მავნე აირები

დაბინძურებული ჰაერი, რომელიც გვკლავს

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებებიაეს არის გამონაბოლქვი, რომელიც ნელა გვკლავს და შემდგომ ჩვენს ჯანმრთელობაზე არცთუ სახარბიელოდ აისახება. 

საქართველო ისევე როგორც მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყანა, მწვავედ დგას ამ პრობლემის წინაშე. როგორ მოქმედებს დაბინძურებული ჰაერი ადამიანების ჯანრთელობაზე და რომელი დაავადებების გაჩენის რისკი ჩნდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით?

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „პირველს“ ექიმი, კლინიკური ონკოლოგი ნინო ხუფენია ესაუბრა.

ონკოლოგი დაბინძურებული ჰაერით გამოწვეულ დაავადებებზე საუბრობს.

„დაბინძურებული ჰაერის მუდმივი ზემოქმედება შემდეგ დაავადებებს იწვევს: გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული, ბრონქიტი, პნევმონიები, ალერგიული დაავადებები, ფილტვის კიბო, ცვლის სისხლის ფორმულას, აზიანებს კანსა და ლორწოვანს. ატმოსფეროს დაბინძურებისას ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება შემდეგი დაავადებები: გრიპი, ყივანახველა, ყბაყურა, დიფტერია, წითელა.ლანკასტერის მეცნიერების მიერ ჩატარებულ იქნა კვლევა, რომლის თანახმად დაბინძურებულმა ჰაერმა შესაძლოა, ალცჰეიმერის დაავადება გამოიწვიოს. შეიძლება ითქვას, რომ დაბინძურებული ჰაერის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე გაცილებით დიდია და დაბინძურებულმა  ნაწილაკებმა შესაძლოა, ტვინის უჯრედებამდეც მიაღწიონ”, – აღნიშნა ნინო ხუფენიამ.

ონკოლოგი ბავშვთა ჯანმრთელობის მხრივ დაბინძურებული ატმოსფეროს გავლენაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს სასუნთქი ორგანოების, ხახის რკალის მწვავე რესპირატორული, კბილების კარიესული, ინფექციური და პარაზიტული დაავადებების პროვოცირებას ახდენს.

„ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებები ძირითადად მიწიდან ერთი მეტრის სიმაღლეზე კონცენტრირდება, რის გამოც ბავშვი უფრო მეტ მავნე ნივთიერებას ჩაისუნთქავს, ვიდრე ზრდასრული. ბავშვს თუ სუფთა ჰაერზე გავუშვებთ, მას ხველა იმ წამსვე გაუვლის, ეს არის სუფთა ჰაერის სიდრომი და სწორედ ამის დეფიციტია დღეს ჩვენთან”, – უთხრა „პირველს” ონკოლოგმა ნინო ხუფენიამ.

საკითხის პრობლემურობაზე “პირველთან” საუბარში გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი საუბრობს.

სპეციალისტი ჰაერის დამაბინძურებელ ერთ-ერთ ფაქტორად გაუმართავი ავტომობილების გამონაბოლქვს მიიჩნევს, რომელიც მავნე აირებს გამოყოფს.

„ჰაერის დაბინძურება თანამედროვე ეპოქაში ბევრი ფაქტორით არის გამოწვეული. მთავარი არამარტო დამაბინძურებელი ფაქტორია, არამედ მისი გეოგრაფიული მდებარეობაც არის. თუ კონკრეტული ადგილი არ ნიავდება და ერთგვარ ქვაბულში მდებარეობს, მაშინ დაბინძურების რისკი და მასშტაბი ბევრად უფრო დიდია. მაგალითად, გამონაბოლქვს გამოყოფს ის გაუმართავი ავტოტექნიკური საშუალებები, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შემორჩენილია ჩვენთან. ნებისმიერ ჩქაროსნულ თუ არაჩქაროსულ მაგისტრალზე მოძრაობის დროს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ძველი ტექნიკის გამონაბოლქვი, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით გამოყოფს მავნე აირებს იტყორცნება ჰაერში. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გაჩერებაზე დგას და ელოდება ტრანსპორტს, გრძნობს გამონაბოლქვების რთულ ფაქტორს. ბუნებრივია, ამით შესაძლოა, ადამიანებს და გარემოს ზიანი მიადგეს”, – უთხრა „პირველს“ დვალაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, დაბინძურებული ჰაერი მოქმედებს გარემოსა და მწვანე საფარზე, ასევე პირდაპირ თუ ირიბი გზით ადამიანების ჯანმრთელობაზე.

„ფაქტია, რომ მავნე აირებმა, გამონაბოლქვებმა შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობაზე  პირდაპირ იმოქმედოს ან შეიძლება ირიბი გზით იმოქმედოს გარემო პირობებზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მავნე აირების, გამონაბოლქვების შედეგად  მცენარეული საფარი ძალიან ზიანდება. სხვადასხვა მცენარეულ საფარზე და ხილზე, გამონაბოლქვის და მტვრის რაოდენობა საკმაოდ მაღალ ნიშნულს აღწევს. გაუმართავი ავტომობილები ქვეყნის მასშტაბით ჰაერის მთავარ დამაბინძურებლად ითვლება, გამომდინარე იქიდან რომ ბევრი ავტომობილი ტექნიკურად არ არის გამართული. რა უნდა გაკეთდეს? სახელმწიფოს ამ შემთხვევაში უპირატესი როლი ენიჭება. სახელმწიფომ უნდა არეგულიროს, თუნდაც შემოტანილი საწვავი, რომელიც უხარისხოა და ა.შ”,- აღნიშნა დვალაშვილმა.

ევროპის მასშტაბით საქართველო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მხრივ მესამე ადგილზე იმყოფება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მხრივ საქართველო მესამე ადგილს იკავებს.

გარემოსთვის მთავარ დამაბინძურებლად ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები და სატვირთო მანქანები რჩება.

კიბოს კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მყარი ნაწილაკები კვალიფიცირებულია როგორც კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი ნივთიერება, შესაბამისად, მისი რაოდენობის შემცირება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.