დასავლეთ საქართველოში (სამეგრელო, გურია, აფხაზეთი, იმერეთი), სათაფლე-პროდუქტიული — ძირითადად კახეთსა და მესხეთ–ჯავახეთში, ხოლო სადამტვერვო — ქართლის რაიონებში.