მუცელზე წოლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვარჯიშია თქვენი ჩვილისთვის.
მუცელზე წოლის დრო რუტინის ის მნიშვნელოვანი პერიოდია, როდესაც ჯერ კიდევ ახალშობილი დღის განმავლობაში არის ფხიზლად და წევს მუცელზე. ეს სავარჯიშო არის ძალიან საჭირო აქტივობა ბავშვის მხედველობითი, მოტორული და სენსორული განვითარებისთვის.
ახალშობილი დაბადებიდან მალევე ახერხებს მუცელზე წოლას და ეს პერიოდი გრძელდება თითქმის ერთ წლამდე.
რაში სჭირდება თქვენ შვილს მუცელზე წოლა?
- კისრის, ზურგისა და მხრების კუნთების გასავითარებლად;
• განვითარების ეტაპების დასაძლევად;
• ადრეულ ასაკში მოტორული პრობლემების თავიდან ასაცილებლად.
რამდენად ხშირად უნდა დავაწვინოთ ბავშვი მუცელზე?
დაახლოებით 3 თვის ასაკისთვის ბავშვი მუცელზე უნდა იწვეს მინიმუმ 1 საათი მაინც. მუცელზე დროის გახანგრძლივება ნელ-ნელა გაზარდეთ. მაგალითად, ახალშობილებს შეუძლიათ მხოლოდ 1-2 წუთით იწვნენ მუცელზე. დროთა განმავლობაში შეგიძლიათ ეს დრო გაახანგრძლივოთ.
როდის უნდა შეწყვიტოთ ვარჯიში მუცელზე წოლაში?
მას შემდეგ, რაც ბავშვი დაიწყებს ცოცვას, დაახლოებით 7-9 თვის ასაკში, ის მუცელზე წოლის შედეგად მიღებულ სარგებელს გადაადგილებასა და მოძრაობაში იპოვნის. შესაბამისად, მუცელზე წოლა ისეთი მნიშვნელოვანი აღარ იქნება, როგორც პირველ თვეებში. თუმცა, თამაშის დროს მუცელზე წოლის პოზის როლი ისევ მნიშვნელოვნად რჩება.
გახსოვდეთ, ბავშვს უნდა ეძინოს ზურგზე დაწოლილს, მუცელზე წოლის დროს კი უნდა ითამაშოს და გაერთოს!
ამერიკის პედიატრთა ასოციაციის (AAP) რეკომენდაციების მიხედვით, ბავშვს ყოველთვის უნდა ეძინოს ზურგზე დაწოლილს. არასოდეს დააძინოთ მუცელზე წოლის პოზაში! მღვიძარე მდგომარეობაში მუცელზე წოლა კი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის!
თუ ბავშვს ჩაეძინა მუცელზე წოლისას, არ დატოვოთ ასე, ფრთხილად გადმოაბრუნეთ, რომ მშვიდად გააგრძელოს ძილი ზურგზე დაწოლილმა.
როგორ ვითარდება მოტორული, სენსორული და მხედველობითი უნარები მუცელზე წოლისას?
მუცელზე წოლა აძლიერებს ბავშვის კისრის, ზურგისა და სხვა იმ ძირითად კუნთებს, რაც შემდეგ ეტაპზე დაეხმარება გადაბრუნებაში, ცოცვაში, ჯდომასა და სიარულში. ამავე დროს ის სწავლობს საკუთარი მოძრაობის აღქმას.
ხელებზე, ლოყებსა და მკლავებზე სხვადასხვა ზედაპირთან შეხება მას ეხმარება შეხების შეგრძნებების განვითარებაში.
მუცელზე წოლის დროს ვითარდება თვალ-ხელის კოორდინაცია. ხელებზე დაკვირვებით ბავშვი ხედავს როგორ მოძრაობს და რისი გაკეთება შეუძლია მას.
რჩევები მუცელზე წოლის დროის შესარჩევად:
- 30-45 გრადუსით გადაწექით იატაკზე ან საწოლზე და მიეყრდენით ვერტიკალურ ზედაპირს (კედელს ან საწოლის თავს). დაიწვინეთ ბავშვი მუცლით თქვენ მკერდზე ისე, რომ ბავშვი თქვენ სახეს კარგად ხედავდეს. დარწმუნდით, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული გაქვთ. მოთავსდით მყარად, რომ ბავშვიც კომფორტულად იწვეს თქვენს სხეულზე. გაუღიმეთ და ესაუბრეთ თბილი და მოსიყვარულე ტონით.
- ნელა ატარეთ ბავშვი მკლავებით ისე, რომ მუცელი ჰქონდეს დაბლა. უმღერეთ და იცეკვეთ ნელ ტემპში.
- დაიწვინეთ ბავშვი მუცლით მუხლებზე. ერთი მუხლი ოდნავ მაღლა ასწიეთ და გააჩერეთ. წელზე ხელით დაუფიქსირეთ პოზა.
- წინასწარ მოამზადეთ რაიმე მყარი ზედაპირი (ხის ან ფიცრის დამუშავებული ნაჭერი, უჯრის ძირი ან სხვა მსგავსი), რომელზეც ბავშვი სრულად დაეტევა. ამ ზედაპირს ცალ მხარეს შეუდეთ რაიმე ნივთი, რითაც უზრუნველყოფთ არაუმეტეს 30-45 გრადუსიან კუთხეს ამ ზედაპირსა და მაგიდას შორის. დააფინეთ საფენი ამ ზედაპირზე და დააწვინეთ ბავშვი მუცელზე ისე, რომ თავი ჰქონდეს აწეული ზედაპირისკენ. დაუჯექით პირისპირ, სკამზე. დაამყარეთ მზერითი კონტაქტი, გამოიყენეთ სათამაშოები, აჩვენეთ სათამაშო ხან ერთ, ხან მეორე მხარეს.
- ყოველ ჯერზე, საფენის შეცვლის შემდეგ, დააწვინეთ ბავშვი მუცელზე 1 ან 2 წუთით. ამოუდეთ მკერდის ქვეშ მუთაქად დახვეული საფენი მყარი პოზიციისთვის. „მუთაქის“ სისქე არ უნდა აჭარბებდეს ბავშვის მხრის განივ ზომას. დაუწყვეთ წინ, მის მხედველობის არეში სათამაშოები.