SOS: მეხსიერების დაქვეითება, სკანირებული კითხვა, ინტერნეტი და ტვინის დეგრადაცია
ECONET
რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს პრობლემა მხოლოდ იმათ კი არ აწუხებთ, ვისაც ეს „ასაკით ეკუთვნის“, ანუ ხანშიშესულებს, არამედ საშუალო და საშუალოზე ახალგაზრდა წლოვანების ადამიანებსაც.
სიცოცხლის გახანგრძლივების ინსტიტუტის დირექტორი ანდრეი სტაცკევიჩი
შეამჩნევდით, რომ ამ ბოლო დროს სულ უფრო მეტი ჩვენგანი უჩივის ტვინის მუშაობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ადამიანები ამბობენ, რომ ყურადღება ეფანტებათ, უჭირთ კონცენტრირება, აზრებისთვის თავის მოყრა და გადაწყვეტილების მიღება, ინფორმაციის დამახსოვრება, წიგნს ვინ დაეძებს, უბრალოდ დიდი ტექსტის წაკითხვაც კი… და ითხოვენ რამე ისეთს, რაც ტვინის მუშაობასა და მახსოვრობას გაუუმჯობესებთ.
რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს პრობლემა მხოლოდ იმათ კი არ აწუხებთ, ვისაც ეს „ასაკით ეკუთვნის“, ანუ ხანშიშესულებს, არამედ საშუალო და საშუალოზე ახალგაზრდა წლოვანების ადამიანებსაც. ამასთან, ბევრი საერთოდაც არ ინტერესდება, რატომ ხდება ასე და ყველაფერს ავტომატურად მიაწერს სტრესს, გადაღლილობას, არაჯანსაღ ეკოლოგიას, ასაკს… მაგრამ ჩემს პაციენტებს შორის რომ არიან 70 წელს გადაცილებული ადამიანები, რომლებსაც საერთოდაც არ აწუხებთ ეს პრობლემები? მაშ, რა არის რეალური მიზეზი?
მიზეზი კი ისაა, რომ, მიუხედავად ათასგვარი არგუმენტისა, არავის, კატეგორიულად არავის სურს გაეთიშოს ოცდაოთხსაათიან საინფორმაციო „ჩართულობას“. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენი ტვინის ფუნქციის დაჩქარებული დაქვეითება იმ „ღირსშესანიშნავ“ დღეს დაიწყო, როცა „მუდმივ კავშირზე“ ყოფნა გადაწყვიტეთ. და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რის გამო გადადგით ეს ნაბიჯი — სამსახურებრივი აუცილებლობის, უსაქმურობის, ჩამორჩენილობისა თუ დაცინვის შიშის გამო.
უკვე 2008 წელს იყო ცნობილი, რომ საშუალო სტატისტიკური ინტერნეტმკითხველი ტექსტის 20%-ზე მეტს არ კითხულობს, დიდ აბზაცებს ხომ საერთოდაც თავს არიდებს. უფრო მეტიც, სპეციალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ „მუდმივ კავშირზე“ მყოფი ადამიანი ტექსტს კი არ კითხულობს, არამედ რობოტივით ასკანერებს — მონაკვეთიდან მონაკვეთზე გადახტომით ნაწყვეტ–ნაწყვეტ ინფორმაციას კრებს და მის ავკარგიანობას იმის მიხედვით აფასებს, რამდენად ღირს მისი სხვებისთვის საჯაროდ გაზიარება. თუმცა გაზიარება არა სამსჯელოდ, არამედ მხოლოდ ემოციის გამოსაწვევად, რომელსაც თან ანიმაცია და მოკლე ამოძახილ–რეპლიკაც ახლავს თან.
კვლევებისას დადგინდა, რომ ინტერნეტმკითხველი ტექსტს ლათინური F-ის თარგზე ავლებს თვალს. ანუ, ჯერ ორიოდე პირველ სტრიქონს კითხულობს, თანაც, ხანდახან ბოლომდეც კი, მერე შუა ნაწილზე ხტება, საიდანაც ასევე რამდენიმე სტრიქონს კითხულობს — ამჯერად უკვე, როგორც წესი, ნახევრად, ბოლოს კი სწრაფად გადადის დასასრულზე, რათა ნახოს, „მაინც რით დამთავრდა საქმე“.
ინფორმაციის აღქმის პრობლემას ყველა რანგისა და სპეციალობის ადამიანი უჩივის — დაწყებული მაღალკვალიფიცირებული პროფესორებით, დასრულებული სარეცხი მანქანების ხელოსნებით.
საზოგადების უმრავლესობას დიდი ტექსტების წაკითხვა უჭირს, აღარაფერს ვამბობთ წიგნებზე. ადამიანებს სამ–ოთხ აბზაცზე დიდი ბლოგ–პოსტებიც კი რთულად აღსაქმელად, მოსაბეზრებლად და უინტერესოდ ეჩვენებათ. ამიტომ არც კი ცდილობენ, რომ შინაარსს ჩასწვდნენ.
ის ადამიანებიც კი, რომლებსაც კითხვის უნარი ზედმეტად კარგად აქვთ განვითარებული (წარსულში), ამბობენ, რომ მთელი დღე ინტერნეტში ხეტიალის შემდეგ არაფრით აღარ შეუძლიათ ძალიან, ძალიან საინტერესო წიგნის ერთი გვერდის წაკითხვაც კი, ვინაიდან ეს მათთვის უკვე წამებაა.
წამება კი იმიტომაა რომ:
- ვერ ვწყვეტთ ტექსტის სკანირებულად კითხვასა და მასში საკვანძო სიტყვების ძებნას;
- ვეღარ აღვიქვამთ რთულ სინტაქსს, რაც კლასიკურ თუ სამეცნიერო ლიტერატურას ახასიათებს.
სწორედ ამიტომ ერთი წინადადების რამდენჯერმე გადაკითხვა გვიწევს, რაც გამაღიზიანებელია.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ინტერნეტში მუდმივი ჩართულობის გამო მკვეთრად უარესდება ერთხელ უკვე წაკითხულთან დაბრუნებისა და მისი ხელახლა გააზრების, ახლებურად გაანალიზების უნარი, ჩლუნგდება წარმოსახვის უნარი.