ინსულტი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა, რომელსაც თან სდევს ტვინის ქსოვილის დაზიანება და მისი მმართველი ფუნქციის მოშლა.
განასხვავებენ იშემიურ და ჰემორაგიულ ინსულტებს.
იშემიური ინსულტი. ინსულტების უმრავლესობა იშემიური ხასიათისაა. ამ დროს მკვებავი სისხლძარღვის ძლიერი შევიწროების ან დახშობის გამო წყდება ტვინის რომელიმე უბნის სისხლით მომარაგება. ყველაზე ხშირად სისხლძარღვის გაუვალობის მიზეზია ათეროსკლეროზული ფოლაქის ნაწილი, მოწყვეტილი თრომბი ან სისხლძარღვის ხანგრძლივი სპაზმი, მაგალითად, სისხლძარღვის მიჭყლეტა სიმსივნური წარმონქმნით ან ტრავმის შედეგად. სისხლძარღვი შეიძლება დაახშოს – თუმცაღა გაცილებით იშვიათად – ცხიმის წვეთმა ან ჰაერის ბუშტმა (ცხიმოვანი და ჰაეროვანი ემბოლია). ამის შედეგად ტვინის უჯრედებს აღარ მიეწოდება სისხლი, რომელიც მათ ჟანგბადითა და საკვების ნივთიერებებით ამარაგებდა, და ტვინის ქსოვილი რბილდება.
იშემიური ინსულტი შესაძლოა მოულოდნელიც იყოს, თუმცა უმეტესად თანდათანობით ვითარდება. ზოგჯერ ის ძილის დროს აღმოცენდება. მეტწილად ემართებათ 40-50 წელს გადაცილებულ ადამიანებს.
ჰემორაგიული ინსულტის დროს სისხლძარღვის კედელი სკდება, ტვინის ქსოვილში სისხლი ჩაიქცევა და წარმოიქმნება ტვინშიგა ჰემატომა, რომელიც ავსებს თავისუფალ სივრცეს. ამის მიზეზად შეიძლება იქცეს ანევრიზმა ან სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევა ათეროსკლეროზული ცვლილებების გამო. მაპროვოცირებელი ფაქტორებია წნევის მკვეთრი ცვლილება, გონებრივი და ფიზიკური გადატვირთვა, სტრესი. ამ ტიპის ინსულტი უფრო იშვიათია, მაგრამ გაცილებით საშიში. ადამიანს ჰემორაგიული ინსულტი ხშირად აქტიური ცხოვრების პერიოდში, უმეტესად – 40 წლამდე ასაკში ემართება. ათიდან 7 შემთხვევა სიკვდილით სრულდება.
ორივე ტიპის ინსულტის შემთხვევაში ტვინის დაზიანებულ უბანში იწყება ნერვული უჯრედების კვდომა. ავადმყოფის მდგომარეობა და პროგნოზი დამოკიდებულია იმაზე, ტვინის რომელი უბანია დაზიანებული. ტვინის სხვადასხვა უბანი ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციას განაგებს. მაგალითად, თავის ტვინის წინა ნაწილში მდებარეობს მოძრაობათა მართვის ცენტრები: მარჯვენა ჰემისფეროში – მარცხენა ხელ-ფეხისა, ხოლო მარცხენაში – მარჯვენისა. ტვინის ღეროს დაზიანებისას ვითარდება ალტერნაციული სისუსტე – სახის კუნთების სისუსტე ერთ მხარეს და კიდურების სისუსტე მეორე მხარეს. როდესაც ტვინის ამ უბნებში ირღვევა სისხლის მიმოქცევა, ვითარდება დამბლა – აქტიურ მოძრაობათა შეზღუდვა ან სრული შეუძლებლობა. მოძრაობათა მოშლასთან ერთად ინსულტს ხშირად თან სდევს მგრძნობელობის დარღვევა, მეტყველებისა და ყლაპვის გაძნელება, მხედველობისა და მეხსიერების დაქვეითება, თავბრუხვევა და სხვა სიმპტომები.
შემჩნეულია, რომ ინსულტი (როგორც ჰემორაგიული, ასევე იშემიურიც) უმეტესად ვითარდება ჰიპერტონიული დაავადების, ათეროსკლეროზისა და თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმის ფონზე. ხელშემწყობი დაავადებებია მოციმციმე არითმია, გულის მანკი, პაროქსიზმული ტაქიკარდია, გულის უკმარისობა და ქრონიკული ტონზილიტი.
რისკ-ფაქტორებია:
- არტერიული ჰიპერტენზია;
- გულის დაავადებები;
- დისლიპოპროტეინემია;
- მოწევა;
- სტრესი;
- მოციმციმე არითმია;
- შაქრიანი დიაბეტი;
- გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი.